ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელ სიაში რეკორდული რაოდენობის მილიარდერები მოხვდნენ, რომელთა ქონება ომის, მუდმივი ინფლაციისა და პოლიტიკური არეულობის ფონზეც კი ზრდას განაგრძობს.
გამოცემის წლევანდელ რეიტინგში 2,781 მილიარდერია – 141-ით მეტი გასულ წელთან და 26 მილიარდერით მეტი 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდთან შედარებით. ამავდროულად კი, სიის წევრები ახლა იმაზე მდიდრებიც არიან, ვიდრე ოდესმე. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით $2 ტრილიონითაა გაზრდილი, $14.2 ტრილიონს აღწევს და $1.1 ტრილიონით აღემატება 2021 წლის პიკსაც.
გასულ წელთან შედარებით გაზრდილია რეიტინგის წევრთა ორი მესამედის ქონება. მათგან, უკანასკნელ ერთ წელიწადში, მხოლოდ ერთი მესამედის სიმდიდრე შემცირდა. სიის უმდიდრესი 20 ადამიანის ქონება კი, 2023 წელთან შედარებით, $700 მილიარდით მეტია.
მილიარდერთა უდიდესი ნაწილი თავს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყრის. აშშ-ში სულ 813 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა კოლექტიური ქონება $5.7 ტრილიონს უდრის. მეორე ადგილზეა ჩინეთი (მოიცავს ჰონგ-კონგსაც) 473 მილიარდერით და კოლექტიური $1.7 ტრილიონით და მესამეზე ინდოეთი, მისთვის რეკორდული 200 მილიარდერით. ჩინეთში მილიარდერთა რიგებს ერთი წლის განმავლობაში 89 პირი გამოაკლდა, თუმცა ქვეყანამ რეიტინგში მოწინავე პოზიციის შენარჩუნება მაინც მოახერხა.
Forbes-ის მილიარდერთა უახლეს რეიტინგში ლიდერი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნოა – $233 მილიარდის ქონებით. 75 წლის მილიარდერი LVMH-ის თავმჯდომარეა – კონგლომერატის, რომელიც 75 მოდის ბრენდს, მათ შორის Louis Vuitton-სა და Sephora-ს აერთიანებს. არნო ერთადერთია რეიტინგში, რომლის ქონებაც $200-მილიარდიან ნიშნულს სცდება.
რეიტინგის პირველი სამეული, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა. ბოლო მონაცემებით, Forbes-ის სიის მეორე ადგილზე ილონ მასკია, რომელსაც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოჰყვება, მხოლოდ $1-მილიარდიანი განსხვავებით. მასკი ამჟამად $195 მილიარდს, ხოლო ბეზოსი – $194 მილიარდს ფლობს.
რეიტინგში მასკის ჩამოქვეითების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მილიარდერის სიმდიდრის მთავარი მამოძრავებლის, Tesla-ს აქციების ფასების ვარდნაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების კომპანიამ S&P 500 index-ში ყველაზე ცუდი შედეგები დააფიქსირა, აქციათა ფასი კი, მხოლოდ მარტის თვეში, 13%-ით შემცირდა.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ-10:
- ბერნარ არნო – $233 მილიარდი | LVMH
- ილონ მასკი – $195 მილიარდი | Tesla
- ჯეფ ბეზოსი – $194 მილიარდი | Amazon
- მარკ ცუკერბერგი – $177 მილიარდი | Meta
- ლარი ელისონი – $141 მილიარდი | Oracle
- უორენ ბაფეტი – $133 მილიარდი | Berkshire Hathaway
- ბილ გეიტსი – $128 მილიარდი | Microsoft
- სტივ ბალმერი – $121 მილიარდი | Microsoft
- მუკეშ ამბანი – $116 მილიარდი | Reliance Industries
- ლარი პეიჯი – $114 მილიარდი | Google