გასული კვირა განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტექნოლოგიური მოვლენებით: ელ სალვადორი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად აღიარა, Facebook-მა და Ray-Ban-მა ერთობლივი წარმოების ჭკვიანი სათვალე წარმოადგინეს, ხოლო NASA-ს როვერმა Perseverance მარსის ქანების პირველი ნიმუში აიღო. ამ და სხვა მნივშენლოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.
ელ სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად გამოაცხადა
გასული კვირა ფრიად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლით დაიწყო: ელ სალვადორმა ბიტკოინი ეროვნულ ვალუტად გამოაცხადა და მიმოქცევაში ჩაუშვა. საკანონდებლო ინიციატივის მიხედვით, ყველა ეკონომიკური აქტორი, მათ შორის სახელმწიფო, ვალდებულია ბიტკოინი გადახდის საშუალებად აღიაროს. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა ელ სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ ჯერ კიდევ ივნისში გააჟღერა, რის მერეც შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებით კონგრესს მიმართა და ინიციატივა მარტივად დაარეგისტრირა, რადგან მისი პარტია „ახალი იდეები“ იქ უმრავლესობას ფლობს. „მოკლევადიან პერიოდში, ეს [ინიციატივა] დაგვეხმარება შევქმნათ სამუშაო ადგილები და უზრუნველვყოთ ფორმალური ეკონომიკის მიღმა ადამიანების ფინანსური ჩართულობა“, – აღნიშნა ნაიბ ბუკელემ ივნისში.
ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად გადაქცევაში ელ სალვადორს ციფრული საფინანსო კომპანია Strike დაეხმარა – ბიტკოინის განაწილებული ლეჯერის ტექნოლოგიის (DLT) გამოყენებით, მათ ვალუტის მიმოქცევაში ჩასაშვებად საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ელ სალვადორი ნაღდი ფულის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელშიც მოსახლეობის სრული უმრავლესობა ნაღდი ფულით ვაჭრობს და საბანკო სერვისებთან წვდომა არ აქვს. „ელ სალვადორის აქტიური მოსახლეობის 70%-ზე მეტს საბანკო ანგარიში არ აქვს – ისინი ფინანსური სისტემის მიღმა არიან. [ქვეყნის მეთაურებმა] მითხრეს, რომ ბიტკოინს მსოფლიო დონის ვალუტად აღიქვამდნენ და ამ ადამიანების დასახმარებლად, ბიტკოინის სამოქმედო გეგმის შექმნა დამავალეს“, – აღნიშნავს Strike-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯეკ მელერსი, რომელიც, სხვათაშორის, ამერიკული Forbes-ის 30 წლამდელთა სიის წევრია.
ბიტკოინების პირველი ნაწილი – 200 ბიტკოინი – ელ სალვადორის ხელისუფლებამ 6 სექტემბერს იყიდა – მოგვიანებით, ერთი ბიტკოინის ფასი $53 ათასს მიუახლოვდა, რაც ყველაზე მაღალია 2021 წლის მაისის შემდეგ დაფიქსირებულ ფასებს შორის. აღსანიშნავია, რომ მეორე დღეს, ბიტკოინის ფასმა 15%-ით იკლო. შემცირებული ფასის საპირწონედ, ელ სალვადორის ხელისუფლებამ დამატებით 200 ბიტკოინი შეიძინა, ხოლო ფასის ხელახლა დაცემის შემდეგ, კიდევ 150 ბიტკოინი შეიძინა. უკანასკნელ ტრანზაქციას ელ სალვადორის პრეზიდენტმა შემდეგი ფრაზით უპასუხა: „Buying the dip“, რაც ფასის დაცემის დროს, დამატებითი აქტივების შეძენას გულისხმობს.
ბიტკოინი და სხვა ვალუტები ელექტრონულ საფულეებში ინახება. ელექტრონული საფულეები ორი სახეობისაა – „ცივი“ და „ცხელი“. ცხელი ელექტრონული საფულე ინტერნეტთან მუდმივად არის დაკავშირებული, რაც მას კიბერთაღლითების სამიზნედ აქცევს – სწორედ ასეთ საფულეებს სთავაზობენ მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტო ბირჟები. „ცივ“ ელექტრონულ საფულეებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, რის გამოც მათი გაძარცვა თითქმის შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ელ სალვადორის ოფიციალური ელექტრონული საფულე Chivo, ე.წ. „ცხელი“ საფულეა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა – Chivo-ს მსხვილი ამერიკული კრიპტოპლატფორმა BitGo მართავს, რომლის ერთ-ერთი აქციონერი ამერიკული ბანკი Goldman Sachs-ია. ელ სალვადორის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებიც Chivo Wallet-ს გადმოიწერენ და საკუთარი პირადი ნომრით დარეგისტრირდებიან, საჩუქრად $30-ის ბიტკოინს მიიღებენ – რეგისტრაციის მაჩვენებელი ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად აღიარებამდე ერთი კვირით ადრე, ამ პროცესის გასამარტივებლად, ქვეყნის კონგრესმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან $150 მილიონი დოლარის გამოყოფას მწვანე შუქი აუნთო.
