Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Forbes Science: გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევი მედიცინის დარგია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა RTS,S, იგივე Mosquirix-ი დაამტკიცა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ცდები, რომელთა შესახებ დეტალები გასულ კვირას გასაჯაროვდა, დენგეს ცხელების წინააღმდეგ საბრძოლველად დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. იმედის მომცემია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბიოფარმაცევტული კომპანია NuCana-ს მიერ წარმოებული კლინიკური კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც კიბოს სამკურნალოდ ჰიმალაიური სოკოსგან დამზადებულმა პრეპარატმა, NUC-7738-მა მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.

მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა ასევე კოსმოსის შესწავლის მიმართულებითაც. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა როვერმა, Perseverance-მა მეცნიერების მიერ გამოთქმული ვარაუდი დაადასტურა. მან დაამტკიცა, რომ წითელ პლანეტაზე მდებარე ჯეზეროს კრატერის ადგილზე რამდენიმე მილიარდი წლის წინ ტბა და მდინარის დელტა იყო. ამას გარდა, ასტრონომებმა შორეული ვარსკვლავებისგან მომავალი რადიოტალღები დააფიქსირეს, რომლებიც ამ მნათობების მიმდებარედ პლანეტების არსებობაზე მიანიშნებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა – RTS,S, იგივე Mosquirix-ი დაამტკიცა, რომელიც ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია  GlaxoSmithKline-ის მიერ არის შექმნილი. როგორც ცნობილია, ჯანმოს რეკომენდაციით პრეპარატს სუბსაჰარულ აფრიკასა და ყველა იმ რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის გამოიყენებენ, სადაც ინფექციური დაავადების გავრცელების მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც განაში, კენიასა და მალავიში ჩატარებულმა საპილოტე პროგრამამ დადებითი შედეგები აჩვენა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში 2019 წლიდან დღემდე Mosquirix-ით ამ ქვეყნებში მცხოვრები დაახლოებით 800 ათასი ბავშვი აიცრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოცემული პერიოდის განმავლობაში საერთო ჯამში GlaxoSmithKline-ის მიერ წარმოებული მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის 2.3 მილიონ დოზაზე მეტი გამოიყენეს. სპეციალისტების გამოთვლებით, შედეგად, ინფექციური დაავადების მძიმე შემთხვევებმა 30%-ით იკლო.

GlaxoSmithKline-მა მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე უოლტერ რიდის სახელობის ბიოსამედიცინო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. მათ პრეპარატ RTS,S-ის პირველი ვერსია 1987 წელს შექმნეს. ვაქცინა Plasmodium falciparum-ის სახელწოდებით ცნობილ პარაზიტს ებრძვის, რომელიც ადამიანების მალარიის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამორჩეული ტიპით დაავადებას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სუბსაჰარულ აფრიკაში მალარიას ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 260 ათასზე მეტი ბავშვი ეწირება. ეს ინფექციური დაავადება რეგიონში ბავშვთა დაავადებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია.

ახალი კვლევა დენგეს ცხელების წინააღმდეგ საბრძოლველად დამაიმედებელ შედეგებს იძლევა

დენგეს ცხელების გამომწვევი რნმ ვირუსით, რომელსაც კოღოები ავრცელებენ, ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანი ინფიცირდება. მათ შორის 20-25 ათასი დაავადებულის სიცოცხლე ფატალურად სრულდება. ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და კანადაში მდებარე სხვადასხვა სამედიცინო კვლევით დაწესებულებაში მომუშავე სპეციალისტების მიერ ჩატარებული უკანასკნელი ცდები აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. ამის შესახებ მეცნიერები დეტალურად გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

მცენარეულ თუ ცხოველურ უჯრედებზე, ასევე თაგვებზე ჩატარებული კვლევების შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაერთის დახმარებით, რომელსაც ისინი JNJ-A07-ის უწოდებენ, დენგეს ცხელებისგან განკურნება, მისი თავიდან არიდება და დაავადების გავრცელების პრევენციაა შესაძლებელი. მეცნიერების განცხადებით, JNJ-A07 დენგეს ცხელების გამომწვევ ვირუსში არსებულ იმ ორ ცილაზე ზემოქმედებს, რომელიც ამ უკანასკნელის გამრავლებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მათივე თქმით, ცდების შედეგად ნაერთის ეფექტიანობა ამ დაავადების დღემდე ცნობილი ოთხივე შტამის შემთხვევაში დადასტურდა.

