მსოფლიო ტექნოლოგიური სიახლეებით თავი არც გასულმა კვირამ მოგვაწყინა: აშშ-ის ავიაციის მთავარმა მარეგულირებელმა რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ის ფრენები შეაჩერა, TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა ვირტუალური რეალობის სათვალეების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი – Pico შეიძინა, Amazon-მა საკუთარი წარმოების ტელევიზორები დააანონსა, ხოლო იაპონიის ერთ-ერთმა წამყვანმა ფონდმა, The Nippon Foundation-მა, პირველი თვითმართვადი სატვირთო გემის გაშვების თარიღი გვამცნო. ამ და სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ Virgin Galactic-ის ფრენები შეაჩერა
რიჩარდ ბრენსონის კოსმოსური ხომალდების კომპანია Virgin Galactic-ს პრობლემები შეექმნა: რამდენიმე დღის წინ, ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ – აშშ-ში ავიაციის მთავარი მარეგულირებელი ორგანო – კომპანიის მიერ ჩატარებული პირველი ეკიპაჟიანი გაფრენისას არსებული გადაცდომების შესწავლა დაიწყო და ახლა, კომპანიას სამომავლო ფრენების ჩატარების უფლება დროებით შეუზღუდა. საუბარია 11 ივლისის ფრენაზე, რომელსაც ხუთკაციანი ეკიპაჟი ესწრებოდა, მათ შორის Virgin Group-ის დამაარსებელი, რიჩარდ ბრენსონი.
აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე დაბრუნების დროს, Virgin Galactic-ის ხომალდმა წინასწარ შეთანხმებული ტრაექტორიიდან გადაუხვია, რამაც, საჯარო უსაფრთხოების დაცვის არგუმენტზე დაყრდნობით, ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას ამ გადაცდომის შესწავლის საშუალება მისცა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ლიცენზიის მიღების ერთ-ერთ წინაპირობას, სწორედაც რომ წინასწარ შეთანხმებული ტრაექტორიის მიმდევრობა წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic-ის ხომალდი მოგზაურობის ტრაექტორიას ერთი წუთისა და 41 წამის განმავლობაში დასცილდა, თუმცა, ამავე დროს, არ მოშორებია მისთვის განკუთვნილ გეოგრაფიულ არეალს – სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას ქალაქის თავზე არ უფრენია. „მიუხედავად იმისა, რომ ფრენის საბოლოო ტრაექტორია ჩვენს თავდაპირველ გეგმას დაშორდა, ფრენა კონტროლირებადი და გამიზნული იყო, რომლითაც, Unity 22-მა წარმატებით მიაღწია კოსმოსს და დედამიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა“, – აღნიშნა Virgin Galactic-ის პრეს-სპიკერმა The Wall Street Journal-თან საუბრისას.
ცოტა ხნის წინ, ერთი შეხედვით წარმატებულად ჩატარებული გაფრენის შემდეგ, Virgin Galactic-მა კომერციული ფრენები დააანონსა: სექტემბრის ბოლოს, კომპანიის კოსმოსური ხომალდით იტალიის საავიაციო ძალებისა და კვლევის ეროვნული საბჭოს წევრები უნდა გამგზავრებულიყვნენ, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დედამიწის მიზიდულობიდან უგრავიტაციო სივრცეში გადასვლის გავლენას შეისწავლიდნენ. თუმცა, ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებით შეიძლება ეს პროცესი შეყოვნდეს. „შეიძლება, Virgin Galactic-ის SpaceShipTwo ფრენებს მანამ არ დაუბრუნდეს, სანამ ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია გადაცდომის შესახებ საბოლოო მოხსენებას წარადგენს ან დაადგენს, რომ ასეთი გადაცდომები საჯარო უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ არ აყენებს“, – აღნიშნა ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის წარმომადგენელმა TechCrunch-თან საუბრისას.
