გასულ კვირას მეცნიერების სფეროში სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული კვლავ მედიცინის დარგი აღმოჩნდა. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის გავრცელების პარალელურად ფარმაცევტულმა კომპანიებმა მის წინააღმდეგ საბრძოლველად გზების ძიება დაიწყეს. მაგალითად, Moderna-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მწარმოებელი სპეციალურად ამ შტამისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დასამტკიცებლად მომავალი წლის მარტში იქნება მზად. ამის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა სააგენტომ COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატს, „სოტროვიმაბს“ ავტორიზაცია მიანიჭა. მისი შემქმნელი კომპანია GlaxoSmithKline-ის წარმომადგენლების განცხადებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წამალი ომიკრონის ვარიანტს წარმატებით ებრძვის.
ასევე, აღსანიშნავია კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ მიღწეული წარმატება. მათ მეხსიერების წაშლის მეთოდს მიაგნეს, რომელიც თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას წარმატებით გამოცადეს. ამას გარდა, გასულ კვირას ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილ „ცოცხალ რობოტებს“, იმავე ქსენობოტებს დამოუკიდებლად გამრავლება შეუძლიათ. მოცემულ ბლოგში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე მოგითხრობთ.
Moderna: ომიკრონის შტამისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზა მარტში იქნება მზად
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna კორონავირუსის ახალი შტამისთვის, ომიკრონისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზის შექმნაზე მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, პრეპარატი დასამტკიცებლად მომავალი წლის მარტში იქნება მზად. ამასთანავე, Moderna-ს პრეზიდენტს, სტივენ ჰოგსა და აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორს, ენტონი ფაუჩის იმედი აქვთ, რომ უკვე არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ ეფექტიანობას გამოავლენენ.
სტივენ ჰოგის განცხადებით, Moderna-ს ვაქცინის ახალი ბუსტერული დოზის როგორც ომიკრონთან, ასევე კორონავირუსის კიდევ სამ ვარიანტთან საბრძოლველად გამოყენება იქნება შესაძლებელი. გეგმის მიხედვით, პრეპარატი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) დასამტკიცებლად მარტში უნდა წარუდგინონ. მანამდე მისი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დადგენას მწარმოებელი ტესტირებების გზით შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ ენტონი ფაუჩიმ 1-ლ დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ვაქცინების ბუსტერული დოზით აცრისკენ მოუწოდა. როგორც მან განაცხადა, შესაძლოა, ომიკრონისთვის პრეპარატის სპეციალური ვერსიის შექმნა საჭირო არ გახდეს. ფაუჩის თქმით, ამის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის ფარმაცევტულ კომპანიებთან ითანამშრომლოს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტის სპეციალური ბუსტერული დოზის შექმნას უზრუნველყოფენ. აქვე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა ომიკრონის შტამი უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე დელტა ვარიანტი.
ცნობისთვის, აშშ-ში ომიკრონის შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა 1-ლ დეკემბერს გამოვლინდა. დაავადება სან-ფრანცისკოს მკვიდრს დაუდასტურდა, რომელიც სამშობლოში სამხრეთ აფრიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. როგორც ირკვევა, ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინით ორჯერ იყო აცრილი, თუმცა პრეპარატის ბუსტერული დოზა გაკეთებული არ ჰქონდა.
მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს თაგვებს მეხსიერება წაუშალეს
იაპონიაში მდებარე კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ნერვულ-ოპტიკური სისტემის გამოყენებით თაგვების მეხსიერებაზე მანიპულირება წარმატებით შეძლეს და მღრღნელებს ბოლოს მომხდარ მოვლენებზე მოგონებები წაუშალეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია მოცემული.
სპეციალისტებმა ექსპერიმენტის დროს თაგვები ბნელ ოთახში მოათავსეს და მათზე ელექტრული შოკით იმოქმედეს. მიზანი აღნიშნულ ადგილთან მიახლოებისას მღრღნელებში შიშის გამოწვევა იყო. ამ ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ მეცნიერებმა თაგვებზე მეხსიერების წაშლის მეთოდი გამოცადეს. ექსპერიმენტის შემდეგ მღრღნელებს ელექტრული შოკთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები დაავიწყდათ და ოთახში თამამად შევიდნენ.
კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა მიზანს ტვინში მიმდინარე ნერვული აქტივობის, ხანგრძლივი პოტენციაციის (LTP) პროცესისთვის ხელის შეშლის გზით მიაღწიეს. ეს უკანასკნელი ძილის დროს მოგონებების ერთმანეთთან დაკავშირებას და გაერთიანებას უწყობს ხელს. მკვლევრებმა ხანგრძლივი პოტენციაციისთვის საჭირო ცილის, კოფილინის სინთეზისთვის ხელის შეშლა გადაწყვიტეს და აღნიშნულ პროცესში მონაწილე ნეირონებზე განათებით იმოქმედეს.
კერძოდ კი, ექსპერიმენტის ავტორებმა თაგვების ორგანიზმში ადენoასოცირებული ვირუსი (AAV) შეიყვანეს და მისი დახმარებით კოფილინისგან შემდგარი ცილის სინთეზირება შეძლეს. ამის შემდეგ, ტვინში ჩამოყალიბებული მოგონების ადგილის მოსანიშნად ფლუორესცენციის მეთოდს მიმართეს და ნივთიერება SuperNova გამოიყენეს. ის ტვინის განსაზღვრულ რეგიონში რეაქტიულ ჟანგბადს უშვებს, რომელიც სინათლის ზემოქმედებით მიმდებარედ არსებულ კოფილინს ხანგრძლივი პოტენციაციისთვის გამოუსადეგარს ხდის.
ბრიტანეთმა კოვიდის წამალი დაამტკიცა, რომელიც ომიკრონის შტამს წარმატებით ებრძვის
დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) COVID-19-ის სამკურნალო წამალი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. სპეციალისტების განცხადებით, პრეპარატის კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის წინააღმდეგ წარმატებით გამოყენებაა შესაძლებელი.
კლინიკურ ტესტირებაზე დაყრდნობით, რომელიც მოზრდილ ადამიანებში ჩატარდა, „სოტროვიმაბი“ COVID-19-ის მძიმე ფორმით განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 79%-ით ამცირებს. უნდა ითქვას, რომ ცდისპირებს კვლევისას მედიკამენტის ერთი დოზა გაუკეთეს. ცნობისთვის, წამალი ვენაში შეჰყავთ, რის შემდეგაც ის ორგანიზმში იშლება და ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.
აღსანიშნავია, რომ ეს მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მეორე პრეპარატია, რომლის კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენების ნებართვაც გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მარეგულირებელმა ორგანომ გასცა. ორივე მედიკამენტი, „სოტროვიმაბი“ და „რონაპრევი“ მაღალი ეფექტიანობით ინფექციის განვითარების ადრეულ ეტაპზე ინიექციის შემთხვევაში გამოირჩევა. ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაციით, წამლებით მკურნალობა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
„სოტროვიმაბი“ ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მიერ შექმნილი პრეპარატია. მწარმოებლის განცხადებით, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ეფექტიანია პრეპარატი ომიკრონის წინააღმდეგ, ლაბორატორიაში რამდენიმე ცდა ჩატარდა. სპეციალისტების თქმით, ტესტირებებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა, თუმცა, მათივე განმარტებით, უფრო დეტალური კვლევაა საჭირო.
მეცნიერებმა შექმნეს რობოტები, რომლებიც დამოუკიდებლად მრავლდებიან
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ვერმონტის, ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ შექმნილ „ცოცხალ რობოტებს“, იმავე ქსენობოტებს დამოუკიდებლად გამრავლება შეუძლიათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.
სპეციალისტებმა მსოფლიოში პირველი „ცოცხალი რობოტები“ აფრიკული კლანჭებიანი ბაყაყის, Xenopus laevis-ის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნეს. სწორედ მოცემული სახელიდან გამომდინარე უწოდეს მათ ქსენობოტები. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზმების ზომა ერთ მილიმეტრზე ნაკლებია. მეცნიერებმა ისინი საზოგადოების წინაშე პირველად 2020 წელს წარადგინეს. ამ დროს „ცოცხალ რობოტებს“ მოძრაობა, ჯგუფურად მუშაობა და თვითგანკურნება, ანუ აღდგენა შეეძლოთ.
როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმის შემთხვევაში ხდება, შექმნიდან მალევე ქსენობოტების უჯრედებმა კვდომა დაიწყეს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეცნიერებმა გზების ძიება გადაწყვიტეს. მათი მიზანი იყო „ცოცხალი რობოტებისთვის“ თვითგამრავლების ფუნქცია დაემატებინათ. ამისთვის მკვლევრებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით მილიონობით ნიმუში შეამოწმეს და რამდენიმეთვიანი ანალიზის შემდეგ დასახულ მიზანს მიაღწიეს. მეცნიერებმა „მშობელი“ ქსენობოტები შექმნეს, რომლებიც ასობით ერთუჯრედიან ორგანიზმს შთანთქავენ და რამდენიმე დღის შემდეგ მათ „ჩვილ“ ქსენობოტებად აქცევენ. „ახალშობილი“ რობოტები „მშობლებს“ ჰგვანან, მათ მსგავსად მოქმედებენ და გამრავლების უნარით ხასიათდებიან.
სპეციალისტების განცხადებით, ახალი აღმოჩენა ბევრ ტექნოლოგიურ ინოვაციას დაუდებს სათავეს. მათი თქმით, მსგავსი უჯრედების პლასტიკურობისა და სხვადასხვა უნარის გამოყენება მომავალში შესაძლოა, არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმაროს.
NASA-მ Curiosity-ს მიერ მარსზე გადაღებული ახალი პანორამული ფოტო გაავრცელა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) მარსის გამოსაკვლევად გაგზავნილი როვერის, Curiosity-ის მიერ წითელ პლანეტაზე გადაღებული ახალი პანორამული ფოტო გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსმავალმა 360-გრადუსიანი სელფი ციური სხეულის კლდოვანი პეიზაჟის ფონზე 20 ნოემბერს გადაიღო.
NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, პანორამის შესაქმნელად 81 სურათია გამოყენებული. როგორც ცნობილია, შთამბეჭდავი კადრები როვერზე დამონტაჟებულ მექანიკურ მკლავზე განლაგებულმა კამერამ Mars Hand Lens Imager-მა (MAHLI) დააფიქსირა. პანორამულ ფოტოზე მარსის კლდოვან რელიეფთან და Curiosity-ისთან ერთად წითელი პლანეტის ცა მოჩანს, რომელიც მზის შუქით არის განათებული. სურათზე ასევე ციური სხეულის ეკვატორის მახლობლად არსებულ გეილის კრატერში განლაგებული 5.5 კილომეტრი სიმაღლის მქონე შარპის მთის ფერდობებია აღბეჭდილი.
Curiosity აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულის სააგენტოს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) შეიქმნა. NASA-მ ის მარსზე 2011 წლის 26 ნოემბერს ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხზე აშენებული ბაზიდან გაუშვა. 899 კილოგრამი წონის მქონე აპარატი დასაჯდომი მოდულის დახმარებით წითელ პლანეტაზე არსებულ გეილის კრატერში 2012 წლის აგვისტოში დაეშვა. ამჟამად როვერი იქ მდებარე შარპის მთის მიმდებარე ტერიტორიას იკვლევს.
მისიის მიზანი მარსის გეოლოგიური მახასიათებლებისა და კლიმატის შესწავლა, ასევე, რაც ყველაზე მთავარია, წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიმუშების მოძიებაა.
მეცნიერებმა მარილის მარცვლის ზომის მაღალი გარჩევადობის კამერა შექმნეს
მიკროზომის კამერებს ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებისა და პრობლემების აღმოჩენის დიდი პოტენციალი აქვთ, თუმცა ამ დრომდე ისინი მხოლოდ ბუნდოვან, დამახინჯებულ და არასრულფასოვან სურათს გვაწვდიდნენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ამ დაბრკოლების გადალახვა გადაწყვიტეს.
მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის, ულტრაკომპაქტური კამერა შექმნეს, რომელიც მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას ფერთა სრულ სპექტრში, ფართო ხედით გვთავაზობს. მის შესახებ მეცნიერები გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დეტალურად საუბრობენ. სპეციალისტების ცნობით, მოწყობილობაზე ნახევარი მილიმეტრი სიგანის წრეა ამოტვიფრული, რომელიც 1.6 მილიონ ცილინდრს შეიცავს. თითოეული მათგანი შუქის სწორად გადანაწილებასა და ოპტიკური ტალღის ფრონტის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
მეცნიერების მიერ ჩატარებული ტესტირებისას კამერამ 720 x 720-პიქსელიანი ფერადი სურათების გადაღება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ შუქზე ტალღის სიგრძე 400-დან 700 ნანომეტრამდე მერყეობდა. რაც შეეხება სენსორის ხედვის არეს, ის 40 გრადუსს შეადგენს. Nature Communications-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების განცხადებით, კამერამ იმავე ხარისხის კადრების დაფიქსირება შეძლო, როგორსაც ჩვეულებრივი ზომის მაღალი გარჩევადობის ლინზები იღებენ, თუმცა მათგან განსხვავებით ეს სენსორი მილიონ-ნახევარჯერ უფრო პატარაა.
როგორც ცნობილია, პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტებში მომუშავე სპეციალისტებმა კამერა სილიციუმის ნიტრიტისგან დაამზადეს, ზედაპირის ნანოსტრუქტურების წარმოება კი ულტრაიისფერი ლითოგრაფიის დახმარებით შეძლეს. ეს არის ტექნიკა, რომელსაც ნახევარგამტარების დასამზადებლად აქტიურად იყენებენ.
მკვლევართა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი მოწყობილობის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება და კამერის დახმარებით ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესებზე უკეთესად დაკვირვებაა შესაძლებელი. ამას გარდა, სპეციალისტების თქმით, სენსორებით მცირე ზომის რობოტების აღჭურვა და ამ გზით მათი მხედველობის გაუმჯობესება შეიძლება.
დატოვე კომენტარი