Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს

Forbes საქართველო 2023 წლის 30 წლამდელთა სიას 2 ივნისს წარადგენს

Forbes-ი პარტნიორებთან ერთად პროექტ 30 Under 30-ის სიის რჩეულ ახალგაზრდებს საქართველოში მეხუთედ გამოავლენს. 2023 წლის კოჰორტა საზოგადოებისთვის 2023 წლის 2 ივნისს გასაჯაროვდება.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს 30 Under 30-ზე 400-ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა. აპლიკაციების შეფასების შემდეგ, Forbes Georgia-ს სარედაქციო ჯგუფმა თითოეული კატეგორიისთვის  მოკლე სია  შეადგინა. საბოლოოდ კი, დამოუკიდებელი ჟიურის დახმარებით, Forbes-ის გლობალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თითოეულ კატეგორიაში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. 

რჩეულთა სიაში ახალგაზრდები თავიანთი მიღწევების, რეპუტაციის, ლიდერობის უნარებისა და საკუთარ დარგში წარმატების პოტენციალის საფუძველზე მოხვდნენ — 37 ახალგაზრდა ლიდერი შემდეგ 7 კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი:

  • ანტრეპრენიორები და მეწარმეები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • მეცნიერება
  • კულტურა და სტილი
  • მედია და მარკეტინგი
  • Forbes-ის რჩეული

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობის მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი კარგი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ის ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.“

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. ვფიქრობ, „ფორბსის“ 30-წლამდელთა პროექტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის მომავლისთვის, რადგან აერთიანებს იმ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებიც უდიდეს ზეგავლენას ახდენენ განვითარების პროცესებზე, შემოაქვთ სიახლეები და ემსახურებიან პროგრესს. ქვეყნის განვითარების პროცესები სწორედ მათ ხელშია და ეს ყველაფერი საბოლოოდ განაპირობებს მეტ ინვესტიციასა  და ეკონომიკურ ზრდას.“

ქრეიგ კრამერი,  „გალფი საქართველოს“ გენერალური დირექტორი.

„კონსიერჟ თბილისი უკვე მესამე წელია, Forbes Georgia-ს 30-წლამდელთა დაჯილდოების განმახორციელებელი პარტნიორია. წელს ერთობლივად პროექტი სულ სხვა საფეხურზე ავიყვანეთ, შედეგად 30 Under 30 მიიღო სრულყოფილი მედიაპლატფორმის  სახე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა და გაბედული ლიდერების წინა პლანზე წამოწევას. მათი პოპულარიზაცია ეფექტური ვიდეოფორმატებისა და სხვადასხვა არხის გამოყენებით მთელი წლის განმავლობაში ხდება. ჩვენი მიზანია, „ფორბსის“ 30-წლამდელთა  სია გახდეს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა.“

ლიზი ხაბაზაშვილი, „კონსიერჟ თბილისის“ დამფუძნებელი.

„Forbes-ის 30-წლამდელთა სია მიზნად ისახავს, გამოავლინოს ნიჭიერი და უნიკალური ხედვის მქონე ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ საქართველოში. ისინი წარმოგვიდგენენ მიღწევებისა და ძალისხმევის მრავალფეროვან დიაპაზონს, რაც მედეგობითა და წარმატებული საქმიანობით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხვადასხვა სფეროზე.

პროექტის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – მათ ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ურყევ ხედვას, ვაღიაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდა ლიდერები, ვინც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში. მათი მიღწევების აღიარებითა და მათ წარმატებაზე საუბრით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, შთავაგონოთ ახალგაზრდები და გავაძლიეროთ ინოვაციისა და მუდმივი განვითარების კულტურა.“

Forbes-ის სარედაქციო გუნდი

30-წლამდელთა 2023 წლის სიის წარდგენამდე აუდიტორიის წინაშე მუსიკალური პერფორმანსით წარდგებიან: საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, აღიარებული ჩელისტი და 30-წლამდელთა 2022 წლის სიის გამარჯვებული ლიზი რამიშვილი; ახალი თაობის არტისტი და DJ თემურიკო დიასამიძე, რომელიც ქმნის ორიგინალურ ტექსტსა და მუსიკას; ყველასათვის კარგად ცნობილი ახალგაზრდა ჯაზ-პიანისტი ლუკა თოფურია, რომელიც ასევე ქმნის საავტორო მუსიკას. ახალგაზრდა შემსრულებლები აუდიტორიას ახალ მუსიკალურ პროექტს „მზემ სიყვარულს ბგერა უსურვა“ წარუდგენენ.

2 ივნისსავე მსოფლიოში არაერთგზის აღიარებული ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკი Glenfiddich-ი და Forbes Georgia საზოგადოებას წარუდგენენ ახალ ციფრულ პლატფორმას,  „Where Next?“, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პირების გაერთიანება, მათი სამომავლო, დადებითი ცვლილებებისკენ მომართვა და ხვალინდელი დღის, დღეს შექმნით შთაგონება.

 

პროექტის მთავარი პარტნიორი – თიბისი

პროექტის პარტნიორი – „გალფი

პროექტის ორგანიზატორი – „კონსიერჟ თბილისი

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *