გასული კვირა განსაკუთრებით დაიტვირთა საინტერესო და ერთობ საკამათო ტექნოლოგიური სიახლეებით: FDA-მ ელექტროსიგარეტს ავტორიზაცია მიანიჭა, მოსკოვის მეტროში სახის ამომცნობი სისტემა დაინერგა, ხოლო ამერიკაში ოთხფეხა საბრძოლო რობოტი შექმნეს, ზურგზე დამაგრებული ცეცხლსასროლი იარაღით. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ ონლაინგადახდების უკრაინული კომპანია Portmone Group-ი შეიძინა
მიხეილ ლომთაძის მიერ დაარსებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Kaspi-მ ონლაინგადახდების უკრაინული კომპანიის, Portmone Group-ის 100%-იანი წილი შეიძინა. „Portmone-ს შეძენით, მისი საგადასახადო ლიცენზიებისა და მოვაჭრეებთან და ბანკებთან არსებული მნიშვნელოვანი ურთიერთობების წყალობით, Kaspi- უკრაინულ ბაზარზე შესვლას შეძლებს. ნაღდი ფულის გამოყენების მაღალი მაჩვენებლის, სმარტფონების ფართო გავრცელებისა და ორმოცდაორმილიონიანი მოსახლეობის კომბინაცია, უკრაინაში მასშტაბური, მრავალწლიანი ციფრული ზრდის შესაძლებლობას აჩენს. გვჯერა, რომ Kaspi-ს, რომელიც მაღალი ხარისხის მობილური პროდუქტებითა და Super App-ის სტრატეგიით გამოირჩევა, უკრაინელი მომხმარებლებისა და მოვაჭრეების ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა შეუძლია“, – ვკითხულობთ Kaspi-ს ოფიციალურ განცხადებაში.
Kaspi-ს მიზანს, ინოვაციური მობილური პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება წარმოადგენს. Kaspi ეკოსისტემურ ბიზნესმოდელს ეყრდნობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია, რომ ერთი სერვისის ზრდა მეორე სერვისის ზრდას უწყობს ხელს, რითაც განვითარების ერთგვარი წრედი იქმნება. ყაზახეთის ბაზარზე Kaspi უდიდესი ფინანსურ-ტექნოლოგიური ეკოსისტემაა – Forbes-ის ინფორმაციით, ყოველთვიურად, Kaspi-ს შვიდ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ცნობისთვის, ყაზახეთში განხორციელებულ ტრანზაქციათა 66%-ს სწორედ Kaspi ატარებს. 2020 წელს Kaspi-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც იმ წლის უმსხვილეს IPO-დ შეფასდა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, მიხეილ ლომთაძე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მილიარდერებს შორის პირველ ადგილს იკავებს – Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, მისი ქონების ჯამური მოცულობა $5.3 მილიარდს შეადგენს.
მოსკოვის მეტროს შესასვლელებში სახის ამომცნობი ტექნოლოგია დაინერგა
მოსკოვის მეტროს შესასვლელებში სახის ბიომეტრული ამოცნობის სისტემა დაინერგა, რომელიც მომხმარებლებს მგზავრობის საფასურის გადახდას გაუმარტივებს – ამიერიდან, მეტროპოლიტენში შესვლისას, მგზავრებს ტურნიკეტებზე დამონტაჟებული კამერები ამოიცნობენ და მათი საბანკო ანგარიშიდან მგზავრობის საფასურს ავტომატურად ჩამოჭრიან. მოქმედებათა ალგორითმი ასეთია: მგზავრმა მოსკოვის მეტროპოლიტენის აპლიკაცია უნდა გადმოიწეროს, საკუთარი სურათი ატვირთოს და მეტროს და საბანკო ბარათები მიაბას – დანარჩენს ბიომეტრული ტექნოლოგია მიხედავს. ამ სისტემას Face Pay ჰქვია და, როგორც მოსკოვის მეტროპოლიტენის განცხადებიდან ირკვევა, ეს ბიომეტრული გადახდის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სისტემაა.
მოსკოვის მეტროპოლიტენის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბიომეტრული გადახდის სისტემის დანერგვის მთავარი მოტივატორი – სალაროებსა და ტურნიკეტებთან რიგების შემცირებაა. მოსკოვის ინფრასტრუქტურული განვითარების ხელმძღვანელი, მაქსიმ ლიქსუტოვი აღნიშნავს, რომ გადახდის სხვადასხვა სისტემის დანერგვით, უკანასკნელ ათ წელიწადში, სალაროს რიგები 3.3-ჯერ შემცირდა, ხოლო Face Pay ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. მეტიც, ლიქსუტოვი მიიჩნევს, რომ ბიომეტრული გადახდის სისტემის დანერგვისთვის პანდემიური გარემო – იდეალური შესაძლებლობაა.
როგორც ჩანს, ბიომეტრული ამოცნობის ტექნოლოგია, რომელსაც მეტროპოლიტენში დანერგილი ეს სისტემა იყენებს, საკმაოდ განვითარებულია: მგზავრის სახის ამოცნობას არც გამჭვირვალე შუშების მქონე სათვალე უშლის და, არც პირბადე, თუ ამ შემთხვევაში, სახის 40% მაინც დაუფარავია. თუმცა, როგორც ჩანს, სისტემას მგზავრის სახის ამოცნობა არც იმ შემთხვევაში გაუჭირდება, თუ სახის უმეტესი ნაწილი დაფარულია – ამისათვის მას, უბრალოდ, უფრო მეტი დრო დასჭირდება. მეტიც, სისტემას ნამდვილი ადამიანისა და სურათის გარჩევაც შეუძლია.
მოსკოვის მერიის გათვლებით, მომავალ ორ-სამ წელიწადში, Face Pay-ის ქალაქის მეტროპოლიტენის მგზავრთა 10-15% რეგულარულად გამოიყენებს. ცნობისთვის, მოსკოვის მეტროს, ყოველწლიურად, 2.4 მილიარდ მგზავრზე მეტი გადაჰყავს.
Microsoft-ის თქმით, კომპანიამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევა მოიგერია
Microsoft-მა განაცხადა, რომ ამა წლის აგვისტოში, მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური DDoS-ტიპის კიბერშეტევა მოიგერიეს, რომელიც Microsoft-ის მონაცემთა „ღრუბელში“ დამამუშავებელი სერვისის, Azure-ის ერთ-ერთი ევროპული კლიენტისაკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია, რომ კიბერშეტევის პიკში, Microsoft-ის სერვერებზე წამში 2.4 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია იგზავნებოდა, რაც 140%-ით უფრო მეტია, ვიდრე Microsoft-ის მიერ აქამდე მოგერიებული უმსხვილესი კიბერშეტევა, რომელიც 2020 წელს დაფიქსირდა. Microsoft-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ ეს კიბერშეტევა ათ წუთს გრძელდებოდა, მაგრამ Azure-მა მისი მოგერიება შეძლო, რა დროსაც ვებგვერდი სრულად ხელმისაწვდომი იყო.
რაკიღა ასეთი ტიპის კიბერთავდასხმები ბუნებით ფრიად ტექნიკურია, უპრიანი იქნებოდა, მის რაობაზე ორი სიტყვა გვეთქვა. მომხმარებლის დაბლოკვის მიზნით განხორციელებული განაწილებული შეტევა, იგივე DDoS-შეტევა, ფიქსირდება მაშინ, როცა კიბერთავდამსხმელს მიზანში ამოღებული სუბიექტის სერვისის გათიშვა სურს და ამისთვის, მისი მიმართულებით აურაცხელი მოცულობის ინფორმაციას გზავნის – მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოთხოვნებს სისტემა ვერ აუდის და ითიშება.
ცნობისთვის, ბოლო დროს დაფიქსირებულ კიბერთავდასხმებს შორის ეს ერთ-ერთი უმსხვილესია. 2017 წელს Google-მა 2.54 ტერაბაიტ/წამში მოცულობის კიბერთავდასხმა მოიგერია, ხოლო Amazon Web Services-მა 2.3 ტერაბაიტ/წამში მოცულობის კიბერშეტევა უკუაგდო.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ელექტროსიგარეტს მწვანე შუქი აუნთო
სურსათისა და წამლის მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მკაცრმა მარეგულირებელმა, ამერიკულმა FDA-მ, British American Tobacco Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანიის, Reynolds American-ის მიერ წარმოებულ ელექტროსიგარეტს, Vuse Solo-ს მარკეტინგის ნებართვა მიანიჭა. ცნობისთვის, ნიკოტინის მქონე ელექტრონული სიგარეტისთვის, ეს ავტორიზაციის პირველი შემთხვევაა.
FDA-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Reynolds-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ ის საჯარო ჯანმრთელობას არ ვნებს, რის გამოც, მისი გაყიდვა ამერიკის ტერიტორიაზე ლეგალური გახდა. „დღევანდელი ავტორიზაცია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ პრაქტიკის დასანერგად, რომლის თანახმად, თამბაქოს მქონე ყველა პროდუქტმა FDA-ის ჯანმრთელი სამეცნიერო წინასაბაზრო შემოწმება გაიაროს“, – აღნიშნა FDA-ის თამბაქოს პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტჩ ზელერმა. ზელერმა ისიც აღნიშნა, რომ ავტორიზაციის შედეგებს სურსათისა და წამლის ასოციაცია ყურადღებით დააკვირდება და შეისწავლის, ხომ არ მოიზიდავს ამ პროდუქტების გაყიდვა იმ მომხმარებლებს, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებიც თამბაქოს პროდუქტებს მანამდე არ მოიხმარდნენ.
აღსანიშნავია, რომ FDA-ის ავტორიზაციის მისაღებად კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი პროდუქტი საჯარო ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა – ეს ზღურბლი Vuse Solo-ს ავტორიზებულმა პროდუქტებმა წარმატებით გადალახეს, რადგან კომპანიამ დაამტკიცა, რომ აეროზოლის ტიპის ელექტრონული სიგარეტი გაცილებით უფრო უსაფრთხო და ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე აალებადი კოჭის მქონე ელექტრონული სიგარეტი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ავტორიზაცია Vuse Solo-ს ყველა პროდუქტს არ მიუღია – სხვადასხვა გემოს მქონე ათი ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა დღესაც აკრძალულია, ხოლო მენთოლის გემოს მქონე პროდუქტის ავკარგიანობას FDA ახლაც განიხილავს.
ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, მარკეტინგის ავტორიზაცია ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს, თუკი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის პროდუქტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე დააყენებს. საინტერესოა, რომ FDA საკმაოდ ფრთხილია: მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორიზაციის შედეგად Reynolds-მა ამერიკის ბაზარზე ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის უფლება მიიღო, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროდუქტების მოხმარებას ამერიკის მარეგულირებელი ორგანო მხარს უჭერს. „თამბაქოს შემცველობის მქონე ყველა პროდუქტი საზიანოა და დამოკიდებულებას იწვევს, ხოლო იმათ, ვინც თამბაქოს პროდუქტებს არ მოიხმარენ – მათი მიღება არ უნდა დაიწყონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2021 წლის ეროვნული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ამერიკული სკოლების დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეთა 10%-ზე მეტი Vuse-ის ბრენდის ელექტრონულ სიგარეტს მოიხმარს, თუმცა საუბარია თამბაქოს არმქონე პროდუქტებზე. FDA-მ დაადგინა, რომ თამბაქოს გემოს მქონე პროდუქტები ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რაც, საბოლოო ჯამში, მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზეც აისახა.
ცნობისთვის, ელექტრონული სიგარეტების გლობალური ბაზარი საკმაოდ დიდი და მზარდია: Mordod Intelligence-ის დათვლებით, 2020 წელს ელექტრონული სიგარეტების გლობალური ბაზრის მოცულობა თითქმის $19 მილიარდს უტოლდება და 2026 წლისთვის 16.9%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ FDA-ის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ელექტრონული სიგარეტების მწარმოებელი კომპანიების, Philip Morris-ისა და Altria-ს აქციათა ფასმა 2%-ითა და 1.6%-ით იმატა.
Ghost Robotics-მა ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ოთხფეხა რობოტი შექმნა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, Ghost Robotics-მა ავტონომიური ოთხფეხა რობოტი წარმოადგინა, რომელიც მცირე ზომის ცეცხლსასროლი იარაღების კომპანიის, Sword International-ის მიერ წარმოებული იარაღით არის აღჭურვილი. როგორც გავრცელებულ სურათებზე ჩანს, Sword International-ის იარაღი უნივერსალურია და სავარადუდოდ, სხვადასხვა ზომისა და ფორმის რობოტის ჩარჩოებს მოერგება. რაც შეეხება 6.5-კალიბრიან იარაღს, რომელიც მიზანში 1200 მეტრის მანძილზე ისვრის, ის 30X ოპტიკური სამიზნით, თერმული კამერითა და დღისა და ღამის სენსორებით არის აღჭურვილი.
ეს სამხედრო მანქანა პირველად აშშ-ის არმიის ასოციაციის 2021 წლის ყოველწლიური კონფერენციაზე, ვაშინგტონში გამოჩნდა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, Sword International-ისა და Ghost Robotics-ის ეს სამხედრო დანადგარი იყიდება, თუ – არა. ისე კი, Sword-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: „SWORD-ის უსაფრთხოების სისტემების მიერ წარმოებული SPUR-ი ავტონომიური საიარაღო სისტემების მომავალია და ეს მომავალი, უკვე დადგა“.
Ghost Robotics-ისა და Sword International-ის თანამშრომლობის დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Ghost Robotics-ის რობოტები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ცდებში უკვე მონაწილეობენ. გასულ წელს, ოთხფეხა რობოტები ფლორიდაში გამართულ რეგულარულ სამწვრთნელო ოპერაციებშიც გამოიყენეს – ეს რობოტები იმ ადგილებს ზვერავენ, სადაც ადამიანისა და მანქანების ყოფნა არასასურველია.
Boston Dynamics-ი ოთხფეხა რობოტების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საზოგადოებისთვის უფრო ნაცნობი კომპანიაა, თუმცა პროდუქტების დემილიტარიზაცია მათი შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. როგორც ჩანს, Ghost Robotics-ს და ბაზარზე არსებულ სხვა მოთამაშეებს განსხვავებული გეგმები აქვთ. ცნობისთვის, ოთხფეხა რობოტების გამოყენება შეიძლება, როგორც ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის, ისევე რუკების შესადგენად, მათგან მობილური გადაცემის ხაზების შესაქმნელად, ნაღმების განსანაღმვად და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ატომური მასალის აღმოსაჩენად. თავისთვად ცხადია, რომ დროის გასვლასთან და ოთხფეხა რობოტების დახვეწასთან ერთად, მათთვის ახალი ფუნქციები გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ამერიკის კანონმდებლობა ე.წ. „მკვლელი რობოტების“ შექმნასა და გამოყენებას არ კრძალავს, რაც Ghost Robotics-ისა და მსგავს კომპანიების საქმიანობას აიოლებს.
GITA-ს 650-ათასიან საგრანტო პროგრამაში PAYZE-მ გაიმარჯვა
წამყვანმა ქართულმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, PAYZE-მ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 650-ათასლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა, – ორ მხარეს შორის ხელშეკრულება ტექნოპარკში დღეს გაფორმდა.
განცხადებასთან ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო Payze-ს შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს: „PAYZE-მ ოპერირება დაიწყო 2021 წლის იანვარში და 9 თვეში 250,000 ონლაინგადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება და სწრაფად იზრდება როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნესის მიმართულებით“.
„ჩვენი კომპანიისთვის 650-ათასლარიანი გრანტის აღება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ეს რესურსი დაგვეხმარება, შევიმუშაოთ ახალი პროდუქტი ქართული და უზბეკური ბაზრებისათვის, სადაც ჩვენი გაფართოების პირველ პროცედურებს უკვე ვასრულებთ. კერძოდ, პროდუქტი იქნება BNPL (Buy now pay later) მოდელის დანერგვა ჩვენი მერჩანტებისათვის, რათა ადამიანებმა, რომელთაც მოცემულ მომენტში არა აქვთ სრული თანხა, ჩვენი მერჩანტისგან პროდუქტის შეძენა მაინც შეძლონ, ხოლო თანხა შემდეგ გადაიხადონ. მთავარი ბენეფიტი კი იქნება ის, რომ მერჩანტს მომენტალურად გაუჩნდება წვდომა თანხაზე, კლიენტი კი PAYZE-ს მოგვიანებით გადაუხდის პროდუქტის ღირებულებას“, – აღნიშნავს PAYZE-ს თანადამფუძნებელი, კახა გელაშვილი Forbes Georgia-სთან საუბრისას.
ცნობისთვის, ზემოხსენებული საგრანტო პროგრამა GITA-მ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. ამ პროგრამის ფარგლებში, გლობალური პოტენციალის მქონე ქართული სტარტაპები ფინანსდება, რომელთა პროდუქტი საქართველოსთან ასოცირდება.
აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, Payze ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია: ცოტა ხნის წინ ის წამყვანი ამერიკული აქსელერატორის, Y Combinator-ის 2021 წლის საზაფხულო პროგრამაში მოხვდა, რომელიც წარმატებულად დახურა კიდეც.
დატოვე კომენტარი