გასული კვირა მეცნიერების სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. განსაკუთრებით საყურადღებო კოსმოსის ათვისების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯებია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის, BepiColombo-ს ფარგლებში მერკურის შესასწავლად გაშვებულმა ხომალდმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია და პლანეტის ფოტოები გადაიღო. ამის გარდა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოფიციალურად დააანონსა, რომ 2028 წელს ჩვენს მზის სისტემაში მდებარე ე.წ. ასტეროიდთა სარტყლის შესასწავლად კოსმოსურ ზონდს გაუშვებს. მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ასტრონომიაში, ვინაიდან ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებმა, ისტორიაში პირველად, აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ერთდროულად სამი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს.
ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ნობელის პრემიის ლაურეატების დასახელების ცერემონია, რომელიც წელს 4-დან 11 ოქტომბრამდე იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სამ დარგში: ფიზიოლოგია-მედიცინაში, ფიზიკასა და ქიმიაში გაიცა.
ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ხომალდი მერკურის მიუახლოვდა და ფოტოები გადაუღო
ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისია BepiColombo-ს ფარგლებში მერკურის შესასწავლად გაშვებული ხომალდი პლანეტას მიუახლოვდა და ფოტოები გადაუღო. აღსანიშნავია, რომ აპარატი, რომელიც ორი ზონდისგან: Mercury Planetary Orbiter-ისა და Mercury Magnetospheric Orbiter-ისგან შედგება, ციურ სხეულთან ყველაზე ახლოს, 199 კილომეტრის მანძილზე მივიდა. ვინაიდან ამ დროს ხომალდი მერკურის ბნელ მხარეს მოექცა, მასზე დამონტაჟებულმა კამერებმა პლანეტის გამოსახულების ნათლად დაფიქსირება ვერ შეძლეს. როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები ირწმუნებიან, აპარატმა ციური სხეულისთვის მაღალი გარჩევადობის ფოტოების გადაღება მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც ამ უკანასკნელისგან დაახლოებით 1000 კილომეტრი აშორებდა.
BepiColombo-ს სახელწოდებით ცნობილი ხომალდის მიერ გადაღებულ, 1024 x 1024 პიქსელი გარჩევადობის შავ-თეთრ სურათებზე მერკურის ზედაპირზე არსებული კრატერები და სხვა წარმონაქმნებია აღბეჭდილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კადრები ხომალდის შემადგენელი ერთ-ერთი კოსმოსური ზონდის, Mercury Transfer Module-ის კამერებმა დააფიქსირა, რის გამოც ობიექტივში პლანეტის ფონზე აპარატზე დამონტაჟებული ანტენები, მაგნეტომეტრის ანძა და სხვა ხელსაწყოები მოხვდა.
ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ცნობით, BepiColombo მერკურის შემდეგ ჯერზე 2022 წლის 23 ივნისს მიუახლოვდება. მათივე ინფორმაციით, პლანეტასთან ხომალდის ჩაფრენისას ობიექტებს შორის უმოკლესი მანძილი დაახლოებით იგივე იქნება, რაც მასთან ზემოხსენებული სტუმრობისას. როგორც ცნობილია, აპარატი მერკურის 2023 წლის ივნისში, 2024 წლის სექტემბერსა და დეკემბერში, ასევე 2025 წლის იანვარშიც ეწვევა. ამის შემდეგ BepiColombo პლანეტის ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას, 2026 წლიდან კი ხომალდში შემავალი ორი კოსმოსური ზონდი: Mercury Planetary Orbiter-ი და Mercury Magnetospheric Orbiter-ი სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო მასალის მოპოვებას დამოუკიდებლად შეეცდება.
ევროპისა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტოებმა 2018 წლის 20 ოქტომბერს მისია BepiColombo-ს ფარგლებში მერკურის შესასწავლად ხომალდი რაკეტა Ariane 5-ით გაუშვეს. აპარატმა 2020 წლის 15 ოქტომბერს პლანეტა ვენერას მიაღწია და მის ფონზე ფოტოები გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ხომალდმა ამ ციური სხეულის გრავიტაცია მოძრაობის დასაჩქარებლად და სწორი მიმართულებით გადაადგილებისთვის გამოიყენა. სწორედ მისი დახმარებით მიუახლოვდა BepiColombo მერკურის.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ასტეროიდთა სარტყლის შესასწავლად მისიის განხორციელებას გეგმავს
მიმდინარე წლის 5 აგვისტოს არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ჩვენს მზის სისტემაში, მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის განლაგებულ ე.წ. ასტეროიდთა სარტყლის შესასწავლად მისიის განხორციელებას აპირებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართება, კოსმოსურ ხომალდს აღნიშნული რეგიონისკენ 2028 წელს გაუშვებენ.
წინასწარი ინფორმაციით, აპარატი ვენერასა და დედამიწას 2028-2029 წლებში შემოუვლის და მათ გრავიტაციას მოძრაობის დასაჩქარებლად, ასევე სწორი მიმართულებით გადაადგილებისთვის გამოიყენებს. გეგმის მიხედვით, კოსმოსურმა ზონდმა ასტეროიდთა სარტყელს 2030 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ხომალდი საერთო ჯამში ამ რეგიონში მოძრავ შვიდ ასტეროიდს შეისწავლის, ერთ-ერთი მათგანის ზედაპირზე კი 2033 წელს დაეშვება და მის გამოკვლევას შეეცდება. როგორც ცნობილია, პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს სააგენტო მომავალ წელს გაასაჯაროებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის აღნიშნული მისია საკმაოდ ამბიციურია, ვინაიდან ასტეროიდის ზედაპირზე აპარატის უსაფრთხოდ დასმა ამ დრომდე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) შეძლო. NASA-ს ხომალდი, რომელსაც NEAR Shoemaker-ის სახელით მოიხსენიებენ, დედამიწის მახლობლად მოძრავ ასტეროიდ ეროსზე 2001 წლის 12 თებერვალს დაეშვა, სააგენტოს კუთვნილი მეორე კოსმოსური ზონდი OSIRIS-Rex-ი კი ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაჯდა. რაც შეეხება აზიური სახელმწიფოს კოსმოსურ აპარატებს: Hayabusa1 ასტეროიდ იტოკავაზე 2005 წელს, ხოლო Hayabusa2 ასტეროიდ რიუგუზე 2019 წელს დაეშვა.
არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფომ კოსმოსის ათვისების მიმართულებით გასულ წელს პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. მან მარსისკენ ხომალდი Hope-ი გაუშვა, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნულების ადგილს უსაფრთხოდ მიაღწია. ამჟამად აპარატი წითელი პლანეტის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს, ციურ სხეულს ფოტოსურათებს უღებს და მისი ატმოსფეროს შესწავლას ცდილობს.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა, რომელიც ერთდროულად სამი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში მდებარე უნივერსიტეტებში მომუშავე ასტრონომებმა, სავარაუდოდ, სამი ვარსკვლავის გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტას მიაკვლიეს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მნათობების ირგვლივ ორბიტაზე არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ციური სხეული გადაადგილდებოდეს. მეცნიერები ამის შესახებ დეტალურად გამოცემა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
ასტრონომების განცხადებით, ეგზოპლანეტა GW Ori-ს სახელით ცნობილ ვარსკვლავურ სისტემაში მდებარეობს, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედშია განლაგებული და მას ჩვენგან 1,312 სინათლის წელი აშორებს. სპეციალისტების გამოთვლებით, აღნიშნულ სისტემაში არსებულ ორ მნათობს: GW Ori A-სა და GW Ori B-ს შორის მანძილი 1 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს. რაც შეეხება მესამე ვარსკვლავს, GW Ori C-ს, ის დანარჩენი მნათობებისგან დაახლოებით 8 ასტრონომიული ერთეულის დისტანციაზე მდებარეობს. მკვლევართა ვარაუდით, ვარსკვლავური სისტემა 1 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა.
მეცნიერებმა აღნიშნულ რეგიონში ეგზოპლანეტის არსებობის არაპირდაპირი მტკიცებულება GW Ori-ს ვარსკვლავური სისტემის შესწავლის დროს მოიპოვეს. მათ ამაში ატაკამის უდაბნოში განლაგებული ტელესკოპი ALMA დაეხმარათ. სპეციალისტებმა ვარსკვლავური სისტემის გარშემო არსებულ აირისა და მტვრის დისკზე დაკვირვებისას მასში გარკვეული ხარვეზები შენიშნეს. ასტრონომების აზრით, დისკის მთლიანობის რღვევა, შესაძლოა, იქ ერთი ან რამდენიმე ეგზოპლანეტის წარმოქმნას გამოეწვია.
იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერების ვარაუდი გამართლდება, GW Ori-ს ვარსკვლავურ სისტემაში არსებული ეგზოპლანეტა ასტრონომების მიერ აღმოჩენილი ერთადერთი მსგავსი ობიექტი იქნება, რომელიც სამი მნათობის გარშემო ერთდროულად მოძრაობს. სპეციალისტები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ რეგიონში ერთი ან რამდენიმე ასეთი ეგზოპლანეტის არსებობის პირდაპირ მტკიცებულებას მოიპოვებენ.
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2021 წლის ნობელის ლაურეატები დაასახელეს
შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2021 წლის ნობელის ლაურეატები გამოავლინა. მათ შორისაა ამერიკელი ფიზიოლოგი დევიდ ჯულიუსი და ამავე ქვეყანაში მოღვაწე, სომხური წარმოშობის მეცნიერი არდემ პატაპუტიანი, რომელიც მოლეკულური და ნეორობიოლოგიის სპეციალისტია.
ნობელის პრემიის ლაურეატები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამართულ ღონისძიებაზე ნობელის ასამბლეისა და კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, თომას პერლმანმა დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისთვის დაიმსახურეს.
როგორც ცნობილია, დევიდ ჯულიუსმა ნერვული რეცეპტორების გამოსავლენად, რომელთა მეშვეობითაც კანი სითბოზე რეაგირებს, წიწაკის შემადგენლობაში შემავალი და მისი სიცხარის განმსაზღვრელი ნივთიერება, კაპსაიცინი გამოიყენა. ეს უკანასკნელი კანთან ურთიერთქმედებისას წვის შეგრძნებას იწვევს. რაც შეეხება არდემ პატაპუტიანს, მან უჯრედებში წნევისადმი მგრძნობიარე რეცეპტორებს მიაკვლია, რომლებიც მექანიკურ გამღიზიანებელზე რეაგირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ მეცნიერებმა გასულ წელს ნეირობიოლოგიის დარგში კავლის პრემია მოიპოვეს. მათ ოქროს მედლები და ფულადი ჯილდოს სახით 1 მილიონი აშშ დოლარი გადაეცათ.
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 112-მა მეცნიერმა დაიმსახურა. გასულ წელს აღნიშნულ დარგში ნობელის პრემია მაიკლ ჰოითონმა, ჩარლზ რაისმა და ჰარვი ალტერმა მოიპოვეს. მათ ჯილდო C ჰეპატიტის ვირუსის იდენტიფიცირებისთვის გადაეცათ.
ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ: აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეტეოროლოგი და კლიმატოლოგი სიუკურო მანაბე, გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში მოღვაწე ოკეანოგრაფი კლაუს ჰასელმანი და იტალიის დედაქალაქ რომში განლაგებულ საპიენცის უნივერსიტეტში მომუშავე ჯორჯო პარიზი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს თეორიული ფიზიკის მიმართულებით ახორციელებს.
სიუკურო მანაბემ და კლაუს ჰასელმანმა ჯილდო დედამიწის კლიმატის ფიზიკური მოდელირებისთვის, მისი ცვლილების ტემპის გამოთვლისთვის, ასევე გლობალური დათბობის შესახებ სანდო პროგნოზების გაკეთებისთვის დაიმსახურეს. რაც შეეხება ჯორჯო პარიზის, მას ნობელის პრემიის ლაურეატის წოდება ფიზიკურ სისტემებში უწესრიგობასა და შემთხვევითობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების დადგენისთვის მიენიჭა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიღწევებისთვის მეცნიერებს ფულადი ჯილდოს სახით საერთო ჯამში 10 მილიონი შვედური კრონა გადაეცემათ, რაც ამ დროისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. თანხის ნახევარს სიუკურო მანაბე და კლაუს ჰასელმანი გაინაწილებენ, მეორე ნახევარს კი ჯორჯო პარიზი მიიღებს.
გასულ წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად ასევე სამი მეცნიერი – ანდრეა გეზი, რაინჰარდ გენცელი და როჯერ პენროუზი – დასახელდა. ამ უკანასკნელმა ჯილდო შავი ხვრელების ფორმირებასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას შორის გარკვეული კავშირის დადგენისთვის დაიმსახურა. რაც შეეხება ანდრეა გეზსა და რაინჰარდ გენცელს, მათ ნობელის პრემია ირმის ნახტომის გალაქტიკაში სუპერმასიური კომპაქტური ობიექტის აღმოჩენისთვის მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე 115-მა მეცნიერმა მიიღო.
ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის მოხვდნენ: გერმანიაში დაფუძნებულ მაქს პლანკის სახელობის კვლევით ინსტიტუტში მოღვაწე ბენიამინ ლისტი და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე დევიდ მაკმილანი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებს ჯილდო ასიმეტრიული ორგანოკატალიზის შემუშავებისთვის მიენიჭათ. შედეგად, ბენიამინ ლისტმა და დევიდ მაკმილანმა მოლეკულების ერთმანეთთან დაკავშირებისა და განლაგების ახალ მეთოდს მიაკვლიეს. ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალისტების მიღწევა არაერთ ფარმაცევტულ კვლევას დაედო საფუძვლად. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ახალი მედიკამენტების შექმნაც გახდა შესაძლებელი. როგორც ირკვევა, ბენიამინ ლისტი და დევიდ მაკმილანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაფუძნებულ მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტის პათოგენების მეცნიერული შესწავლისადმი მიძღვნილ კვლევით დაწესებულებაში მოღვაწე ემანუელ შარპანტიე და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბერკლიში განლაგებულ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე ჯენიფერ დუდნა გახდნენ. მეცნიერებს ჯილდო გენომის რედაქტირების მეთოდის შემუშავებისთვის გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა. ეს ჯილდო დღემდე ამ სფეროში მოღვაწე 113-მა მეცნიერმა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები სხვადასხვა დარგში 4-დან 11 ოქტომბრამდე დასახელდებიან.