აშშ-ის ავიაციის მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ Virgin Galactic-ი მარეგულირებელთან შეთანხმების გაფორმებას ცდილობს: „როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციასთან ვთანამშრომლობთ, რათა შევისწავლოთ ეს მოკლეხნიანი ინციდენტი, რომლის დროსაც კოსმოსური ხომალდი იმაზე დაბლა დაეშვა, ვიდრე Unity 22-ის მისიისთვის იყო დაშვებული. ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და ამჟამად მიზეზებს ვსწავლობთ, რათა ასეთი ინციდენტი მომავალში თავიდან ავირიდოთ“.
ByteDance-ი VR სათვალის ჩინურ მწარმოებელს, Pico-ს ყიდულობს
2020 წელს მსოფლიოში ყველაზე ხშირად გადმოწერილი აპლიკაციის, სოციალური ქსელი TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი, ვირტუალური რეალობის სათვალის მწარმოებელ ჩინურ კომპანია Pico-ს ყიდულობს, – ამის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, როგორც დასავლურ, ისე ჩინურ მედიაში. „[Pico-ს] ყოველმხრივად განვითარებული პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფა, ისევე როგორც მისი გუნდის ნიჭიერება და მრავალწლიანი გამოცდილება, ერთი მხრივ, ვირტუალური რეალობის სივრცეში შესვლას გაგვიმარტივებს, ხოლო მეორე მხრივ, ამ ახლადაღმოცენებულ ინდუსტრიაში ჩვენს ინვესტიციას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა ByteDance-ის წარმომადგენელმა CNBC-სთან საუბრისას.
Internal Data Corporation-ის ინფორმაციით, 2015 წელს დაარსებული Pico ვირტუალური რეალობის სათვალეების მსოფლიოში სიდიდით მესამე მწარმოებელია – 2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, კომპანიის გაყიდვებმა 44.7%-ით იმატა. პირველ და მეორე ადგილებს Facebook-ის შვილობილი კომპანია Oculus-ი და ჩინური DPVR-ი იკავებენ. Pico-ს ვირტუალური რეალობის სათვალეები განკუთვნილია როგორც პირადი, ასევე პროფესიონალური მოხმარებისთვის – ოფისში მათი გამოყენების და ჰიგიენის ნორმების დაცვის გათვალისწინებით, თითოეულ სათვალეს თვალის რამდენიმე ნიჟარა მოჰყვება, რომელთა გარეცხვაც შეიძლება.
Pico-ს ვირტუალური რეალობის სათვალეების უახლესი სერიის, Pico Neo 3-ის მოდელები აღჭურვილია ოთხი კამერით, ხოლო სამართავი კონტროლერები 6DoF ტექნოლოგიას იყენებენ, რაც მოძრაობის აღქმას კიდევ უფრო აუმჯობესებს. წონათა ბალანსის დასაცავად, Pico-ს სათვალის ელემენტები უკანა მხარეს მდებარეობს – ისინი 5300 მილიამპერ-საათის სიმძლავრისაა, რაც მოწყობილობის 3-დან 3.5 საათამდე გამოყენებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ Pico-ს შეძენით, ByteDance-ი ვირტუალური რეალობის სამყაროში ფეხის შედგმას აპირებს. მიმდინარე წლის მარტში ByteDance-მა სატელეფონო თამაშების მწარმოებელი სტუდია Moonton-ი $4 მილიარდად შეიძინა. მათ მთავარ კონკურენტად Facebook-ის Oculus-ი რჩება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეები სწრაფად ჩნდებიან. აი, გასულ წელს, მაგალითად, Apple-მა ვირტუალურ რეალობაზე მომუშავე კომპანია NextVR შეიძინა.
