გასული კვირა საზოგადოებას მეცნიერების სფეროში მომხდარი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო დაამახსოვრდება. მათ შორის აღსანიშნავია NASA-ს კოსმოსური ზონდის, Parker Solar Probe-ის მიერ მიღწეული წარმატება. ეს უკანასკნელი კაცობრიობის ისტორიაში პირველი აპარატი გახდა, რომელმაც მზის ატმოსფეროში, იმავე გვირგვინში გავლა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციამ დედამიწამდე სწორედ გასულ კვირას, მოვლენიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოაღწია. გარდა ამისა, საზოგადოების დიდი ინტერესი მიიპყრო მარსის კანიონთა უდიდეს სისტემაში Trace Gas Orbiter-ის დეტექტორის მიერ წყლის აღმოჩენამ, რომელიც, მეცნიერების ვარაუდით, პლანეტის ზედაპირის ქვეშ ყინულის ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი.
ბოლო დღეებში მომხდარი სიახლეებიდან გამოსარჩევია კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ბრაიან არმსტრონგის წამოწყება, რომელმაც ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით სტარტაპი NewLimit-ი დააარსა. აღნიშნული მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: იაპონელმა მეცნიერებმა ვაქცინა, რომელიც დაბერების პროცესში მონაწილე უჯრედებს ებრძვის, თაგვებზე წარმატებით გამოცადეს. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში დაგროვებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე მოგითხრობთ.
მეცნიერებმა მარსის „დიდ კანიონში“ წყალი აღმოაჩინეს
მარსის გარშემო მოძრავი კოსმოსური ზონდის Trace Gas Orbiter-ის (TGO) მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზის დროს მეცნიერებმა წითელ პლანეტაზე მდებარე, „მარინერის ხეობების“ სახელწოდებით ცნობილ კანიონთა უდიდეს სისტემაში წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ნაშრომი გამოცემა Icarus-ის 2022 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ ევროპისა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების მიერ მისია ExoMars-ის ფარგლებში მარსისკენ გაშვებული აპარატი ხელსაწყო Fine Resolution Epithermal Neutron Detector-ით, იმავე FREND-ით არის აღჭურვილი, რომელსაც წყალბადის დაფიქსირება შეუძლია. ეს უკანასკნელი წყლის შემადგენლობაში შემავალი ორიდან ერთ-ერთი ქიმიური ელემენტია.
მარსზე წყლის არსებობა აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა, თუმცა ამ დრომდე ის ძირითადად ციური სხეულის ცივ, პოლარულ რეგიონებში ყინულის სახით იყო აღმოჩენილი. კანიონთა სისტემა „მარინერის ხეობები“ წითელი პლანეტის ეკვატორის გასწვრივ მდებარეობს, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურაა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ტერიტორიაზე აპარატებმა, რომლებსაც მხოლოდ პლანეტის ზედაპირის გამოკვლევის შესაძლებლობა ჰქონდათ, წყალს ვერ მიაგნეს. რაც შეეხება Trace Gas Orbiter-ს, მისი დეტექტორი ნივთიერებებს დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე აკვირდება. პლანეტის ეკვატორთან ახლოს, ციური სხეულის ზედაპირის ქვეშ ყინულის ფორმით წყლის მარაგს მეცნიერებმა სწორედ მისი დახმარებით მიაკვლიეს.
ცნობისთვის, მარსის კანიონთა უდიდესი სისტემის სიგრძე 4,000 კილომეტრს აჭარბებს. მისი სიგანე დაახლოებით 200 კილომეტრია, სიღრმე კი 7 კილომეტრს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ESA-მ და „როსკოსმოსმა“ Trace Gas Orbiter-ი, რომელსაც ExoMars Orbiter-ის სახელწოდებითაც მოიხსენიებენ, მარსისკენ 2016 წლის 14 მარტს, რაკეტა Proton-M-ის დახმარებით ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაუშვეს. მისია ExoMars-ის ხანგრძლივობა შვიდ წელიწადს შეადგენს.
მკვლევრებმა დაბერების საწინააღმდეგო ვაქცინა თაგვებზე წარმატებით გამოცადეს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მდებარე იუნტენდოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული კვლევისას დაბერების საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა წარმატებით გამოცადეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკვლევართა მიერ გამოცემა Nature Aging-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.
იუნტენდოს უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ თაგვების ორგანიზმში უჯრედები, რომლებიც დაბერების პროცესს წარმართავდნენ, წარმატებით გაანადგურა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მსგავსი პრეპარატის დახმარებით მომავალში ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივებაც იქნება შესაძლებელი.
იაპონელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი წინარე კვლევებზე დაყრდნობით ჩაატარეს, რომელთა მეშვეობითაც დადგინდა, რომ დაბერების პროცესში მონაწილე უჯრედების მოშორებით ისეთი დაავადების განვითარების შეყოვნებაა შესაძლებელი, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად იჩენენ თავს. მათ აღნიშნული უჯრედების უნიკალური ცილის იდენტიფიცირების შემდეგ პეპტიდური ვაქცინა შექმნეს, რომელიც ორგანიზმს ამ უკანასკნელის წინააღმდეგ იმუნიტეტს უყალიბებს.
მკვლევრებმა ექსპერიმენტული პრეპარატი იმ თაგვებს გაუკეთეს, რომელთა არტერიები დაბერებასთან ერთად თანდათან სქელდებოდა, ისევე როგორც ადამიანების შემთხვევაში ხდება. ვაქცინამ აღნიშნული პროცესის განვითარებას ხელი შეუშალა და კვლევაში მონაწილე მღრღნელებს სიცოცხლე გაუხანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ იაპონელი სპეციალისტების მიღწევას სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე მეცნიერები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ვაქცინის უსაფრთხოების დასადასტურებლად ცხოველებზე უფრო მეტი ცდების ჩატარებაა საჭირო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მსგავსმა პრეპარატმა სასურველი შედეგი ადამიანების შემთხვევაში ნამდვილად გამოიღოს.
ისტორიაში პირველად, NASA-ს კოსმოსური ზონდი მზეს „შეეხო“
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ჩვენი მნათობის შესასწავლად გაშვებულმა Parker Solar Probe-ის სახელწოდებით ცნობილმა ხომალდმა მზის ატმოსფეროში, იმავე გვირგვინში გაიარა და შედეგად, კაცობრიობის ისტორიაში პირველი აპარატი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. როგორც ირკვევა, ამ დროს კოსმოსური ზონდი ვარსკვლავის მაგნიტურ ველებსა და ნაწილაკებს იკვლევდა.
NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, Parker Solar Probe-ი მზის ზედა ატმოსფეროში პირველად მიმდინარე წლის 28 აპრილს შევიდა, თუმცა ამ ინფორმაციის დედამიწამდე მოღწევას რამდენიმე თვე დასჭირდა. აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ იმ ნაწილაკებთან „შეხება“, საიდანაც მნათობი წარმოიქმნა, მეცნიერებს ჩვენს ვარსკვლავზე და მზის სისტემაზე მისი გავლენის შესახებ უფრო კონკრეტულ წარმოდგენას შეუქმნის.
Parker Solar Probe-ის სახელს არაერთი აღმოჩენა უკავშირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ კოსმოსურ ზონდს მზესთან სხვა აპარატებზე ახლოს მისვლა შეუძლია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Parker Solar Probe-მა მნათობთან ერთ-ერთი მიახლოებისას მზის ქარში ზიგზაგის ფორმის მაგნიტური სტრუქტურები აღმოაჩინა, თუმცა სპეციალისტებისთვის მისი წარმოშობის საიდუმლო ამ დრომდე უცნობი რჩება. რაც უფრო ამცირებს NASA-ს ხომალდი ვარსკვლავის არამყარ ზედაპირამდე მანძილს, მით უფრო უახლოვდებიან მეცნიერები ამ საიდუმლოს ამოხსნას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Parker Solar Probe-ი მზისკენ 2018 წლის 12 აგვისტოს, ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან რაკეტა Delta IV Heavy-ის დახმარებით გაუშვა. გეგმის მიხედვით, მისიის ხანგრძლივობა, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიარდი აშშ დოლარია, შვიდ წელიწადს შეადგენს.
