Forbes: შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლები

Forbes: შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლები

ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის მონაცემებს ეყრდნობა. Forbes-ის დათვლებით, გასულ წელს, ყველაზე მაღალშემოსავლიანი სუპერვარსკვლავების ათეულმა ერთი წლის წინანდელი შედეგის გაუმჯობესება და $1.35 მილიარდზე მეტის გამომუშავება შეძლო.

საინტერესოა, რომ 2021 წლის რეიტინგის ათეულიდან, რომელშიც ისეთ ცნობილ სახეებს ვხვდებოდით, როგორებიც ბრიუს სპრინგსტინი, კანიე უესტი და Jay-Z იყვნენ, გასული წლის სიაში მხოლოდ სამ მათგანს, ტაილერ პერისა და South Park-ის კრეატორებს: ტრეი პარკერსა და მეთ სტოუნს თუ შევხვდებით.

რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, Forbes-ის სიაში პირველ ადგილს პროგრესული როკის პიონერი, Genesis-ი იკავებს. 2022 წლის რეიტინგის პირველობა Genesis-ს სექტემბერში, Concord Music Group-ისთვის თავისი მუსიკალური უფლებების $300 მილიონად მიყიდვამ მოუტანა. მეორე ადგილზე კი $210 მილიონით, ინგლისელი მომღერალი და მსახიობი სტინგი გვხვდება. აღსანიშნავია, რომ $200-მილიონიანი ნიშნულის გადალახვა სიის ვერცერთმა სხვა წარმომადგენელმა ვერ შეძლო.

Forbes-ის მონაცემებით, შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების განახლებული ათეული ასე გამოიყურება:

  1. Genesis-ი – $230 მილიონი

Genesis-მა 2022 წლის სექტემბერში, თავისი მუსიკალური უფლებები Concord Music Group-ს მიჰყიდა, რამაც მას $300 მილიონი მოუტანა. როკჯგუფის საგამომცემლო უფლებების გარდა, გარიგება მოიცავს სიმღერებსაც, რომლებიც კოლინზმა სოლო-კარიერის განმავლობაში ჩაწერა, მათ შორის მის ჰიტს – „In The Air Tonight”-ს და მუსიკას, რომელიც მან Genesis-ში, კლავიშისტ ტონი ბენკსთან და გიტარისტ მაიკ რეზერფორდთან ერთად შექმნა.

  1. სტინგი – $210 მილიონი

გრემის ჩვიდმეტგზის მფლობელმა გასულ წელს $210 მილიონის გამომუშავება შეძლო. სტინგმა თავისი მუსიკალური კატალოგი, რომელიც მოიცავს მომღერლის როგორც სოლო-კარიერის, ასევე ჯგუფ The Police-თან დაკავშირებულ შემოქმედებას, თებერვალში Universal Music Group-ს $300 მილიონად მიჰყიდა.

  1. ტაილერ პერი – $175 მილიონი

ამერიკელ მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგს კიდევ ერთი მოგებიანი წელი ჰქონდა, რის შედეგადაც, 2021 წლის რეიტინგიდან გასული წლის სიაშიც მოახერხა თავის დამკვიდრება. აღსანიშნავია, რომ პერი მიმდინარე წლის რეიტინგში ერთადერთი მილიარდერია. მისი ქონება, Forbes-ის შეფასებით, $1 მილიარდს უტოლდება.

  1. ტრეი პარკერი და მეთ სტოუნი – $160 მილიონი

რეიტინგში ადგილი South Park-ის დუეტმაც შეინარჩუნა, HBO Max-ის გარიგებისა და „მორმონის წიგნის“, მათი კომედიური მიუზიკლის შემოსავლების წყალობით. 2022 წლის გამომუშავების უდიდესი ნაწილი კი Paramount-ის გარიგებას უკავშირდება, რომელიც 2021 წელს გაფორმდა და დუეტს, მომავალი ექვსი წლის განმავლობაში, $935 მილიონს გადაუხდის.

  1. ჯეიმს ბრუკსი და მეთ გრონინგი – $105 მილიონი

ამერიკელების საყვარელი ანიმაციური სერიალი, The Simpsons-ი, მისი 30-ვე სეზონით, 2019 წლის აპრილში გაფორმებული გარიგებით, FX-დან Disney+-ზე გადავიდა. მანამდე კი Disney-მ $52 მილიარდად Twenty-First Century Fox-ის აქციების უდიდესი ნაწილი შეისყიდა.

  1. ბრედ პიტი – $100 მილიონი

პიტის შემოსავლების უმეტესი ნაწილი მისი საპროდიუსერო კომპანია Plan B-ის აქციების დიდი ნაწილის გაყიდვას უკავშირდება. დამატებით $30 მილიონი კი პიტმა ფილმებიდან, Bullet Train-ი, Babylon-ი და The Lost City გამოიმუშავა.

  1. Rolling Stones-ი – $98 მილიონი

გასულ ზაფხულს, ძირითადად ევროპის მასშტაბით ჩატარებული ტურნეს წყალობით, რომელმაც ჯამში 15 ქალაქი მოიცვა, Rolling Stones-მა $98 მილიონი გამოიმუშავა.

  1. ჯეიმს კამერონი – $95 მილიონი

ჯეიმს კამერონს კი წარმატება კიდევ ერთმა ფილმა, Avatar: The Way of Water-მა მოუტანა, რომლის შემოსავალიც სალაროებში უკვე გასცდა $2 მილიარდს. შედეგად, 2022 წლის ნამუშევარი კამერონის მესამე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, Avatar-ისა (2009) და Titanic-ის (1997) შემდეგ.

  1. ტეილორ სვიფტი – $92 მილიონი

ათეულის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი კი 33 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტია. 2022 წლის ოქტომბერში მეათე სტუდიური ალბომის გამოშვების შემდეგ, სვიფტი პირველი შემსრულებელი გახდა ისტორიაში, რომელმაც Billboard Hot 100-ში პირველი ათი ადგილი მოიპოვა. ერთი თვის შემდეგ ტეილორის 2023 წლის Eras Tour-ზე ბილეთების შეძენის სურვილი 14 მილიონმა გულშემატკივარმა გამოთქვა.

  1. Bad Bunny – $88 მილიონი

შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების განახლებულ რეიტინგში ახალწვეულია პუერტორიკოელი რეპერი Bad Bunny. მან, თავისი ორი ტურნეს განმავლობაში, $400 მილიონის ღირებულების ბილეთების გაყიდვა მოახერხა.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *