ახალი წლის დადგომასთან ერთად, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა არაერთი სიახლე დააანონსეს: Asus-მა ორი ახალი ლეპტოპი წარადგინა, John Deere-მა თვითმართვადი ტრაქტორის წარმოების მზაობა დაადასტურა, ხოლო PayPal-მა საკუთარი სტაბილური კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ განაცხადა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
Asus-მა 17-ინჩიანი OLED-დისპლეის მქონე დასაკეცი ლეპტოპი წარმოადგინა
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ტექნოლოგიური კომპანიები დასაკეც ეკრანებს არ უშინდებიან და მათზე არაერთ ექსპერიმენტს ატარებენ – გასულ კვირას ამ ტრენდს Asus-იც შეუერთდა, რომელმაც 17.3-ინჩიანი Zenbook 17 Fold OLED-ი წარმოადგინა, რომელიც მაღაზიებში წელს გამოჩნდება.
Asus-ის უახლესი Zenbook-ი აღჭურვილია მე-12 თაობის Intel Core i7 U-Series-ის პროცესორებით, 16-გიგაბაიტიანი ოპერაციული და 1-ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერებით. გარდა ამისა, მას Asus-ის მიერ დასაკეცი ეკრანებისთვის დამზადებული პროგრამული უზრუნველყოფა, ScreeXpert 2 მოჰყვება, რომელიც დაკეცვის პროცესს ძალიან ამარტივებს.
თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი მძლავრი კომპიუტერისთვის, რომლის ეკრანი, ამასთანავე, ძალიან კაშკაშაა – ბატარეა მთავარი სისუსტეა. თუმცა, როგორც ჩანს, Asus-მა ეს პრობლემა მოაგვარა, რადგან Zenbook 17-ში 75 ვატ-საათის სიმძლავრის ბატარეა არის ჩაშენებული, რომელიც საკმაოდ გამძლე უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ დასაკეცი ლეპტოპის გარდა, Asus-მა ტრადიციული ფორმის მქონე ახალი ლეპტოპი, Zenbook OLED 14 წარმოადგინა, რომელსაც, როგორც სახელიდან ჩანს, 14-ინჩიანი OLED დისპლეი აქვს. ამ ლეპტოპისთვის ორი სხვადასხვანაირი პროცესორი არის ხელმისაწვდომი: მე-12 თაობის Intel Core i7 P-Series-ი და AMD Ryzen 5000-ი.
მიუხედავად იმისა, რომ Asus-ის ახალი ლეპტოპების ფასები ჯერჯერობით უცნობია, ვიცით მათი გამოსვლის სავარაუდო დრო – 2022 წლის აპრილი-ივნისი.
შესაძლოა, PayPal-მა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვას
მას მერე, რაც მედიაში PayPal-ის მიერ სტაბილური კრიპტოვალუტის, PayPal Coin-ის შექმნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კომპანიამ ეს ინფორმაცია დაადასტურა: „სტაბილური კრიპტოვალუტის შექმნის იდეას განვიხილავთ და თუ ამ პროექტის გაგრძელებას გადავწყვეტთ, მასზე მარეგულირებლებთან ერთად ვიმუშავებთ“, – აღნიშნა PayPal-ის კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხოსე ფერნანდეს დე პონტემ.
აღსანიშნავია, რომ სტაბილური კრიპტოვალუტა იმ კრიპტოვალუტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც კონკრეტულ ვალუტაზე ან აქტივზე არის მიბმული – გავრცელებული ინფორმაციით, PayPal Coin-ი ამერიკულ დოლარზე იქნება მიბმული. ფერნანდეს დე ლა პონტემ დასძინა, რომ სპეციალურად ონლაინგადახდებისთვის შექმნილი სტაბილური კრიპტოვალუტა ბაზარზე არ არის, რაც PayPal-ის ინტერესს ხსნის.
Google-მა ღრუბლის უსაფრთხოების ისრაელური კომპანია Siemplify $500 მილიონად შეიძინა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Google-მა ღრუბლის უსაფრთხოების ისრაელური კომპანია, Siemplify $500 მილიონად შეიძინა, რათა ის საკუთარი სისტემის, Chronicle-ის ქოლგის ქვეშ მოაქციოს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებამდე განსაკუთრებით იმატა სხვადასხვა ტიპის კიბერდანაშაულის შემთხვევებმა, ასე რომ Google-ის მიერ საკუთარ პორტფელში კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანიის დამატება მოულოდნელი სულაც არ არის.
„Siemplify ინტუიციური სახელოსნოა, რომელიც უსაფრთხოებაზე მომუშავე ჯგუფებს საშუალებას აძლევს, რისკს უფრო მარტივად გაუმკლავდნენ და საფრთხეები უფრო იაფად მოიგერიონ, – აღნიშნა Google Cloud Secirity-ის ვიცე-პრეზიდენტმა, სუნილ პოტიმ. – Siemplify-ის დახმარებით, უსაფრთხოების ოპერაციული ცენტრის ანალიტიკოსებს საშუალება აქვთ, თავიანთი ოპერაციები სრულად მართონ, კიბერმუქარებს სწრაფად და ზუსტად გაუმკლავდნენ და სულ უფრო და უფრო განვითარდნენ“.
Siemplify ისრაელური კომპანიაა, რომელიც 2015 წელს დაარსდა და მას მერე $58 მილიონის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა მოახერხა. Reuters-ის ინფორმაციით, ამ კომპანიით Google-ი მას მერე დაინტერესდა, რაც მათ გაიგეს, რომ Siemplify ინვესტირების შემდეგი რაუნდისთვის ემზადებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს შენაძენი ეხმიანება Google-ისა და Microsoft-ის მიერ აშშ-ის კიბერუსაფრთხოების გაძლიერების პირობას, რომელიც კომპანიება გასული წლის აგვისტოში გააჟღერეს.
GameStop-ი სათამაშო NFT-ების სავაჭრო სივრცის შექმნას გეგმავს
NFT-ების წარმატება უკვე აღარავის უკვირს – მეტიც, კომპანიები ამ ტრენდს სიამოვნებით აჰყვნენ, რამაც მათ სასურველი ფინანსური სარგებელიც ანახა. მას მერე, რაც Ubisoft-მა და Square Enix-მა განაცხადეს, რომ NFT-ების ბაზარზე შედიან, მათ არც GameStop-ი ჩამორჩა, რომელიც The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სათამაშო NFT-ების სავაჭრო სივრცის შექმნას გეგმავს, რისთვისაც კრიპტოვალუტების ახლად შექმნილ განყოფილებაში დამატებით ოცი ადამიანი აიყვანა. ცნობისთვის, ამ სიახლის გაჟღერების შემდეგ GameStop-ის აქციათა ფასი $159.77-მდე ავარდა.
საინტერესოა, რომ ვიდეოთამაშების დეველოპერული კომპანიების მიერ ამგვარი ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ განცხადებებს მომხმარებლების კრიტიკა მოჰყვა – მას მერე, რაც Ubisoft-მა, Quartz NFT-პლატფორმა წარადგინა, მომხმარებლები იმდენად უკმაყოფილონი იყვნენ, რომ ორი კვირის თავზე კომპანიამ მხოლოდ 18 NFT-ის გაყიდვა მოახერხა. კრიტიკას Ubisoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ივ გილმომ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამგვარი რეაქცია ძალიან ჰგავს მომხმარებლების რეაქციას მიკროტრანზაქციებისა და სხვადასხვა სათამაშო ყუთების შემოღებასთან დაკავშირებით, ასე რომ მოსალოდნელია, რომ მომხმარებლები ამ ტექნოლოგიასაც შეეგუებიან.
John Deere-მა თვითმართვადი ტრაქტორი წარმოადგინა
სოფლის მეურნეობის ტექნიკის გიგანტმა, John Deere-მა თვითმართვადი ტრაქტორი წარმოადგინა და დასძინა, რომ ის წარმოებისთვის მზად არის და წლის ბოლომდე გაიყიდება. თვითმართვადი ტრაქტორის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის სრულად ავტონომიურია და მისი ჩართვის შემდეგ ფერმერი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავებას შეძლებს, რაც საბოლოო ჯამში, ფერმერობას უფრო ეფექტიანს და ნაკლებად შრომატევად საქმედ აქცევს.
აღსანიშნავია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც John Deere-ი ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მუშაობს – პირველი თვითმართვადი ტრაქტორი კომპანიამ ჯერ კიდევ 2019 წელს წარმოადგინა. ის ტრაქტორი GPS-სა და სხვადასხვა ტიპის სენსორებს იყენებდა, რაც 2.5-სანტიმეტრიან ცდომილებას იძლეოდა. John Deere-ის ტრაქტორის ახალი მოდელი ექვს სტერეოკამერას იყენებს, ხოლო შეგროვებულ მონაცემებს ჩაშენებული ნეირონული ქსელი ამუშავებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ტრაქტორის ფასი ჯერჯერობით უცნობია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის მსხვილ კომერციულ კლიენტებზე უფრო არის გათვლილი, ვიდრე ინდივიდუალურ ფერმერებზე.
KFC-მ Beyond Meat-ის მცენარეული ქათმის ნაგეტსების გაყიდვა დაიწყო
სწრაფი კვების ამერიკულმა ქსელმა, KFC-მ Beyond Meat-ის მცენარეული ქათმის ნაგეტსების გაყიდვა მთელი ამერიკის მასშტაბით დაიწყო – ახალი პროდუქტი KFC-ის მენიუში მცირე დროით გამოჩნდება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ცალკე, ასევე მცენარეულ მენიუსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ მცენარეული ქათამი ლიმიტირებული დროით გაიყიდება – მანამ, სანამ მარაგები არ ამოიწურება.
Beyond Fried Chicken-ის სახელით ცნობილი მცენარეული ქათამი, რომელიც Beyond Meat-მა ექსკლუზიურად KFC-სთვის შექმნა, პირველად 2019 წელს, ატლანტაში მდებარე რესტორანში გამოჩნდა. ამგვარ სიახლეს ატლანტის მცხოვრებლები სიხარულით შეხვდნენ – რესტორანთან მალევე რიგი გაჩნდა, ხოლო მარაგები ხუთ საათში ამოიწურა. მოგვიანებით, ექსპერიმენტი ნეშვილში, შარლოტში და სამხრეთ კალიფორნიაშიც ჩატარდა, სადაც მცენარეული ქათმის მარაგები ერთ კვირაში ამოიწურა.
დატოვე კომენტარი