მას მერე, რაც მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, თითოეული ქვეყნის ჯანდაცვის საჯარო და კერძო სისტემები დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ. გარდა პანდემიით გამოწვეული უშუალო დატვირთვისა, საავადმყოფოები მსოფლიო მოსახლეობის ყურადღების ცენტრში მოექცნენ: ადამიანები საავადმყოფოებში არსებული მენეჯმენტის, პაციენტების მოვლისა და ყოველმხრივი მზადყოფნის ხარისხს კრიტიკული თვალით აკვირდებიან.
ამ ტენდენციას არც Forbes-ის ესპანურენოვანი გამოცემა ჩამორჩა, რომელმაც Newsweek-ის, Webometric-ის და სხვათა მიერ შედგენილ ავტორიტეტულ ინდექსებზე დაყრდნობით და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების, ბერლინის პრინციპების დაცვის ხარისხისა და აკადემიურ კვლევებში ჩართულობის ხარისხის გათვალისწინებით, მსოფლიოს ოცი საუკეთესო საავადმყოფოს რეიტინგი შეადგინა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
Mayo Clinic
როჩესტერი, მინესოტა, აშშ
Mayo Clinic-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სამეცნიერო ნაშრომებში ყველაზე ხშირად მოხსენიებული მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტს შეხვდებით, მათ შორის მათაც, ვინც ყველაზე უჩვეულო და იშვიათ დაავადებებს მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური დანადგარების დახმარებით უმკლავდება.
ცნობისთვის, კლინიკამ, რომელიც 63 ათასს ადამიანს ასაქმებს, 2020 წელს $13.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
The Johns Hopkins Hospital
ბალტიმორი, მერილენდი, აშშ
გარდა ადგილობრივი პაციენტებისა, The Johns Hopkins Hospital-ის ასზე მეტ მიმართულებაში დახელოვნებული ათასობით სპეციალისტი 35-ზე მეტი ქვეყნიდან შემოსულ საერთაშორისო პაციენტებსაც ემსახურება. ეს საუნივერსიტეტო კლინიკა უნივერსიტეტის სამედიცინო კამპუსზე არსებული სამოცი შენობიდან ოცს იკავებს.
ცნობისთვის, საავადმყოფო, რომელიც ფილანთროპმა ჯონს ჰოპკინსმა 1889 წელს დააფუძნა, 2019 წლიდან მოყოლებული, ახალი კორონავირუსის პანდემიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა: სწორედ მას ეკუთვნის კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების აღრიცხვის პორტალი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეყრდნობიან.
Singapore General Hospital
სინგაპური
სინგაპურში მდებარე ეს საავადმყოფო ერთგვარი სამედიცინო ცენტრია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის. ეს საავადმყოფო, ტექნოლოგიურად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია – ყოველწლიურად რობოტები აქ მსოფლიოში ყველაზე მეტ ქირურგიულ ჩარევას ატარებენ. თუმცა, გარდა სამედიცინო ჩარევისა, რობოტები პაციენტებს უვლიან და ადმინისტრაციულ საქმეებსაც აწარმოებენ.
Karolinska University Hospital
სტოკჰოლმი, შვედეთი
სტოკჰოლმში მდებარე ეს საავადმყოფო, უმეტესწილად, ბიოსამედიცინო კვლევებსა და ზოგადად სამეცნიერო საქმიანობაზე არის ორიენტირებული, რაც სულაც არ არის მოულოდნელი: საქმე ისაა, რომ ეს საავადმყოფო მჭიდროდ თანამშრომლობს Karolinska Institute-თან, რომელიც ყოველწლიურად ფიზიოლოგიისა ან მედიცინის დარგში ნობელის პრემიას გასცემს.
Cleveland Clinic
კლივლენდი, ოჰაიო, აშშ
კლივლენდის ეს მრავალპროფილური საავადმყოფო განთქმულია როგორც სამედიცინო, ასევე აკადემიური საქმიანობით, თუმცა ბოლო დროს ის პედიატრიის ერთგვარ მსოფლიო ცენტრად იქცა. ბოლო წლებში ამ კლინიკაში ჩვილ ბავშვთა არაერთი კარდიოლოგიური პროცედურა დაინერგა, რომლებიც მოგვიანებით მსოფლიოს სხვა კლინიკებმაც დანერგეს.
ცნობისთვის, Cleveland Clinic-ი პირველი ამერიკული საავადმყოფო იყო, რომელშიც კორონარული არტერიის შუნტირებისა და სახის გადანერგვის ოპერაციები ჩატარდა.
Toronto General Hospital
ტორონტო, კანადა
ტორონტოში მდებარე ეს საავადმყოფო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა ორგანოთა გადანერგვის კუთხით – ყოველწლიურად იქ 700-ზე მეტი გადანერგვა სრულდება.
Lausanne University Hospital
ლოზანა, შვეიცარია
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე ეს საავადმყოფო მსოფლიო ლიდერია ფსიქიატრიული და ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობის და ამ თემებზე შესრულებული აკადემიური ნაშრომების კუთხით.
Md Anderson Cancer Center
ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
ჰიუსტონში მდებარე ეს საავადმყოფო ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ონკოლოგიური ცენტრია, რომელიც სპეციალიზებულია როგორც სიმსივნური უჯრედების სკრინინგში, ასევე მათთან ბრძოლაში. ცნობისთვის, სწორედ ამ საავადმყოფოში დაინერგა ფილტვის სიმსივნესთან ბრძოლის პროტონული თერაპია.
Pitié-Salpêtrière University Hospital
პარიზი, საფრანგეთი
პარიზში მდებარე ეს საჯარო საუნივერსიტეტო კლინიკა ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დაარსდა. ამ საავადმყოფოს ორი წამყვანი მიმართულება გამოარჩევს: ის ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, როგორც აივ-ინფექციის აღმოჩენისა და მასთან ბრძოლის კუთხით, ასევე ნევროლოგიური და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობით. ცნობისთვის, წლების მანძილზე პარიზის ამ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ზიგმუნდ ფროიდი და ჟან მარტენ შარკო მუშაობდნენ.
Heidelberg University Hospital
ჰაიდელბერგი, გერმანია
ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო საავადმყოფო გერმანიის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა, რასაც, ნაწილობრივ, იქ დასაქმებული ექიმების მიმართ წაყენებული მოთხოვნა განაპირობებს – გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, იქ დასაქმებული ექიმები აქტიურ კვლევით საქმიანობასაც ეწევიან. ცნობისთვის, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ყოველწლიურად 700 ათასზე მეტ პაციენტს მკურნალობენ.
Mount Sinai Hospital
ტორონტო, კანადა
ტორონტოში მდებარე ეს საავადმყოფო განთქმულია სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების მართვის ეფექტიანობით: მწვავე პაციენტის შემოსვლის მომენტიდან, მის მკურნალობაში სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო პერსონალი ერთვება, რომლებიც არსებულ პრობლემას კომპლექსურად უდგებიან, რითაც შესაძლებელი ხდება ყველა მიმდინარე მწვავე შემთხვევის კონტროლი რეალურ დროში.
Jiménez Diaz Foundation University Hospital
მადრიდი, ესპანეთი
ხიმენეს დიასის სახელობის ფონდის საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომელიც მადრიდში მდებარეობს, სტუმარმასპინძლობის კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაა მსოფლიოში. წლების მანძილზე ის პაციენტების კმაყოფილების სხვადასხვა გამოკითხვაში ლიდერობს და თან, მოპოვებული აქვს მენეჯმენტის პრესტიჟული ჯილდო – EFQM 5 Star 650+.
Royal Berkshire Hospital
რიდინგი, გაერთიანებული სამეფო
ხიმენეს დიასის სახელობის საავადმყოფოს მსგავსად, რიდინგში მდებარე ეს ისტორიული საავადმყოფო პაციენტების მიმართ ეფექტიანი მოპყრობით გამოირჩევა. ამ საავადმყოფოს გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი გამორჩეული სამშობიარო აქვს: გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად იქ 6000-ზე მეტი ბავშვი იბადება, ხშირად ის სამეფო ოჯახის წევრებსაც უწევს სამედიცინო მომსახურებას. ცნობისთვის, 1982 წელს, Royal Berkshire-ის სამშობიაროში გაჩნდა ბრიტანული სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრის, პრინც უილიამის მეუღლე, ჰერცოგინია კეიტ მიდლტონი.
Curie Institute
პარიზი, საფრანგეთი
პარიზში მდებარე ეს საავადმყოფო ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულებაა, რომელშიც, გარდა პრაქტიკული მედიცინისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეცნიერო კვლევას – კლინიკა სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ რადიოთერაპიის გამოყენების კვლევის სადავეებთან იმყოფება. ცნობისთვის, ეს საავადმყოფო ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი მეცნიერისა და რადიაციის კვლევის პიონერის, მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობისაა.
Oslo University Hospital
ოსლო, ნორვეგია
ოსლოს საუნივერსიტეტო საავადმყოფო ძვლის ტვინის სიმსივნესთან ბრძოლითაა განთქმული – ამ ტიპის სიმსივნის მკურნალობის ამ საავადმყოფოში შექმნილ მეთოდებს მსოფლიო მასშტაბით წარმატებით იყენებენ. ცნობისთვის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობით, ოსლოს საუნივერსიტეტო კლინიკა პირველია არა მხოლოდ ნორვეგიაში, არამედ ევროპაშიც – იქ 24 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
Asan Medical Center
სეული, სამხრეთი კორეა
სეულში მდებარე ეს საავადმყოფო, რომელიც სამხრეთ კორეის ერთგვარი სამედიცინო ცენტრია, განთქმულია როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან ბრძოლის გზებით, ასევე მისი პედიატრიული და ქირურგიული მიმართულებით. ის მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა როგორც ბარიატრიული, ასევე ორთოპედიული ქირურგიის კუთხით.
Albert Einstein Israelite Hospital
სან-პაულუ, ბრაზილია
ბრაზილიის უმსხვილეს ქალაქში მდებარე ეს საავადმყოფო სამხრეთ ამერიკის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა როგორც კარდიოლოგიის, ასევე ნევროლოგიისა და ქირურგიის მიმართულებებით. ცნობისთვის, 1999 წელს, ალბერტ აინშტაინის სახელობის ებრაული საავადმყოფო პირველი საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელსაც აშშ-ის ერთობლივი საერთაშორისო კომისიის აკრედიტაცია მიიღო.
Luke’s International Hospital
ტოკიო, იაპონია
იაპონიაში მდებარე ეს საავადმყოფო განთქმულია როგორც ონკოლოგიური, ასევე დისტანციური მედიცინის მიმართულებებით – ყოველწლიურად ტოკიოს წმინდა ლუკას სახელობის საერთაშორისო საავადმყოფოს სპეციალისტები ყველაზე მეტ დისტანციურ კონსულტაციას უტარებენ როგორც სხვა საავადმყოფოებს, ასევე – ექიმებს. ცნობისთვის, წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფო ამერიკელმა მისიონერებმა ჯერ კიდევ 1902 წელს დააარსეს.
University College London Hospital
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
ლონდონში მდებარე ეს საავადმყოფო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო-სამედიცინო დაწესებულებაა, რომელშიც ყოველწლიურად, აკადემიური კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, ათასობით ექიმი სტუმრობს. ცნობისთვის, ეს საავადმყოფო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, UCL-ის ბაზაზე შეიქმნა.
The Royal Children’s Hospital
მელბურნი, ავსტრალია
მელბურნში მდებარე ეს საავადმყოფო მსოფლიოს წამყვანი საბავშვო-სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სპეციალიზებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგსა და მკურნალობაში.
დატოვე კომენტარი