როგორც ნაშრომის ავტორები აცხადებენ, ნაერთისგან მედიკამენტის შექმნაზე ამჟამად ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Johnson & Johnson-ი მუშაობს. აღსანიშნავია, რომ დენგეს ცხელებასთან საბრძოლველად ამ დროისთვის ფრანგული კომპანია Sanofi Pasteur-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას, Dengvaxia-ს იყენებენ. პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და დაავადების მხოლოდ ერთი შტამის წინააღმდეგაა ეფექტიანი.

სოკოსგან დამზადებულმა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა კლინიკური კვლევებისას მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ამავე ქვეყანაში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანია NuCana-ს მიერ წარმოებულმა ერთობლივმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიმალაიური სოკოსგან დამზადებული პრეპარატი, NUC-7738-ი კიბოს უჯრედების გასანადგურებლად იმაზე 40-ჯერ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამ მცენარეში შემავალი ნაერთისგან შექნილი სხვა მედიკამენტები. ამის შესახებ მეცნიერთა ნაშრომი გამოცემა Clinical Cancer Research-ში გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ჰიმალაიურ სოკოში შემავალი ნაერთი კორდიცეპინი, იგივე 3′-დეოქსიადენოზინი, რომელიც ნუკლეოზიდის ბუნებრივად არსებული ანალოგია, ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში სიმსივნისა და სხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ასობით წელია, გამოიყენება. ვინაიდან ნაერთი სისხლში საკმაოდ სწრაფად იშლება, კიბოს უჯრედებამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. აქედან გამომდინარე, კორდიცეპინის დაავადებასთან ბრძოლის უნარი სუსტდება.

University of Oxford

ზემოხსენებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მეცნიერებმა ProTide-ის სახელწოდებით ცნობილ ტექნოლოგიას მიმართეს და NUC-7738-ი შექმნეს. აღნიშნული ტექნოლოგია კიბოს უჯრედებამდე მედიკამენტის გადატანასა და მისი ეფექტიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ის უკვე წარმატებით იქნა გამოყენებული ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიერ დამტკიცებულ პრეპარატებში: Remsidivir-სა და Sofusbuvir-ში. ამ მედიკამენტებით ისეთ დაავადებებს მკურნალობენ, როგორიც C ჰეპატიტი, ებოლა და Covid 19-ია.

სპეციალისტებმა NUC-7738 ჯერ მხოლოდ კლინიკური ტესტირების პირველი ფაზის ფარგლებში გამოცადეს. ისინი კვლევების გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ ახალ პრეპარატს მომავალში კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად წარმატებით გამოიყენებენ.

NASA-ს როვერმა დაადასტურა, რომ მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაგზავნილმა როვერმა, Perseverance-მა მეცნიერების ვარაუდი დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ციურ სხეულზე მდებარე ჯეზეროს კრატერში ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

NASA-მ ახალი მარსმავალი წითელი პლანეტისკენ 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება და მისი დედამიწაზე ჩამოტანაა. სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ მათთვის საინტერესო მასალას Perseverance-ი ციურ სხეულზე მდებარე დაახლოებით 45 კილომეტრი დიამეტრის მქონე ღრმულში მიაგნებდა, სადაც, მათი ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ტბა და მდინარის დელტა არსებობდა.

NASA/JPL-Caltech/MSSS/LPG

აღნიშნული მისიის შესასრულებლად აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის თებერვალში ახალი მარსმავალი სწორედ ჯეზეროს კრატერში დასვეს. ამ დროიდან მოყოლებული Perseverance-ი სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით იქ არსებულ გეოლოგიურ წარმონაქმნებს იკვლევს და მათ ფოტოებს უღებს. NASA-ში მომუშავე სპეციალისტები საკუთარი ვარაუდის მტკიცებულებად სწორედ ამ სურათებს მიიჩნევენ. მკვლევართა განცხადებით, როვერის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ნაჩვენები ქანები ეროზიის შედეგადაა წარმოქმნილი, რომელიც, მათივე განმარტებით, წყლის ნაკადის ზემოქმედებას უნდა გამოეწვია.

მეცნიერების ვარაუდით, მარსზე არსებული წყალი დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ დაშრა. როგორც ცნობილია, ეს პლანეტის მაგნიტური ველის გაქრობასა და ციური სხეულის გარშემო არსებული, ოდესღაც სქელი ატმოსფეროს მზისგან მომავალი დამუხტული ნაწილაკების ზემოქმედებით თანდათან გათხელებას უკავშირდება.

ასტრონომებმა შორეული ვარსკვლავებისგან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს, რომლებიც პლანეტების არსებობაზე მიანიშნებენ

ავსტრალიაში მდებარე ქვინსლენდის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, ნიდერლანდებში განლაგებულ ლეიდენის უნივერსიტეტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, შორეული ვარსკვლავებისგან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს. მეცნიერების განცხადებით, ეს მათ მიმდებარედ პლანეტების არსებობაზე მიანიშნებს. მკვლევართა ერთობლივი ნაშრომი, რომელშიც აღნიშნული საკითხის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული, გამოცემა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

ასტრონომებმა შორეული ვარსკვლავებისგან მომავალი რადიოსიგნალები ნიდერლანდებში განლაგებული, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რადიოტელესკოპის, LOFAR-ის მეშვეობით მაშინ შენიშნეს, როდესაც ხელსაწყოს დახმარებით ეგზოპლანეტებს ეძებდნენ. მეცნიერების განცხადებით, მათ საერთო ჯამში წითელი ჯუჯა ტიპის 19 მნათობისგან წამოსული ელექტრომაგნიტური გამოსხივება დააფიქსირეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აქედან ოთხი ვარსკვლავების გარშემო პლანეტების მოძრაობით არის გამოწვეული.

SKAO

“უკვე დიდი ხანია, ვიცით, რომ ჩვენს მზის სისტემაში არსებული პლანეტები ძლიერ რადიოტალღებს მაშინ ასხივებენ, როდესაც მზის ქარი მათ მაგნიტურ ველზე ზემოქმედებს. ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე ციური სხეულებისგან გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე დაკვირვების შესაძლებლობა კი აქამდე არასდროს მოგვცემია. ეს აღმოჩენა ასტრონომიაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რამაც, შესაძლოა, ირმის ნახტომის გალაქტიკაში ახალი პლანეტების მიკვლევას შეუწყოს ხელი”, – აცხადებს ქვინსლენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბენჟამინ პოუპი.

აღსანიშნავია, რომ ხელსაწყო LOFAR-ის მეშვეობით ასტრონომებს ჩვენგან მაქსიმუმ 165 სინათლის წლის მანძილზე მდებარე კოსმოსურ ობიექტებზე დაკვირვება შეუძლიათ. უფრო შორეული ციური სხეულების გამოსაკვლევად კი მეცნიერები იმედებს ახალ რადიოტელესკოპზე, Square Kilometer Array-ზე ამყარებენ. ის სრული დატვირთვით, სავარაუდოდ, 2029 წლიდან ამუშავდება. ქსელის ერთი ნაწილი, რომელიც 197 თეფშს გააერთიანებს, სამხრეთ აფრიკაში მდებარე კარუს უდაბნოში განთავსდება. ქსელის მეორე ნაწილი კი, რომელიც 131,072 ანტენას მოიცავს, ავსტრალიის ქალაქ პერტის ჩრდილოეთით განლაგდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *