Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით იყო გამორჩეული. მათ შორის გამოქვეყნდა ახალი ნაშრომი, რომელშიც მკვლევრები NASA-ს როვერის მიერ მარსზე აღმოჩენილი ნახშირბადის წარმომავლობის შესაძლო ვერსიებს განიხილავენ. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ციურ სხეულზე ამ ელემენტის დაფიქსირება იქ ოდესღაც სიცოცხლის არსებობაზე მიგვანიშნებდეს. კოსმოსის ათვისების მიმართულებით კიდევ ერთი სიახლეა. მეცნიერებს იდუმალებით მოცული კოსმოსური ობიექტისკენ, ომუამუასკენ, რომელსაც ზოგი უცხო ცივილიზაციის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის ნიმუშად მიიჩნევს, ხომალდის გაშვება სურთ.

ამას გარდა, გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ორგანიზაციამ, მედიკამენტების საპატენტო ფონდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა, რომლის საფუძველზეც მათ Merck-ის კოვიდის სამკურნალო აბების წარმოების უფლებას ანიჭებს. ყურადღებას იპყრობს ასევე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის შემდეგ გამოვლენილი თანამდევი მოვლენების უმეტესობა შესაძლოა, რეალურად პლაცებოს ეფექტით იყოს გამოწვეული. მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

მარსზე აღმოჩენილი ნახშირბადი შესაძლოა, იქ ოდესღაც სიცოცხლის არსებობაზე მიგვანიშნებდეს

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი როვერის, Curiosity-ს მიერ წლების განმავლობაში შეგროვებულ ნიმუშებში აღმოჩენილი ნახშირბადის კვალი შესაძლოა, იმის მტკიცებულებას წარმოადგენდეს, რომ წითელ პლანეტაზე ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა. აღნიშნული საკითხის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა PNAS-შია გამოქვეყნებული.

NASA/Caltech-JPL/MSSS

აღსანიშნავია, რომ Curiosity-მ, რომელიც მარსს 2012 წლიდან იკვლევს, წითელ პლანეტაზე მდებარე გეილის კრატერში არსებული ქვების ბურღვის შედეგად მოპოვებული მასალისა და გრუნტის ნიმუშების ანალიზისას საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახშირბადს მიაგნო. ეს ქიმიური ელემენტი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

NASA-ს მარსმავალმა საკვლევი მასალის ანალიზისას ნახშირბადის იზოტოპები – ნახშირბად 12 და ნახშირბად 13 აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ნიმუშებში პირველი მათგანი გაცილებით დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი, რამაც მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ დედამიწაზე არსებული ორგანიზმები ნახშირბად 12-ს საკვების მეტაბოლიზმისთვის, მცენარეები კი ფოტოსინთეზის წარმართვისთვის იყენებენ.

სპეციალისტები მარსზე ნახშირბად 12-ის გაჩენის ორ არაბიოლოგიურ გზაზე საუბრობენ. ერთი მოსაზრების თანახმად, შესაძლოა, მზის ულტრაიისფერი შუქისა და წითელი პლანეტის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის ურთიერთქმედების შედეგად ნახშირბადით მდიდარი მოლეკულები წარმოქმნილიყვნენ, რომლებიც მოგვიანებით ციური სხეულის ზედაპირზე აღმოჩნდნენ.

მეორე ვარაუდის მიხედვით, შესაძლოა, მზის სისტემამ ასობით მილიონი წლის წინ უზარმაზარი მოლეკულური ღრუბელი გაიარა, რის შედეგადაც ნახშირბად 12 მარსის ზედაპირზე მოხვდა და დღემდე შემორჩა.

გარდა ამისა, არსებობს მესამე ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მარსზე ნახშირბად 12 ცოცხალ ორგანიზმებს უნდა წარმოექმნათ. ბაქტერიები, რომლებიც დიდი ხნის წინ წითელი პლანეტის ზედაპირზე და მის ქვეშ ცხოვრობდნენ, დიდი რაოდენობით მეთანს გამოყოფდნენ. ამ უკანასკნელის ულტრაიისფერ შუქთან ურთიერთქმედების შედეგად კი უფრო რთული მოლეკულები ყალიბდებოდა და საბოლოოდ, ნახშირბადის იზოტოპები წარმოიქმნებოდა.

რაც უნდა მიმზიდველი იყოს მესამე ჰიპოთეზა, მეცნიერთა გუნდისთვის უფრო სავარაუდო მარსზე ზემოხსენებული ქიმიური ელემენტის არაბიოლოგიური გზით მოხვედრაა. ამის მიუხედავად სპეციალისტები კვლევებს და წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის უფრო საფუძვლიანი მტკიცებულებების ძიებას განაგრძობენ.

Merck-ის კოვიდის სამკურნალო აბების წარმოების უფლება 27-მა კომპანიამ მოიპოვა

გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციის, მედიკამენტების საპატენტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ორ ათეულზე მეტ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მსოფლიოს 105 განვითარებადი ქვეყნისთვის მისაწოდებლად Merck-ის კოვიდის სამკურნალო აბების წარმოებას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, გარიგება კომპანიებს საშუალებას მისცემს, დაამზადონ როგორც მედიკამენტისთვის აუცილებელი ინგრედიენტები, ასევე თავად აბები.

აღსანიშნავია, რომ Merck-ისა და Ridgeback Therapeutics-ის თანამშრომლობით შექმნილი პრეპარატი, მოლნუპირავირი, კორონავირუსის განვითარების ადრეულ ეტაპზე მიღების შემთხვევაში პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ანახევრებს. მას ავტორიზაცია უკვე მიანიჭა დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

მედიკამენტების საპატენტო ფონდის ინფორმაციით, მოლნუპირავირის წარმოების უფლება მსოფლიოს 11 ქვეყანაში, 27 კომპანიას მიენიჭა. იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც მალე Merck-ის კოვიდის სამკურნალო აბებს დაამზადებენ, არიან ბანგლადეში, ჩინეთი, ეგვიპტე, ვიეტნამი, კენია, სამხრეთი აფრიკა და სხვა.

ცნობისთვის, Merck-მა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ მოლნუპირავირის დამზადების უფლებას სხვა მწარმოებლებსაც მისცემდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია პრეპარატის გაყიდვებიდან ჰონორარის მიღებაზე უარს აცხადებს.

მეცნიერებს კოსმოსურ ობიექტ ომუამუას შესასწავლად ხომალდის გაშვება სურთ

სამეცნიერო პორტალ arXiv-ზე ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებს იდუმალებით მოცული კოსმოსური ობიექტისკენ, ომუამუასკენ ხომალდის გაშვება და მისი გამოკვლევა სურთ. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ასტრონომებმა ჰავაის კუნძულებზე განლაგებული ტელესკოპის, Pan-STARRS1-ის დახმარებით 2017 წლის 19 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

ომუამუა პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც მეცნიერებმა ჩვენს მზის სისტემაში დააფიქსირეს. მისი წარმომავლობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ზოგი ვარაუდობს, რომ ომუამუა პლუტონის მსგავსი ჯუჯა პლანეტის ნაწილია, ზოგის აზრით კი – მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ავი ლიობის – ის შესაძლოა, უცხო ცივილიზაციის ხომალდი იყოს. მეცნიერების ერთმა გუნდმა შეიმუშავა პროექტი Lyra, რომლის განხორციელების შედეგადაც ამ იდუმალი ობიექტის წარმომავლობის გარკვევა იქნება შესაძლებელი.

სამეცნიერო პორტალ arXiv-ზე გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების რეკომენდაციით, კარგი იქნება, თუ ომუამუასკენ კოსმოსურ ხომალდს 2028 წლის თებერვალში გაუშვებენ. მოძრაობის მიმართულებიდან და სავარაუდო სიჩქარიდან გამომდინარე, აპარატი ობიექტამდე 2050-2054 წელს მიაღწევს. გაშვებიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში ხომალდი დედამიწას ორჯერ, ვენერასა და იუპიტერს კი თითოჯერ შემოუვლის. პლანეტების გრავიტაცია აპარატს სწორი მიმართულებით, ასევე სწრაფად გადაადგილებასა და დანიშნულების ადგილამდე მისვლაში დაეხმარება.

კვლევა: COVID-19-ის ვაქცინებით აცრისას გამოვლენილი უკუჩვენებების უმეტესობა რეალურად პლაცებოს ეფექტითაა გამოწვეული

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰარვარდის სამედიცინო სკოლასა და გერმანიაში განლაგებულ ქალაქ მაგდებურგის ფილიპსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის შემდეგ გამოვლენილი თანამდევი მოვლენების უმეტესობა შესაძლოა, რეალურად პლაცებოს ეფექტით იყოს გამოწვეული. კვლევის შედეგები გამოცემა JAMA Network Open-ში გამოქვეყნდა.

SIphotography/Depositphotos

სპეციალისტებმა კვლევა 12 ვაქცინაზე ჩაატარეს. მეტა-ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მათი მიღების შემდეგ განვითარებული თანამდევი მოვლენების სამი მეოთხედი პლაცებოს ეფექტთან, უფრო სწორად კი ე.წ. „ნოცებოს ეფექტთან“ არის დაკავშირებული. პირველი თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანი ცრუ პრეპარატს იღებს, თუმცა მას ისეთივე სარგებელი მოაქვს ამ უკანასკნელის ჯანმრთელობისთვის, როგორიც ნამდვილ მედიკამენტს. რაც შეეხება „ნოცებოს ეფექტს“, აღნიშნულ ფენომენთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც პლაცებოს მიღების შემდეგ ადამიანს ცრუ თანამდევი მოვლენები აღენიშნება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაახლოებით 450 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. გამოკვლევაში მონაწილეთა 35%-ზე მეტი, რომლებსაც ვაქცინის ნაცვლად ორგანიზმში პლაცებო შეუყვანეს, პირველი დოზის შემდეგ აცხადებდა, რომ ცხელება, თავის ტკივილი და დაღლილობა აწუხებდა. მსგავს უკუჩვენებებს ასახელებდა ადამიანთა ჯგუფის 46%, რომლებსაც ნამდვილი ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული.

მეორე დოზის გაკეთების შემდეგ პლაცებოს ჯგუფში მყოფი ცდისპირების რაოდენობამ, რომლებსაც თანამდევი მოვლენები აღენიშნათ, 32%-მდე იკლო. უკუჩვენებების მქონე ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა ვაქცინის ჯგუფში და 61-ს მიაღწია. სპეციალისტების განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეალური თანამდევი მოვლენები უფრო ხშირია პრეპარატის მეორე დოზის ინიექციის შემდეგ.

ამის მიუხედავად, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ცდისპირთა 50%-ის შემთხვევაში, რომლებსაც ნამდვილი ვაქცინის მეორე დოზა გაუკეთდათ, შესაძლოა, საქმე „ნოცებოს ეფექტთან“ გვქონდეს, ანუ მათ სინამდვილეში ცრუ უკუჩვენებები განუვითარდათ.

მეცნიერებმა ასტრონომიულ დაკვირვებებზე Starlink-ის სატელიტების გავლენის შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნეს

მეცნიერები წლების განმავლობაში საუბრობდნენ იმ უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, რაც ასტრონომიულ დაკვირვებებზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის დაბალ ორბიტაზე ათასობით სატელიტის განთავსებას მოჰყვებოდა. ახლა უკვე ასტრონომებმა გადაწყვიტეს, საშიშროება ვიზუალური მასალის ანალიზის საფუძველზე შეაფასონ. მეცნიერებმა კვლევის შედეგები The Astrophysical Journal Letters-ში გამოაქვეყნეს.

NASA / Egon Filter

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე პალომარის ობსერვატორიაში მომუშავე ასტრონომებმა ტელესკოპის, Zwicky Transient Facility-ს მიერ 22 თვის განმავლობაში შეგროვებული ვიზუალური მასალა გააანალიზეს. მათ ფოტოსურათებზე 5,000-ზე მეტი კაშკაშა ხაზი აღმოაჩინეს, რომლებიც კადრებზე ობიექტივის წინ Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრების ჩავლის შედეგად აღიბეჭდა. მეცნიერების განცხადებით, სატელიტების მიერ დატოვებული კვალი განსაკუთრებით თვალში საცემი შებინდებისას გადაღებულ ფოტოებზეა.

პალომარის ობსერვატორიაში მომუშავე სპეციალისტების განცხადებით, ზემოთ თქმულის მიუხედავად, Zwicky Transient Facility-ს დაკვირვებებზე Starlink-ის სატელიტები მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ვერ მოახდენენ. მათი განმარტებით, ვინაიდან ეს ტელესკოპი მთლიან ცას ყოველ ორ დღეში ერთხელ იღებს, რაიმე მოვლენისა თუ ობიექტის შეუმჩნევლად დარჩენა წარმოუდგენელია.

მეორე მხრივ, სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ, როდესაც ასტრონომები სხვადასხვა ტიპის, მაგალითად სპექტროსკოპულ დაკვირვებას აწარმოებენ, შესაძლოა, ზემოქმედება განსხვავებული იყოს. ამიტომ, მათი თქმით, დაკვირვების თითოეულ ტიპზე ხელოვნური თანამგზავრების გავლენა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტ Starlink-ზე მუშაობა SpaceX-მა 2014 წელს დაიწყო. ილონ მასკის კომპანიის მიზანი დედამიწის ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედის შექმნა და მათი დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სწრაფი ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფაა.

მოცემული დროისთვის ჩვენი პლანეტის გარშემო Starlink-ის დაახლოებით 2,000 სატელიტი მოძრაობს. ილონ მასკის კომპანიის გრძელვადიანი გეგმა ორბიტაზე 42,000 ხელოვნური თანამგზავრის განთავსებას ითვალისწინებს.

მკვლევრები წყალმცენარეების ბურთით აღჭურვილი რობოტების წყალზე დასაკვირვებლად გამოყენებას გეგმავენ

მარიმო, რომელსაც წყალმცენარეების ან ხავსების ბურთის სახელწოდებით მოიხსენიებენ, გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ის ენდემურად იაპონიასა და ჩრდილოეთ ევროპაში გვხვდება. მარიმო მტკნარი წყლის ფსკერზე, ტბებსა და მდინარეებშია განლაგებული და სხვა ჰიდროფიტური მცენარეების მსგავსად ჟანგბადს გამოყოფს.

helovi/iStock

დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტთან არსებულ არატრადიციულ გამოთვლით ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ მწვანე ბურთების გამოყენება წყლის ტემპერატურისა და ჟანგბადის დონის გამოსათვლელად არის შესაძლებელი. სპეციალისტებმა მის გასაკონტროლებლად სპეციალური მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც „მარიმო-აქტივირებული როვერის სისტემა“, შემოკლებით კი MARS-ი უწოდეს.

მოწყობილობა ბეისბოლის ბურთის ზომისაა და 3D პრინტერით დაბეჭდილ ეგზოჩონჩხს წარმოადგენს, რომელშიც წყალმცენარეების ბურთი, იგივე მარიმო თავსდება. მკვლევართა განცხადებით, მარიმოს მიერ გამოყოფილი ჟანგბადის შედეგად წარმოქმნილი ბუშტები მას გარსშემორტყმულ ჩონჩხს ეხება და მოძრაობისკენ უბიძგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა საწვავად ფოტოსინთეზს იყენებს. სპეციალისტების გამოთვლებით, ამ გზით MARS-ს გადაადგილება დაახლოებით 2,54 სმ/სთ სიჩქარით შეუძლია, რაც ლოკოკინას მოძრაობის სისწრაფეს უტოლდება.

ისმის ბრალდებები, რომ მოწყობილობა პლასტმასით წყლის დაბინძურების ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის. გამოგონების ავტორების განცხადებით კი MARS-ი ეკოლოგიურად ბევრად უვნებელია, ვიდრე დრონები. მეცნიერები ასევე დასძენენ, რომ მოწყობილობა შესაძლოა, დროთა განმავლობაში ბიოდეგრადირდეს, თუმცა ამისთვის დიდი დრო იქნება საჭირო.

უახლოეს მომავალში მკვლევართა ჯგუფი მოწყობილობის ისეთი ვერსიის შექმნას ისახავს მიზნად, რომელსაც ფუნქციონირება მარილიან წყალშიც შეეძლება. ამისთვის მეცნიერები მარიმოს ზღვის წყალმცენარეებით ჩანაცვლებას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *