გასული კვირა გლობალური ტექნოლოგიური სამყაროსთვის განსაკუთრებით და მრავალმხრივად საინტერესო აღმოჩნდა: Tesla-მ დოჯკოინით ვაჭრობა დაუშვა, Block-მა კრიპტოვალუტების მაინინგის ახალი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ გვაუწყა, ხოლო Take-Two Interactive-მა მობილური ვიდეოთამაშების გიგანტი, Zynga შეიძინა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
The Associated Press-ი საკუთარი ფოტოსურათების NFT-ებად გადაქცევას გეგმავს
გასულ კვირას NFT-ების გლობალურ ტრენდს კიდევ ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, The Associated Press-ი შეუერთდა, რომელიც 31 იანვრიდან, მრავალი ჯილდოთი შემკულ და ისტორიულად მნიშვნელოვან ფოტოსურათებს NFT-ების სახით გაყიდის. ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომპანიამ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე მომუშავე Xooa-ს მიმართა, რომელიც AP-სთვის სავაჭრო სივრცეს, ე.წ. „მარკეტპლეისს“ შექმნის – NFT-ების პირველი კოლექცია სწორედ ამ პლატფორმაზე განთავსდება.
NFT-ებად ქცეული ნიმუშების პირველ კოლექციაში კოსმოსის, კლიმატისა და ომის ამსახველი და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული ფოტოსურათები შევა. გარდა სურათისა, თითოეულ NFT-ში ასახული იქნება თავდაპირველი სურათის გადაღების ადგილი, დრო, თარიღი და ფოტოგრაფის მიერ შერჩეული კამერა. აღსანიშნავია, რომ AP-ის პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება აპლიკაციების როგორც ყიდვა, ასევე გაყიდვა, მათ შორის საკრედიტო ბარათებითა და კრიპტოვალუტებით.
გამომდინარე იქიდან, რომ NFT-ებთან დაკავშირებულ ერთ-ერთი მთავარ პრობლემას ამ ციფრული აქტივების ბუნებაზე უარყოფითი ზეგავლენა შეადგენს, საკუთარ NFT-ებს The Associated Press-ი Polygon-ის ბლოკჩეინზე გამოუშვებს.
Tesla-ს ვებგვერდზე გარკვეული ნივთების შეძენა ამიერიდან Dogecoin-ით არის შესაძლებელი
მას მერე, რაც Tesla-მ საკუთარ ვებგვერდზე მანქანების გარდა სხვა პროდუქტების გაყიდვაც დაიწყო, ამ ფუნქციონალს კიდევ ერთი სიახლე დაემატა: ამიერიდან, თუკი Tesla-ს კიბერსასტვენის ($58), ქამრის შესაკრავი ბალთისა ($161) და საბავშვო კიბერკვადროციკლის ($2320) შეძენა გსურთ, დოჯკოინების ყიდვა დაგჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ამ ნივთების შეძენა მხოლოდ დოჯკოინით არის შესაძლებელი, რადგან დოლარით გადახდის ფუნქციონალი ვებგვერდზე აღარ ჩანს.
Tesla merch buyable with Dogecoin
— Elon Musk (@elonmusk) January 14, 2022
Tesla-ს მიერ ამ ფუნქციონალის დამატებისა და დოჯკოინის პოტენციალის შესახებ ილონ მასკმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში ისაუბრა, როცა განაცხადა, რომ დოჯკოინი ბიტკოინზე უფრო ეფექტიანია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Tesla-მ საკუთარი პროდუქტების გაყიდვა კრიპტოვალუტების საშუალებით დაუშვა – 2021 წლის თებერვალში კრიპტოვალუტით მანქანების შეძენაც შეიძლებოდა, მაგრამ ბიტკოინის ბუნებაზე უარყოფითი ზეგავლენის გამო, ეს პროგრამა მალევე დაიხურა.
ცნობისთვის, ილონ მასკის განცხადების შემდეგ, დოჯკოინის ფასმა 14%-ით იმატა.
Take-Two Interactive-ი ვიდეოთამაშების დეველოპერის, Zynga-ს შეძენას $12.7 მილიარდად გეგმავს
ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია Take-Two Interactive-ი, რომელიც სხვა კომპანიებთან ერთად GTA-ის შემქმნელ Rockstar-ს და საკალათბურთო თამაშების შემქმნელ 2K Games-ს ფლობს, ვიდეოთამაშების დეველოპერის, Zynga-ს შეძენას $12.7 მილიარდად გეგმავს. ამ სვლით, Take-Two Interactive-ი მობილური ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში სოლიდურ მოთამაშედ გადაიქცევა. ტრანზაქციის დახურვა 2023 წლის პირველ კვარტალში არის მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი ვიდეოთამაშებით თავს Zynga-ც მშვენივრად მოიწონებს: სწორედ მათ ეკუთვნით Facebook-ზე არსებული ჟანრის კლასიკად ქცეული საკულტო თამაში FarmVille-ი, ულტრაპოპულარული თამაში Words With Friends-ი და Among Us-ის მსგავსი თამაში, Revamp-ი.
„მობილური ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში Zynga-ს ექსპერტული ცოდნა და შემდეგი თაობის პლატფორმები, ასევე Take-Two-ს საუკეთესო შესაძლებლობები და ინტელექტუალური საკუთრება საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი მისია აღვასრულოთ და მსოფლიო ერთმანეთს თამაშებით დავაკავშიროთ“, – აღნიშნა Zynga-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ფრენკ გიბომ.
ცნობისთვის, Take-Two-ს ეს $12.7-მილიარდიანი ტრანზაქცია ვიდეოთამაშების ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია.
Apple: 2008 წლის შემდეგ App Store-ის დეველოპერებმა $260 მილიარდზე მეტი იშოვეს
გასულ კვირას Apple-მა App Store-ის დეველოპერების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა: როგორც ირკვევა, 2008 წლიდან, როცა App Store-ი პირველად გაეშვა, დეველოპერებმა $260 მილიარდზე მეტი გამოიმუშავეს. საინტერესოა, რომ ამ თანხის 23%-ზე მეტი, ანუ $60 მილიარდი, 2021 წელიწადზე მოდის.
ფინანსური მონაცემების გარდა, Apple-ის პრესრელიზში ნახსენებია დეველოპერებისა და უშუალოდ Apple-ის მიერ შექმნილი სხვადასხვა სერვისის გამოწერის სტატისტიკაც – საერთო ჯამში, სხვადასხვა სერვისს 745 მილიონი აქტიური და გადახდისუნარიანი გამომწერი ჰყავს.
თუმცა ეს ამბავი აქ არ მთავრდება: მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერების მიერ გამომუშავებული თანხა ხელწამოსაკრავი სულაც არ არის, მათი უმეტესობა Apple-ის საკომისიო გადასახადებით, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში 30%-ს უტოლდება, ჯერ კიდევ უკმაყოფილოა. ამასთანავე, Apple-ისა და Epic Games-ს შორის App Store-ის პოლიტიკის სამართლიანობაზე დაწყებული სამართლებრივი საგა ჯერჯერობით არ დასრულებულა.
ჯეკ დორსის Block-ი ბიტკოინის მაინინგის ღია სისტემის შექმნას გეგმავს
ონლაინგადახდების ამერიკული გიგანტი, Block-ი (ყოფილი Square-ი) ბიტკოინის მაინინგის ღია სისტემის შექმნას გეგმავს, რომელიც მაინინგის დახვეწს და გაამარტივებს მაინინგის პროცესს, გაზრდის ენერგოეფექტიანობას და შეამცირებს მაინინგთან დაკავშირებულ ხმას. საბოლოო ჯამში, კრიპტოვალუტის მაინინგის საშუალებას ნებისმიერ ადამიანს მისცემს, სახლის პირობებში.
We’re officially building an open bitcoin mining system ✨ https://t.co/PaNc7gXS48
— jack⚡️ (@jack) January 13, 2022
„გვსურს, რომ მაინინგი ყველანაირად უფრო დეცენტრალიზებული და ეფექტიანი იყოს, აპარატურის შეძენით, დამონტაჟებით და მოვლით დაწყებული და მაინინგით დამთავრებული“, – განაცხადა კომპანიის აპარატული უზრუნველყოფის გენერალურმა დირექტორმა, თომას ტემპლტონმა. „ამ საქმით იმიტომ ვართ დაინტერესებული, რომ მაინინგი მხოლოდ ახალი ბიტკოინის შექმნა როდია. ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც სრულად დეცენტრალიზებული და უნებართვო მომავლის გრძელვადიან საჭიროებას“.
აღსანიშნავია, რომ Block-ის ეს გადაწყვეტილება სრულად ეხმიანება კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეკ დორსის განცხადებას, რომლის თანახმად, დროთა განმავლობაში, ბიტკოინი ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ Block-ი კრიპტოსაფულესაც ფლობს, სახელწოდებით Cash App-ს, რომლითაც ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა არის შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანია ფიზიკურ კრიპტოსაფულესაც ავითარებს და გასული წლის თებერვალში $170 მილიონის მოცულობის ბიტკოინიც შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ Square-მა გასული წლის დეკემბერში რებრენდინგი განიცადა და Block-ად გადაიქცა, რაც, ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიის პორტფელში არსებული კრიპტოვალუტებისა და სხვადასხვა სახის ბლოკჩეინპროდუქტების ზრდამ განაპირობა. აქედან გამომდინარე, ჯეკ დორსის განცხადება ბიტკოინის მაინინგის ღია სისტემის შექმნასთან დაკავშირებით სრულად ეხმიანება კომპანიის განახლებულ სტრატეგიას.
Square-ი ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ 2009 წელს დააარსა, როცა Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად დაემშვიდობა. იმ დროს კომპანიის ერთადერთი პროდუქტი ბარათების მობილური წამკითხველი იყო, რომელიც გამყიდველებს პროდუქტების გაყიდვის საშუალებას მობილური ტელეფონით აძლევდა. მას მერე კომპანია განვითარდა: დღეს Square-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და ფულის გასესხებაც კი არის შესაძლებელი.
Microsoft-მა Xbox One-ის კონსოლების გამოშვება შეწყვიტა
მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის ფონზე, ყველაზე პოპულარული სათამაშო კონსოლების, Xbox Series X-ისა და PlayStation 5-ის შემქმნელები Microsoft-ი და Sony შეკვეთების დაკმაყოფილებას ვერ ასწრებენ, რის გამოც, ამ კონსოლების პოვნა და შეძენა – ძალიან რთულია.
ამ პრობლემის გადასაჭრელად Sony-მ წინა თაობის კონსოლის, PlayStation 4-ის წარმოება გაზარდა, მაგრამ Microsoft-მა განსხვავებული მიდგომა აირჩია და Xbox One X-ისა და Xbox One S Digital-ის შემდეგ, Xbox One-ის გამოშვებაც შეწყვიტა. საქმე ისაა, რომ ზემოთ ხსენებული ნაკლებად მოთხოვნადი კონსოლების წარმოებისთვის Microsoft-ის ისედაც ლიმიტირებული რესურსები იხარჯება, რის გამოც, კომპანიას ურჩევნია, რომ წარმოება სრულად Xbox Seriex X/S-სკენ მიმართოს.
როგორც ჩანს, Microsoft-ის ეს სტრატეგია ამართლებს, რადგან ცოტა ხნის წინ Xbox-ის ხელმძღვანელმა, ფილ სპენსერმა განაცხადა, რომ ბოლო დროს კომპანიამ Series X-ისა და Series S-ის გაცილებით უფრო მეტი კონსოლი გაყიდა, ვიდრე Xbox-ის სხვა მოდელებისა. ანალიტიკოსების ვარაუდით, Microsoft-ის ამ ორი სათამაშო კონსოლის გაყიდვებმა 12 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
IPO-ს შემდეგ, Virgin Orbit-მა კოსმოსში პირველი სატელიტები განათავსა
ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური სატელიტების კომპანიამ, Virgin Orbit-მა 13 იანვარს მესამე სატელიტური მისია შეასრულა, რომლის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე შვიდი მცირე ზომის საკვლევი სატელიტი განათავსა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მისია იყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ საკუთარი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე განათავსა.
კომპანიის IPO-ს შესახებ Virgin Orbit-მა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რითაც 2021 წლის ერთგვარ ტრენდს არ ჩამორჩა – შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფონდო ბირჟაზე კიდევ ორი მცირე სატელიტების გამშვები კომპანიები, Astra და Rocket Lab-ი დაილისტნენ.
საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების განთავსება Virgin Orbit-მა საინტერესოდ აღნიშნა: 7 იანვარს, კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დენ ჰარტმა NASDAQ-ის გახსნის ზარი ჩამოჰკრა, რა დროსაც ტაიმზ-სკვერზე კომპანიის მთავარი რაკეტის, LauncherOne-ის მოდელი განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაარსებული Virgin Orbit-ი ერთ-ერთი გამორჩეულია ორბიტაზე ხელოვნური თანამგზავრების გამშვებ კომპანიებს შორის, რადგან კომპანიის მიერ განვითარებული ტექნოლოგიის გამოყენებით (ასაფრენ მოწყობილობად ისინი გადაკეთებულ Boeing 747-ს იყენებენ), „სატელიტების გაშვება შეიძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი ორბიტის მიმართულებით“.
General Motors-ი მეორეული მანქანების ონლაინმაღაზიას ხსნის
მსოფლიო ავტოინდუსტრიის ამერიკული გიგანტი, General Motors-ი მეორეული ავტომობილების ცხელ ბიზნესში შედის, რისთვისაც ახალ ბრენდს, CarBravo-ს 2022 წლის გაზაფხულზე გაუშვებს. აღსანიშნავია, რომ კერძო დილერებისა და უშუალოდ GM-ის საკუთრებაში არსებული მანქანების გარდა, საიტზე სხვა ბრენდების მანქანებიც განთავსდება, რითაც CarBravo მის მთავარ კონკურენტებთან, Carvana-სთან, CarMax-თან და Vroom-თან კონკურენციას გაუმარტივებს.
Tesla-ს და Lucid-ის მსგავსმა თანამედროვე ავტომწარმოებლებმა მანქანებით ვაჭრობის ახლებური ბიზნესმოდელი შეიმუშავეს – მომხმარებლები მათ მანქანებს პირდაპირ ვებგვერდიდან ყიდულობენ. ამრიგად, ტრადიციული ავტოდილერები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და, შეიძლება ითქვას, იძულებულები გახდნენ, გაერთიანებულიყვნენ.
დატოვე კომენტარი