Coinbase-ის დამფუძნებელმა ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით სტარტაპი დააარსა
კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბრაიან არმსტრონგმა ბიოინჟინერ ბლეიკ ბაიერსთან ერთად სტარტაპი სახელწოდებით NewLimit-ი დააარსა, რომელიც ეპიგენეტიკური რეპროგრამირების მიმართულებით იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის გამოყენებით ადამიანების დაბერების პროცესისთვის ხელის შეშლა და მათი სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
NewLimit-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ საწყის ეტაპზე კომპანიაში მომუშავე მეცნიერები დაბერების ეპიგენეტიკური ფაქტორების ღრმად შესწავლას დაიწყებენ. მიზანი ისეთი პროდუქტების შექმნაა, რომლებიც მათ პაციენტებში ქსოვილების რეგენერირების შესაძლებლობას მისცემთ. სპეციალისტები მანქანური სწავლების მოდელების შემუშავებას გეგმავენ, რომელთა დახმარებითაც ასაკის მატებასთან ერთად დაბერების გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ. საბოლოოდ კი ჩამოაყალიბებენ თერაპიას, რომელიც ამ პროცესს შეანელებს, შეაჩერებს ან შეაბრუნებს.
NewLimit-ის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიაში აცნობიერებენ, რომ მათი მიზანი საკმაოდ ამბიციურია და არ გამორიცხავენ, მცდელობა – „განკურნონ სიბერე“ უშედეგო აღმოჩნდეს ან შედეგის მისაღწევად ათწლეულები გახდეს საჭირო. სწორედ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, NewLimit-ში ფიქრობენ, რომ რაც უფრო სწრაფად დაიწყებენ ადამიანთა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად გზების ძიებას, მით მალე შეძლებენ ჩანაფიქრის განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიებით კიდევ ერთი მილიარდერი, ჯეფ ბეზოსია დაინტერესებული. ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ Amazon-ისა და Blue Origin-ის დამფუძნებელმა ბიოლოგიური რეპროგრამირების კომპანია Altos Labs-ში ინვესტიცია განახორციელა.
კვლევა: Novavax-ის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს შეადგენს
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Novavax-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს შეადგენს. მწარმოებელს ამის თქმის საფუძველს კლინიკური ტესტირების მესამე ფაზის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები აძლევს, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა New England Journal of Medicine-ში ახლახან გამოქვეყნდა.
კვლევაში მონაწილეობა თითქმის 30 ათასმა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო. ტესტირებები აშშ-ში მდებარე 113 და მექსიკაში განლაგებულ 6 სპეციალურ უბანზე ჩატარდა. ცდებში მონაწილე დაახლოებით 20 ათას ადამიანს სამი კვირის ინტერვალით Novavax-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ორი დოზა გაუკეთეს, დარჩენილ 10 ათასამდე ცდისპირს კი ორგანიზმში პლაცებო შეუყვანეს. მონაცემთა ანალიზის შედეგად ვაქცინამ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა ნებისმიერი სიმძიმის COVID-19-ის პრევენციის კუთხით.
ცდისპირების ნაწილში პრეპარატის მიღების შემდეგ მსუბუქი თანმდევი მოვლენები აღინიშნა. მათ შორის ინიექციის ადგილის, თავისა და კუნთების ტკივილი, ასევე დაღლილობა. როგორც ცნობილია, ეს უმნიშვნელო უკუჩვენებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ კვლევა 2021 წლის პირველ ნახევარში ჩატარდა, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის „ალფა“ შტამი იყო გავრცელებული. აქედან გამომდინარე ტესტირების დროს მიღებული შედეგები „დელტასა“ და „ომიკრონის“ ვარიანტებზე არ ვრცელდება. შესაბამისად, იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტიანია Novavax-ის ვაქცინა ზემოხსენებულ შტამებთან საბრძოლველად, ახალი კვლევებია საჭირო.
NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე კიდევ ერთი წარმატებული ფრენა შეასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა, რომელიც Ingenuity-ს სახელწოდებით არის ცნობილი, წითელ პლანეტაზე რიგით მე-17 ფრენა წარმატებით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე 15 დეკემბერს გამოქვეყნდა.
NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) მომუშავე სპეციალისტების განცხადებით, Ingenuity-მ აღნიშნული მისიის განმავლობაში ჰაერში 117 წამი დაყო. შედეგად, წითელ პლანეტაზე ვერტმფრენის მიერ შესრულებული ფრენების ხანგრძლივობამ საერთო ჯამში 30 წუთსა და 48 წამს მიაღწია. ამ პერიოდში აპარატმა მთლიანობაში 3,592 მეტრი მანძილი დაფარა. ასევე აღსანიშნავია, რომ გასული მისიების განმავლობაში Ingenuity-მ ციური სხეულის ატმოსფეროში 12 მეტრის სიმაღლეზე ასვლა და 5მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო. ეს ვერტმფრენის მიერ წითელ პლანეტაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 1.8 კილოგრამი წონის მქონე ვერტმფრენმა მარსზე პირველი სატესტო მისია მიმდინარე წლის 19 აპრილს განახორციელა, რა დროსაც 3 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ჰაერში დაახლოებით 40 წუთს დაყოვნდა. გეგმის მიხედვით, აპარატი მომდევნო, რიგით მე-18 ფრენისას ჰაერში 125 წამს გაატარებს და 2.5მ/წმ სიჩქარით 230 მეტრ დისტანციას დაფარავს.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity წითელ პლანეტაზე მარსმავალ Perseverance-თან ერთად ხომალდით ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. 2021 წლის თებერვალში აპარატები ლენდერის დახმარებით მარსზე მდებარე 45 კილომეტრი დიამეტრის მქონე ჯეზეროს კრატერში დაეშვნენ, რომელსაც ამჟამად იკვლევენ.
თვალის ახალი წვეთების დახმარებით კითხვას სათვალის გარეშე შეძლებთ
Vuity-ის სახელწოდებით ცნობილი თვალის ახალი წვეთების გამოყენების შემთხვევაში 65 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებს კითხვისას სათვალის გამოყენება აღარ დასჭირდებათ. პრეპარატი ამერიკის შეერთებული შტატების მედიკამენტებისა და სურსათის ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მიმდინარე წლის ოქტომბერში დაამტკიცა.
CBS News-ის ცნობით, Vuity-ი ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 128 მილიონი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, რომლებსაც მხედველობის პრობლემა აქვთ, კერძოდ კი ახლოს არსებულ საგნებს ბუნდოვნად ხედავენ. მედიკამენტი თითოეულ თვალში ჩაწვეთებიდან 15 წუთის განმავლობაში იწყებს მოქმედებას. მწარმოებლის განცხადებით, ის ეფექტიანობას 6-დან 10-საათამდე დროის პერიოდში ინარჩუნებს. წვეთები თვალის თანდაყოლილ უნარს ააქტიურებს, რაც გუგის ზომის შემცირებაში გამოიხატება. ეს ახლომხედველებს სხვადასხვა დიაპაზონზე ბუნებრივად ფოკუსირებაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ წვეთების დამტკიცებამდე მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასადასტურებლად კვლევა ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც ზემოხსენებული პრობლემის მქონე 750 ადამიანმა მიიღო. მედიკამენტის გამოყენების შემდეგ ცდისპირებში მცირე თანამდევი მოვლენები აღინიშნა, მათ შორის, თავის ტკივილი და თვალების სიწითლე. მწარმოებელი მომხმარებლებს რეკომენდაციას აძლევს, წამალი ღამით ავტომობილის მართვის დროს ან დაბალი განათების პირობებში რაიმე აქტივობის შესრულებისას არ ჩაიწვეთონ.
როგორც CBS News-ი იუწყება, თვალის წვეთების გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 დეკემბრიდან დაიწყო. 30 დღის სამყოფი მედიკამენტის ფასი ჯამში 80 აშშ დოლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი