ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 141-ით არის გაზრდილი. 2024 წლის მონაცემი ასევე 26-ით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა.
გარდა ამისა, მილიარდერები წელს უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე. მათი ერთობლივი ქონება, როგორც აღვნიშნეთ, $14.2 ტრილიონს აღწევს, რაც $2 ტრილიონით მეტია 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდს $1.1 ტრილიონით აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ქალების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება კაცებისას. 2781 მილიარდერიდან ისინი მხოლოდ 369-ს შეადგენენ, დაახლოებით 13.3%-ს. გასული წელს ეს მაჩვენებელი 12.8%-ზე იყო. 2024 წლის რეიტინგში შემავალი ქალების კოლექტიური ქონება თითქმის 1.8 ტრილიონი აშშ დოლარი, რაც 2023 წელთან შედარებით 240 მილიარდი აშშ დოლარით მეტია.
ზედიზედ მეოთხე წელია, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის სტატუსს არავის უთმობს L’Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი. Forbes-ის დათვლებით, გასული 12 თვის განმავლობაში მისი ქონება 19 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 99.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ეს ყველაზე დიდი მოგებაა 2024 წლის სიაში შემავალ ქალებს შორის. თუმცა L’Oréal-ის მემკვიდრეს სულ ცოტა აკლია, რომ გახდეს პირველი ქალი, რომელმაც ქონებით $100-მილიარდიანი ნიშნული გადალახა.
რეიტინგში მეორე ადგილს Walmart-ის მემკვიდრე, ელის უოლტონი იკავებს. ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში Forbes-ის სიის სათავეში ერთმანეთს სწორედ ის და ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი ენაცვლებოდნენ. ელის უოლტონის ქონება 72.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს 10 უმდიდრესი ქალიდან ცხრამ ქონება მემკვიდრეობით მიიღო მამებისგან, ქმრებისგან და, ერთ შემთხვევაში, დედისგან. გარდა ამისა, მაქკენზი სკოტი ერთადერთია ტოპ-ათეულში, რომელმაც ქონება განქორწინების გზით მოიპოვა. Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი ამჟამად 35.6 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს, რაც შარშანდელთან შედარებით $11.2 მილიარდით მეტია.
Forbes-ის სიაში უმდიდრეს თვითშემდგარ ქალად წელსაც რაფაელა აპონტე-დიამანტი რჩება. მისი ქონება 33.1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. აპონტე-დიამანტიმ სიმდიდრე გადაზიდვების ბიზნესით დააგროვა.
მსოფლიოს უმდიდრესი ქალების 2024 წლის რეიტინგი:
1. ფრანსუაზ ბეტანკურ-მეიერსი– $99.5 მლრდ | L’Oréal
2. ელის უოლტონი – $72.3 მლრდ | Walmart
3. ჯულია კოხი – $64.3 მლრდ | Koch Industries
4. ჟაკლინ მარსი – $38.5 მლრდ | Mars
5. მაქკენზი სკოტი – $35.6 მლრდ | Amazon
6. სავიტრი ჯინდალი – $33.5 მლრდ | Jindal Group
7. რაფაელა აპონტე-დიამანტი – $33.1 მლრდ | MSC
8. მირიამ ადელსონი – $32 მლრდ | Las Vegas Sands
9. ჯინა რაინჰარტი – $30.8 მლრდ | Hancock
10. აბიგაილ ჯონსონი – $29 მლრდ |Fidelity Investments