დღეს, ვირტუალური რეალობა განსაკუთრებით პოპულარულ სფეროდ იქცა – ამ ტექნოლოგიას სულ უფრო და უფრო მეტი ბიზნესი იყენებს, იქნება ეს გართობისთვის, ვარჯიშისა თუ საქმიანი შეხვედრებისთვის. აღსანიშნავია, რომ Facebook-ი ვირტუალურ რეალობაზე მნიშვნელოვან გეგმებს ამყარებს: ცოტა ხნის წინ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Oculus Horizon Workrooms-ი წარადგინა – ვირტუალური სივრცე, რომელშიც შეხვედრებისა და კონფერენციების ჩატარება შეიძლება. Facebook-ის დამაარსებელ მარკ ცუკერბერგს მისი კომპანიის მეტავერსად გადაქცევა სწორედ ვირტუალური რეალობის გზით ესახება – ამ იდეას, ცუკერბერგი „ხორცშესხმულ ინტერნეტს“ უწოდებს.
Dyson-ი უფრო მოქნილ ავტონომიურ მტვერსასრუტზე მუშაობს
როგორც ჩანს, ბრიტანული Dyson-ი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ისეთ ავტონომიურ რობოტზე მუშაობს, რომელიც კიბეებისა და ღია თაროების გაწმენდას შეძლებს – ამის შესახებ ინფორმაცია ახლად გავრცელებულ საპატენტო ინფორმაციაში ჩანს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, Dyson-ის რობოტიკის განყოფილებაში ისეთ რობოტებს ქმნიან, რომელთაც, ერთი მხრივ, სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ურთიერთობა შეუძლიათ, ხოლო მეორე მხრივ, სახლში არსებული ბუნებრივი წინაღობების გადალახვა, მათ შორის კიბეებზე აძრომა და დახურული კარადების გამოღება. გაერთიანებული სამეფოს ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ Dyson-ის მიერ დაპატენტებულ მოწყობილობებს კიბეებზე ასვლა და მათი დასუფთავება შეუძლიათ, ხოლო რობოტული ხელებით აღჭურვილ რობოტებს, ჭიქების დაჭერა და კარადების გახსნა ერთდროულად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ Dyson-რობოტიკის განყოფილებაში ავტონომიურ მტვერსასრუტზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
ამ რობოტების ბაზარზე გამოჩენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მეტიც – არავინ იცის, ეს პროექტები საერთოდ დასრულდება თუ არა. ნებისმიერი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის მსგავსად, Dyson-იც ყოველწლიურად არაერთ პატენტს არეგისტრირებს, რომელთაგან ბევრი დღის შუქზე არასდროს გამოდის. „არაერთ საპატენტო განაცხადს ვავსებთ, მაგრამ არასდროს ვაკონკრეტებთ გამოვიყენებთ თუ არა ამა თუ იმ ტექნოლოგიას მომავალში“, – აღნიშნა Dyson-ის პრეს-სპიკერმა „ბლუმბერგთან“ საუბრისას. მსგავსი პათოსის ტექსტი Dyson-ის ინტელექტუალური საკუთრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გილ სმითმა ჯერ კიდევ მაისში გაავრცელა: „Dyson-ში ახალ პატენტებს ყოველკვირეულად ვარეგისტრირებთ და აი, ცოტა ხნის წინ, ახალი მტვერსასრუტი გამოვუშვით, სახელწოდებით „The Ball“, რომლის შესაქმნელად სამი წელი დაგვჭირდა. მისი ტექნოლოგია მსოფლიოს გარშემო რეგისტრირებული 182 პატენტითაა დაცული“.
