გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მათ შორის აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში სიმპტომური COVID-19-ით დაავადებულ პირებს მოლნუპორავირის სახელწოდებით ცნობილი ანტივირუსული აბის გამოყენების ნებართვა მისცეს. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი მსგავსი ფორმის მედიკამენტია, რომელსაც ავტორიზაცია მიენიჭა.
სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული კოსმოსის კვლევის მიმართულება იყო. მაგალითისთვის, NASA-ში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად მარსმავალ Curiosity-ის დახმარებით წითელ პლანეტაზე ისეთი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს, რომელთათვისაც აქამდე იქ არასდროს მიუგნიათ. ამას გარდა, ასტრონომებმა შორეულ კოსმოსში განლაგებულ ერთ-ერთ გალაქტიკაში – წყალს, მეორეში კი ფთორს მიაკვლიეს. მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერებაში მომხდარი ამ და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მოგიყვებით.
დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო აბის გამოყენება დაუშვეს
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ სიმპტომური COVID-19-ის სამკურნალოდ მოლნუპორავირის სახელწოდებით ცნობილი ანტივირუსული აბის გამოყენება დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი მსგავსი ფორმის მედიკამენტია, რომელსაც ავტორიზაცია მიენიჭა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს პრეპარატს დღეში 2-ჯერ დაუნიშნავენ. როგორც ცნობილია, მედიკამენტი მაღალი ეფექტიანობით კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით ხუთი დღის განმავლობაში მიღების შემთხვევაში გამოირჩევა.
ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მოლნუპორავირი თავდაპირველად რისკ-ჯგუფში შემავალი პაციენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულმა სამეფომ 480 ათასი კურსისთვის სამყოფი მოლნუპორავირის აბი უკვე შეუკვეთა და პირველი წყებას მიმდინარე თვეში ელის. ბრიტანელი სპეციალისტები საწყის ეტაპზე მედიკამენტს როგორც ვაქცინირებულ, ისე აუცრელ პაციენტებს მისცემენ და მის ეფექტიანობას დააკვირდებიან. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს სახელმწიფო აბების კიდევ შეკვეთას.
მოლნუპორავირი ამერიკული კომპანიების – Merck-ისა და Ridgeback Biotherapeutics-ის თანამშრომლობით შექმნილი პრეპარატია. ბოლოს ჩატარებულ კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 50 პროცენტით ამცირებს.
NASA-ს როვერმა მარსზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა როვერმა Curiosity-მ წითელ პლანეტაზე ისეთი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა, რომლებისთვისაც ციურ სხეულზე აქამდე არ მიუკვლევიათ. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
NASA-ს მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე კოლეგებთან ერთად როვერის დახმარებით მარსზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათი მიზანი Curiosity-ის მიერ წითელ პლანეტაზე შეგროვებილი გრუნტის ნიმუშების შესწავლა იყო. სპეციალისტებმა ეს ნიმუშები მარსმავალზე დამონტაჟებულ ხელსაწყო SAM-ის სპეციალურ ჭურჭელში შენახულ ნივთიერებების ნარევში მოათავსეს და შედეგად წარმართულ ქიმიურ რეაქციას დააკვირდნენ.
ამ ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა მარსის გრუნტში ახალ ორგანულ მოლეკულებს მიაგნეს. მათ შორის ნარევში ყველაზე თვალში საცემი ბენზოინის მჟავა და ამიაკი იყო, რომლებიც ციურ სხეულზე სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიანიშნებენ, თუმცა ამის უტყუარ მტკიცებულებას მაინც არ წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, მკვლევრები ახალ აღმოჩენას მნიშვნელოვან მიღწევად აფასებენ. სპეციალისტების განცხადებით, ასეთი ექსპერიმენტები შესაძლოა, მომავალში როგორც მარსზე, ასევე სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ძიებისას წარმატებით გამოვიყენოთ.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ Curiosity მარსისკენ 2011 წლის 26 ნოემბერს ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან გაუშვა. მარსმავალი წითელ პლანეტაზე მდებარე გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. მისიის მიზანი ციური სხეულის გეოლოგიური მახასიათებლების, ასევე კლიმატის შესწავლა და რაც მთავარია, იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიმუშების ძიებაა.
ESA და EU სათბური აირების ემისიაზე დასაკვირვებლად სატელიტების თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავენ
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და ევროკავშირი (EU) ერთობლივი პროგრამა „კოპერნიკის“ ფარგლებში დედამიწის დაბალ ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გამართულ გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (COP26) გაავრცელეს.
მისიის მიზანი ატმოსფეროში ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური აირების ემისიისთვის თვალყურის დევნებაა. იდეის ავტორების განცხადებით, ეს მსოფლიოს კლიმატის ცვლილების შერბილებაში დაეხმარება.
ხელოვნური თანამგზავრების შექმნაზე, რომლებიც CO2MVS-ის სახელწოდებით ცნობილ თანავარსკვლავედში გაერთიანდებიან, ევროპის კოსმოსური სააგენტო მეტეოროლოგიური სატელიტების ექსპლუატაციის ევროპულ ორგანიზაციასთან (EUMETSAT) ერთად მუშაობს. ეს აპარატები ჩვენი პლანეტის ორბიტაზე გასვლის შემდეგ ატმოსფეროში გამოყოფილი ორი ყველაზე გავრცელებული სათბური აირის – ნახშირორჟანგისა და მეთანის ემისიას უპრეცედენტო დეტალიზაციით, რეალურ დროში დააკვირდებიან.
ცნობისთვის, ნახშირორჟანგი, რომელიც ჰაერში წიაღისეული საწვავის მოხმარებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შედეგად ვრცელდება, ატმოსფეროში გამოყოფილი სათბური აირების 80%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მეთანი ამ აირების მხოლოდ 16%-ს წარმოადგენს, ის CO2-თან შედარებით 80-ჯერ უფრო ძლიერ ზემოქმედებს გლობალურ დათბობაზე.
პროგრამა „კოპერნიკის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედი 2026 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. მათი განცხადებით, CO2MVS-ის დახმარებით სათბური აირების გამომყოფ ინდივიდუალურ წყაროებზე, მათ შორის ელექტროსადგურებსა და წიაღისეული საწვავის წარმოების ადგილებზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი.
ასტრონომებმა შორეულ გალაქტიკაში წყალი აღმოაჩინეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ასტრონომებმა შორეულ კოსმოსში მდებარე გალაქტიკაში წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.
მეცნიერებმა SPT0311-58-ის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკაში წყალს ნახშირბადის მონოქსიდთან ერთად ატაკამის უდაბნოში განლაგებული ტელესკოპის, ALMA-ს დახმარებით მიაგნეს. აღსანიშნავია, რომ ობიექტი ჩვენგან 12.88 მილიარდი სინათლის წლით არის დაშორებული და ამიტომ მას ისეთს ვხედავთ, როგორიც სამყაროს ფორმირების საწყის ეტაპზე იყო.
მკვლევრებმა სამყაროს განვითარების ადრეულ საფეხურზე მყოფ გალაქტიკაში არსებული მოლეკულური აირის შემცველობა ასე დეტალურად პირველად შეისწავლეს. ისიც უნდა ითქვას, რომ SPT0311-58 ყველაზე შორეული, ვარსკვლავების წარმომქმნელი გალაქტიკაა, სადაც წყლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნები დააფიქსირეს.
SPT0311-58 ასტრონომებმა ტელესკოპ ALMA-ს დახმარებით 2017 წელს აღმოაჩინეს. რეალურად ის ორი გალაქტიკისგან შედგება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ობიექტის დახმარებით ე.წ. რეიონიზაციის ეპოქაზე დაკვირვების საშუალება მიეცათ. სპეციალისტების გამოთვლებით, ამ დროს სამყარო სულ რაღაც 780 მილიონი წლის იყო და მასში პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები ყალიბდებოდნენ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ობიექტების გამოკვლევით სამყაროს წარმოქმნის, ზრდისა და განვითების შესახებ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ. ეს შესაძლოა, ჩვენი მზის სისტემისა და მშობლიური პლანეტის ფორმირების ეტაპების უკეთესად შესწავლაში დაგვეხმაროს.
მეცნიერებმა მარსზე საწვავის წარმოების მიზნით შესაძლოა, პლანეტაზე ბაქტერიები გაუშვან
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მარსზე მისიების განსახორციელებლად წითელ პლანეტაზე კოსმოსური ხომალდებისთვის განკუთვნილი საწვავის წარმოება იქნება საჭირო, რომელსაც ასტრონავტები დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენებენ. მათი თქმით, ამის ნაკლები დანახარჯებით მიღწევა ციურ სხეულზე ბაქტერიების გაშვების შემთხვევაშია შესაძლებელი. სპეციალისტები მოცემულ საკითხს დეტალურად გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში განიხილავენ.
იქიდან გამომდინარე, რომ მარსისა და დედამიწის ატმოსფერო მნიშვნელოვნად განსხვავდება, წითელი პლანეტის ზედაპირიდან აპარატის ასაფრენად სხვაგვარი საწვავია საჭირო. მეცნიერების განმარტებით, ციურ სხეულზე ბიოწარმოებისთვის იქ ხელმისაწვდომი სამი რესურსის გამოყენებაა შესაძლებელი. მათ შორისაა ნახშირორჟანგი, მზის შუქი და გაყინული წყალი. სპეციალისტების განცხადებით, ამას უნდა დაემატოს დედამიწიდან ტრანსპორტირებული ორი სახის მიკროორგანიზმი. ერთ-ერთი იქნება ციანობაქტერია, იგივე ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, რომელიც მარსის ატმოსფეროდან CO2-ს შეაგროვებს, ასევე, მზის შუქს შაქრის წარმოსაქმნელად გამოიყენებს.
მეორე მიკროორგანიზმი, რომლის მარსზე გაგზავნაცაა საჭირო, არის ნაწლავის ჩხირი, იგივე კოლი-ბაქტერია. ის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების მიერ წარმოებულ შაქარს რაკეტებისა და სხვა საფრენი აპარატების საწვავად გარდაქმნის. მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული კოლი-ბაქტერიის დახმარებით დედამიწაზე ორგანული ნივთიერება 2,3-ბუტანდიოლი უკვე მიიღეს. როგორც ცნობილია, მისი მარსის ზედაპირიდან აპარატების ასაფრენად გამოყენებაა შესაძლებელი.
ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მკვლევართა განცხადებით, მარსზე ზემოხსენებული მეთოდით საწვავის წარმოების შემთხვევაში ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ შემოთავაზებული დაახლოებით 500 კილოგრამი წონის მქონე აპარატი, Mars Ascent Vehicle-ი, რომლის ჯერ მხოლოდ კონცეფცია არსებობს, მარსის ზედაპირიდან პლანეტის ორბიტამდე მისაღწევად 30 ტონა მეთანსა და თხევად ჟანგბადს საჭიროებს.
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წითელ პლანეტაზე თხევადი ჟანგბადის წარმოება შესაძლებელია, თუმცა დედამიწიდან მეთანის ტრასპორტირების აუცილებლობა გარდაუვალი იქნება, რაც მისიის ხარჯებს საგრძნობლად გაზრდის. სპეციალისტების გამოთვლებით, ტვირთის წონიდან გამომდინარე, მარსზე მოგზაურობა დაახლოებით 8 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება.
კვლევა: ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს მკვეთრად ამცირებს
ახალი კვლევის თანახმად, რომლის შედეგებიც სამედიცინო გამოცემა The Lancet-ში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინები საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. სპეციალისტები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომლებსაც ვაქცინაცია ჰქონდათ ჩატარებული.
მეცნიერები HPV-იმუნიზაციის პროგრამის დანერგვამდე და 2008 წელს, მისი ამოქმედების შემდგომ ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების სიხშირეს დააკვირდნენ. შედარებამ აჩვენა, რომ ამ სახის სიმსივნით დაავადების შემთხვევები ვაქცინაციის შემდეგ მნიშვნელოვანად შემცირდა. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული ეფექტიანობა ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ახალგაზრდა ქალების შემთხვევაში გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული კვლევის დროს სპეციალისტები Cervarix-ის სახელწოდებით ცნობილი პრეპარატის შედეგიანობას დააკვირდნენ. მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 12-13 წლის ასაკში აცრილ პირებში ვაქცინამ საშვილოსნოს ყელის განვითარების რისკი დაახლოებით 87%-ით შეამცირა, 16-18 წლის ასაკში აცრილ ადამიანებში კი – 34%-ით.
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ყოველწლიურად ასიათასობით სიცოცხლე ეწირება. დაავადებას ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება.
ცნობისთვის, 2020 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს 600 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე წელს დაავადებას დაახლოებით 342 ათასი ქალი ემსხვერპლა.
ასტრონომებმა ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე არსებულ გალაქტიკაში ფთორი აღმოაჩინეს
დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ჩილეში, ესპანეთსა და პოლონეთში მდებარე სხვადასხვა დაწესებულებაში მომუშავე ასტრონომებმა ჩვენგან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე განლაგებულ გალაქტიკაში ფთორი აღმოაჩინეს. ამის შესახებ მკვლევართა ერთობლივი ნაშრომი გამოცემა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ ქიმიურ ელემენტს, რომელსაც ფთორიდის სახით ჩვენი ძვლები და კბილები შეიცავს, მეცნიერებმა კოსმოსში ასე შორს პირველად მიაკვლიეს. მათ ფთორი NGP-190387-ის სახელით ცნობილ გალაქტიკაში ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოში განლაგებული ტელესკოპ ALMA-ს დახმარებით აღმოაჩინეს.
NGP-190387-ის მტვრისა და აირის ღრუბელში, რომელიც ვარსკვლავების წარმოქმნაში მონაწილეობს, ელემენტი წყალბადის ფთორიდის სახით არის წარმოდგენილი. ვინაიდან ამ გალაქტიკიდან სინათლის ჩვენამდე მოსაღწევად 12 მილიარდზე მეტი წელია საჭირო, ასტრონომების გამოთვლებით ობიექტს ისეთს ვხედავთ, როგორიც სამყაროს შექმნიდან 1.4 მილიარდი წლის გასვლის შემდეგ იყო.
სპეციალისტების განცხადებით, ვარსკვლავები, რომლებიც კოსმოსში ფთორს გამოყოფენ, ხანმოკლე სიცოცხლით გამოირჩევიან და მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელი არსებობენ. გარდა ამისა, მნათობები საკმაოდ დიდი მასით ხასიათდებიან, რომელსაც ძალიან სწრაფად კარგავენ. ასტრონომები ასეთ ობიექტებს ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს უწოდებენ.
მეცნიერები NGP-190387-სა და მასში შემავალ მნათობებზე დაკვირვებას განაგრძობენ. მათ იმედი აქვთ, რომ გალაქტიკის დეტალურად შესწავლას ხელსაწყო Extremely Large Telescope-ის დახმარებით შეძლებენ, რომელიც ჩილეში 2027 წლიდან ამუშავდება.
დატოვე კომენტარი