Forbes-ი აქვეყნებს ამერიკული კომპანია CG/LA Infrastructure-ის, ნორმან ანდერსონის სტატიას, რომელიც მრავალპოლუსიან მსოფლიოში ინფრასტრუქტურის როლს შეეხება.
როგორც ნორმან ანდერსონი წერს, სხვადასხვა შეფასებით, გლობალური ინფრასტრუქტურული ბაზრის მოცულობა $3 ტრილიონს შეადგენს და სწორედ ეს ინფრასტრუქტურა არის საფუძველი, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკა – კომუნიკაციები თუ ტვირთების მოძრაობა არის დამყარებული. ნორმან ანდერსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზარს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მისდამი აშშ-ის ინტერესი კლებულობს.
“აშშ საერთაშორისო ბაზრებს მხოლოდ და მხოლოდ კომერციული შესაძლებლობების პერსპექტივით განიხილავს. ჩინეთი საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებს საჯარო სივრცის ნაწილად განიხილავს შესაბამისად, მასში ინვესტირებაც სახელმწიფო სექტორის პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროპაში კი ამ ორ შეხედულებას შორის შუალედური პოზიციაა, რაზეც ევროპის არაერთ ქვეყანაში მსგავს პროექტებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის მაგალითები მეტყველებენ,”- წერს ანდერსონი.
“სამწუხაროა აშშ-ის მიერ ამ ბაზარზე პოზიციების დათმობა. როგორც ამერიკული კომპანიები, ასევე აშშ-ის საჯარო სექტორი ვერ ამჩნევს თუ რა არის ამ თამაშის მთავარი არსი. ეს არ არის ყიდვა/გაყიდვის ბაზარი, სადაც ერთი იგებს, მეორე კი აგებს. ეს არის ღრმად სტრატეგიული ბაზარი, რომელიც გამარჯვებულებს დომინანტურ გეოგრაფიულ პოზიციას აძლევს, რომლის შემოსავალიც საკმაოდ დიდი და გრძელვადიანია. ამ ფაქტს უკეთ ეს შეფასებაც წარმოაჩენს – დღესდღეობით, ამ ბაზრის ზომა $3 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, თუმცა ეს რიცხვი არის ბევრად უფრო დაბალი იმასთან შედარებით, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მას სინამდვილეში. დეტალური დაკვირვებები და შეფასებები ნათელს ხდის, რომ ამგვარი პროექტების შემოსავალი გრძელვადიან პერიოდში არის 7-10-ჯერ მეტი, ვიდრე მათი შექმნისთვის გაწეული თავდაპირველი ინვესტიცია,”- ნათქვამია სტატიაში.
როგორც ანდერსონი წერს, დღეს ყველაზე დიდ მნიშვნელობას გლობალურ ინფრასტრუქტურუაში ინვესტირებას ჩინეთი ანიჭებს, მისი “ერთი გზა ერთი სარტყელის” პროექტი კი მკვეთრად პოლიტიზირებულია. როგორც ნორმან ანდერსონი აღნიშნავს მართალია $1-ტრილიონიანი ინვესტიცია, რასაც ჩინეთის მთავრობა “ერთი სარტყელის” ხედვის ფარგლებში არსებული არაერთი პროექტის განხორციელებისთვის დებს, ქვეყნის სახელმწიფო ვალს ზრდის, თუმცა 2050 წლამდე ამ პროგრამიდან $7 ტრილიონიანი ეკონომიკური სარგებლის გენერირება შეეძლება.
ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიული ხედვის კიდევ ერთი მოდელი, რომლის შესახებაც ნრომან ანდერსონი წერს, შეეხება ახალ ციფრულ დერეფანს, რომელმაც საქართველოსა და ცენტრალურ აზიაზე უნდა გაიაროს. ანდერსონის თქმით, ამ პროექტის ძირითადი მიზანი რუსეთისგან დამოუკიდებელი კომუნიკაციების სისტემის შექმნაა, რაც ამ ქვეყნების ციფრული დამოუკიდებლობის განვითარებისთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.
“ციფრული აბრეშუმის გზის პროექტით ყაზახეთი ევროპას უნდა დაუკავშირდეს. ახალმა ოპტიკურ-ბოჭკოვანმა მაგისტრალმა კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი და საქართველო უნდა გადაკვეთოს, რის შემდეგაც კვლავ ზღვის ქვეშ გაგრძელდება და ევროპას დაუკავშირდება. პროექტის ფარგლებში ახალი დატა ცენტრები შეიქმნება როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანშო. რუსეთი, რომლის ციფრული ქსელისთვისაც ამ პროექტის შედეგად გვერდის ავლა ხდება, მას საკუთარი ციფრული გავლენების შენარჩუნებისთვის საფრთხედ აღიქვამს რის გამოც ის საქართველოზე ზეწოლას ახდენს, რათა თავიდან იქნას აცილებული საკაბელო ინფრასტრუქტურის მფლობელი ქართული კომპანიის ოპერატორის Neqsol Holding-ზე მიყიდა. თავად Neqsol-ი კი ამ დერეფნის პროექტის განმახორციელებელი აზერბაიჯანული კომპანიაა. უნდა ითქვას, რომ არავინ არ იღებს საკუთარ თავზე იმ საპასუხისმგებლო როლს, რომელსაც მსოფლიოში აშშ ასრულებდა, რაც საკუთრების უფლებების დაცვის და მხარდაჭერის როლს წარმოადგენს, რათა ხელი შეეწყოს ამ პროექტის განვითარებას, პროექტის, რომელსაც 1.8 მილიარდი აბონენტისთვის შეუძლია ინტერნეტის მიწოდება,”- წერს ნორმან ანდერსონი.
დატოვე კომენტარი