Dyson Limited-ი 1991 წელს დაარსებული ბრიტანული კომპანიაა, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკას, მათ შორის მტვერსასრუტებს, ჰაერის გამწმენდებს და სხვა სახის პროდუქტებს აწარმოებს. 2018 წლის თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო კომპანიას 12 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 2019 წელს, კომპანიამ $7.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
Amazon-ი საკუთარი ბრენდის ქვეშ ტელევიზორების გამოშვებას გეგმავს
მიმდინარე წლის ოქტომბერში Amazon-ი საკუთარი ტელევიზორის გამოშვებას გეგმავს, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს. ავტორიტეტული მედიასაშუალების თქმით, ტელევიზორებს სხვადასხვა ზომის, 55-დან 75 დიუმამდე ეკრანი და ვირტუალური ასისტენტის, Alexa-ს მხარდაჭერა ექნებათ – ამ ეტაპზე Amazon-ის ტელევიზორებს ჩინური TCL-ი დაამზადებს. როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Amazon-ი საკუთარი წარმოების, ე.წ. „in-house“ ტელევიზორებზეც მუშაობს, თუმცა მათი გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ტელევიზორებთან შეხება Amazon-ს აქამდეც ჰქონია: Toshiba-ს და Insignia-ს გარკვეული ტელევიზორები Amazon-ის Fire TV პროგრამული უზრუნველყოფითაა აღჭურვილი, ხოლო ინდოეთში მათი ბრენდინგის მქონე ორი ტელევიზორიც იყიდება. თუმცაკი, ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, Amazon-ის გრძელვადიან გეგმებზე მიუთითებს: სავარაუდოდ, ისინი ტელევიზორების წამყვანი ბრენდების, მათ შორის LG-სა და Samsung-ის კონკურენტებად ჩამოყალიბებას გეგმავენ.
Samsung-მა ტელეფონის კამერის 200-მეგაპიქსელიანი სენსორი წარმოადგინა
Samsung-მა ტელეფონის 200-მეგაპიქსელიანი ფოტოსენსორი წარმოადგინა, რაც, ამ დრომდე, ისტორიაში ყველაზე ფართო რეზოლუციის მქონე სატელეფონო კამერის სენსორია – თუკი ამ კამერით სურათს გადაიღებთ, 16,384 x 12,288 გაფართოების მქონე სურათს მიიღებთ. ამ სენსორს ISOCELL HP1 ჰქვია და ის ChameleonCell-ის გამოსხივების პიქსელურ ტექნოლოგიას იყენებს.
ოთხი მეზობლად მდგომი პიქსელის შეკრებით, სენსორს 200-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღება შეუძლია, ხოლო მათი ორი-ორზე შეკრებისას, სურათები 50-მეგაპიქსელის რეზოლუციის გამოდის. აღსანიშნავია, რომ ამ სენსორის გამოყენებით 8K რეზოლუციის მქონე ვიდეოების გადაღებაც შეიძლება: ამისთვის, HP1 ოთხ მეზობლად მდგომ პიქსელს კრებს და რეზოლუციას 50 მეგაპიქსელამდე ამცირებს.
ცნობისთვის, Samsung-მა მეორე ფოტოსენსორიც წარმოადგინა – ISOCELL GN5. ეს ფოტოსენსორი 50-მეგაპიქსელიანია და ინდუსტრიაში პირველი, რომელიც 1.0 μm-იანი პიქსელებს და Dual Pixel Pro ტექნოლოგიას იყენებს. მარტივად რომ ავხსნათ, ის ტელეფონის კამერების ამ დრომდე არსებულ ფოტოსენსორებს შორის ყველაზე დიდის – Xiaomi-ს Mi 11 Ultra-ში გამოყენებული 1.4 μm-იანი GN2-ის უფრო მცირე ანალოგია.
იაპონიაში პირველი თვითმართვადი სატვირთო გემი გაეშვება
2022 წლის თებერვალში, იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფონდი The Nippon Foundation, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს გადამზიდავ კომპანია Nippon Yusen KK-ს ფლობს, ტოკიოს ნავსადგურიდან მიეს პრეფექტურის საპორტო ქალაქ ისემდე თვითმართვადი სატვირთო გემის გაშვებას გეგმავს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღსანიშნავია, რომ დატვირთული საზღვაო მიმოსვლის მქონე წყლებში, ეს თვითმართვადი სატვირთო გემის პირველი სატესტო მოგზაურობა იქნება, რა დროსაც ის 380 კილომეტრს დაფარავს.
Allied Market Research-ის კვლევის მიხედვით, 2030 წლისათვის თვითმართვადი გადაზიდვების ინდუსტრია ჯამურად $166 მილიარდს მიაღწევს. ამის პარალელურად, The Nippon Foundation გეგმავს, რომ 2040 წლისათვის, თვითმართვადმა გემებმა იაპონიის შიდა ფლოტის 50% შეადგინონ. „ჩვენი მიზანია, გემების ავტომატიზაციის კუთხით იაპონია მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა გახდეს“, – აღნიშნა Nippon Yusen-ის შვილობილი კომპანიის, Japan Marine Science Inc.-ის გენერალურმა დირექტორმა, სატორუ კუვაჰარამ.
კუვაჰარას თქმით, იაპონიას თვითმართვადი გემები ძალიან სჭირდება, რადგან ქვეყნის მოსახლეობა სწრაფად ბერდება, ხოლო სამუშაო ძალა მცირდება. უკანასკნელი კვლევის თანახმად, შიდა საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში დასაქმებულთა თითქმის 40% – 55 წელზე უფროსი ასაკისაა.
The Nippon Foundation-ის გათვლებით, 2040 წლისათვის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზრდილი ეფექტურობა იაპონიის ეკონომიკას დამატებით $9 მილიარდს მოუტანს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საზღვაო შეფერხებების დაახლოებით 70% ადამიანური შეცდომითაა გამოწვეული. „იაპონიის სამუშაო ძალის შემცირების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გასაზრდელად ამ ტექნოლოგიების გამოყენება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, – აღნიშნავს კუვაჰარა.
2022 წლის თებერვლის სატესტო გაშვებისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია ტოკიოს აღმოსავლეთით მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრში მოგროვდება. აღსანიშნავია, რომ შეფერხების შემთხვევაში, გემის მართვას ამ ცენტრიდან გადაიბარებენ. კუვაჰარას თქმით, ეს ტექნოლოგია მსოფლიოში ფეხს 2025 წლისთვის მოიკიდებს.
NASA და Joby Aviation საჰაერო ტაქსებს ერთობლივად გამოცდიან
NASA-მ Joby Aviation-ის მიერ წარმოებული საჰაერო ელექტროტაქსების, ე.წ. „მფრინავი მანქანების“ (eVTOL) გამოცდა დაიწყო – ცდები NASA-ს Advanced Air Mobility-ს პროგრამის ნაწილია, რომლის მიზნებს შორის, საზოგადოებაში მფრინავი ტრანსპორტის პოპულარიზება, საერთო სამართლებრივი სისტემის შექმნა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება გვხვდება. აღსანიშნავია, რომ Joby Aviation-ი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთვება – ის 2009 წელს დაარსდა და ამ წლის თებერვალში, SPAC-კომპანიასთან შეერთებით, საჯარო კომპანიად გადაიქცა. კომპანიის ინვესტორებს შორის Intel-ი, Toyota და JetBlue არიან.
თებერვალში გამართულ პრეზენტაციაზე, Joby Aviation-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თითო ხომალდის დამზადება $1.3 მილიონი დაჯდებოდა, თუმცა, სამომავლოდ ეს რიცხვი განახევრდებოდა. Joby-ს გეგმის მიხედვით, თითო ხომალდი $2.2 მილიონის შემოსავალს მოიტანს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტაქსი ჰაერში ვერტმფრენივით, ვერტიკალურად ფრინდება და დახრილი როტორების დახმარებით გადაადგილდება. Joby Aviation-ის თქმით, ელემენტების ერთი დამუხტვით ხომალდს 240 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 320 კილომეტრი/სთ-ია. ამასთანავე, ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებებზე 100-ჯერ უფრო უხმაუროა.
სიჩუმის ფაქტორი ერთ-ერთია, რომელსაც NASA ცდების დროს დააკვირდება – მათ საჰაერო ტაქსის შედარება ვერტმფრენსა და შიდა წვის ძრავის მქონე სხვა ტრანსპორტთან სურთ. ამას გარდა, NASA ხომალდის მოძრაობას და პილოტებთან მის კომუნიკაციას დააკვირდება. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ტაქსების და მისნაირი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება NASA-ს პირდაპირი მოვალეობაა – ისინი აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციას საკანონდებლო ბაზის მომზადებაში ეხმარებიან.
Joby Aviation-ს და ინდუსტრიის სხვა კომპანიებს იმედი აქვთ, რომ ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისაგან ლიცენზიას მალე მიიღებენ, მაგრამ ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლებელია ამ პროცესს ხუთი ან მეტი წელიწადი დასჭირდეს. აღსანიშნავია, რომ Joby Aviation-ი საჰაერო ტაქსების სერვისის გაშვებას 2024 წლისათვის გეგმავს.
ცნობისთვის, Joby Aviation-ი ამ სფეროში მოღვაწე ერთადერთი კომპანია არ არის – მეტიც, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ახალი თაობის საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელ კომპანიებში ჩადებული ინვესტიცია 80%-ზე მეტად არის გაზრდილი. მხოლოდ წელს, საჰაერო ტაქსების სტარტაპებში ინვესტორებმა $4.3 მილიარდი დააბანდეს. ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ, ინდუსტრიაში პირველი მილიარდერიც გაჩნდა – ის Joby Aviation-ის დამფუძნებელი, ჯობენ ბევირტია.
მიწოდების ჯაჭვში შეფერხების გამო, Tesla Roadster-ი 2023 წლამდე არ გამოვა
Tesla-ს ახალი მოდელი Roadster ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდება – გაჭიანურების მიზეზად მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში შეფერხება სახელდება, – ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა. „2021 წელს, მიწოდების ჯაჭვმა არანორმალური დეფიციტი განიცადა და მნიშვნელობაც არ ექნებოდა, ჩვიდმეტი ახალი პროდუქტიც რომ გვქონოდა, რადგან ვერც ერთს ვერ წარმოვადგენდით. იმ დაშვებით, რომ 2022 წელს მეგა-დრამა არ განვითარდება, ახალი Roadster-ის გაყიდვა 2023 წელს დაიწყება“, – ასე უპასუხა ილონ მასკმა მის ერთ-ერთ გამომწერს.
Tesla-მ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ Roadster-ს 200 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეებით აღჭურვავს, რომელსაც ერთი სრული დამუხტვით 1,000 კილომეტრის გავლა შეეძლება, ხოლო მისი სამი ელექტროძრავი (ერთი წინ და ორი – უკან), 97 კმ/სთ-ში სიჩქარეს მანქანას 2 წამზე ნაკლებ დროში ააკრეფინებს. ამასთანავე, Roadster-ის მაქსიმალური სიჩქარე, სულ მცირე, 400 კმ/სთ-ში იქნება.
უახლესი Roadster-ი Tesla-მ ჯერ კიდევ 2017 წელს წარადგინა და ის ბაზარზე 2020 წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ კომპანიის პრიორიტეტების გადაწყობის გამო, მისი გამოშვება არ მოხერხდა. მოგვიანებით, ილონ მასკის განცხადებით, ბაზარზე მანქანა 2022 წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ კომპანიამ ვერც ამ თარიღს მოუსწრო. ეს გაჭიანურება განსაკუთრებით იმ ადამიანებზე მოქმედებს, რომელთაც მანქანების საყიდლად დეპოზიტები გადაიხადეს – $50 ათასი საბაზისო მოდელისთვის და $250 ათასი პრემიუმ-კლასის Founders Series-ის მოდელისთვის.
აღსანიშნავია, რომ Tesla ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელსაც მიწოდების ჯაჭვის პრობლემები აქვს: მსგავსი თავსატეხი გამოუჩნდათ Toyota-სა და Ford-ს, რომელთაც მიკროჩიპების სიმწირეს, მანქანების წარმოების შემცირებით უპასუხეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ბაზარზე მიკროჩიპების დეფიციტს, Tesla-მ საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის გადაწერით უპასუხა, ჯერ კიდევ ივლისში – თუმცა, როგორც ჩანს, გაჭიანურების პრობლემას ვერც ამასნ უშველა. Roadster-ის გარდა იგვიანებს ამერიკული ავტომწარმოებლის კიდევ ერთი მოდელი – Cybertruck-ის წარმოება 2022 წლამდე გადაიდო.
დატოვე კომენტარი