გარდა მოსახლეობის ქვეყნის ეკონომიკაში ჩართულობისა, ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს: უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები. მათი მოცულობა ელ სალვადორის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 20%-ს უტოლდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფულადი სახსრების გადარიცხვების დროს, ამ სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციები საკუთარ კომისიას ამატებენ – ერთ-ერთი ასეთი კომპანია Western Union-ია, რომელიც ქვეყნის ბიტკოინიზაციის შედეგად, პირველადი მონაცემებით, ყოველ წელს, $400 მილიონს დაკარგავს. თუკი, მაგალითად, კანადიდან ელ სალვადორში ათ აშშ დოლარს აგზავნით, 3.24 აშშ დოლარის საკომისიოს გადახდა მოგიწევთ – ამ დროს, ელექტრონულ საფულეებს შორის გადარიცხვის საკომისიო მინიმალურია, ხოლო Chivo-ს საფულეებს შორის გადარიცხვისას, საკომისიოს გადახდა საერთოდ არ მოგიწევთ.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ეროვნულ ვალუტად გამოცხადებას ქვეყნის მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა: ცენტრალური ამერიკის უნივერსიტეტის მკვლევრების გამოკითხვით ირკვევა, რომ მოსახლეობის 68% ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად გამოყენებას ეწინააღმდეგება. მეტიც, დაახლოებით 90%-მა აღიარა, რომ კრიპტოვალუტის ანაბანა არ ესმის, ხოლო 80%-მა გამოყენება არ იცის. გარდა ამისა, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ელ სალვადორელთა უმრავლესობას ჰგონია, რომ ბიტკოინის მიღებით, უმეტესწილად, საზოგადოების მდიდარი ფენის წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები და პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის წარმომადგენლები იხეირებენ.
გარდა ქვეყნის მოსახლეობისა, ელ სალვადორის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც: სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ქვეყნის სარეიტინგო ქულა Caa1-მდე შეამცირა და სამომავლო ხედვაც ნეგატიურად შეაფასა – მეტიც, Moody’s-ის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შესუსტებულ მმართველობაზე მიუთითებს. მსგავსი პათოსის განცხადება გაავრცელა IMF-მაც: სტატიაში, სახელწოდებით „კრიპტოაქტივი ეროვნულ ვალუტად? ნაჩქარევი გადაწყვეტილება“, მსოფლიო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ბიტკოინი „ზედმეტად მერყევია“ იმისთვის, რომ ეროვნულ ვალუტად გამოცხადდეს. ელ სალვადორის დახმარებაზე უარი განაცხადა მსოფლიო ბანკმაც: „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ბიტკოინთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვა, გარემოსდაცვითი საკითხებისა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკი ამ წამოწყებას მხარს ვერ დაუჭერს“.
Just walked into a McDonald's in San Salvador to see if I could pay for my breakfast with bitcoin, tbh fully expecting to be told no.
But low and behold, they printed a ticket with QR that took me to a webpage with Lightning invoice, and now I'm enjoying my desayuno traditional! pic.twitter.com/NYCkMNbv7U
— Aaron van Wirdum (@AaronvanW) September 7, 2021
საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გაკეთებული არასახარბიელო განცხადებების მიუხედავად, ელ სალვადორში ბიტკოინით ვაჭრობა დაიწყო, რასაც სოციალური ქსელების ერთგვარი აფეთქება მოჰყვა – ადამიანები ბიტკოინით ნაყიდი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების, მათ შორის McDonalds-ის ბურგერებისა და Starbucks-ის ყავის ქვითრებს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ. გარდა ამისა, სიტყვა „ბიტკოინი“ ტრენდული გახდა Twitter-ზეც, რაც ერთგვარი გამოძახილი იყო პრეზიდენტ ბუკელეს 6 სექტემბრით დათარიღებული განცხადებისა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ 7 სექტემბერს, ისტორიაში პირველად, ელ სალვადორი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცეოდა.
Starbucks accepting #bitcoin as payment in El Salvador 🧡pic.twitter.com/FIUXo8OKVp
— Bitcoin Magazine (@BitcoinMagazine) September 7, 2021
Apple vs. Epic Games: სამართლებრივი დავა გრძელდება
ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტსა და მსოფლიოში არანაკლებად ცნობილ ვიდეოთამაშების მწარმოებელ კომპანიას შორის არსებული სასამართლო დავა დასრულდა: გასულ პარასკევს, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ივონ გონსალეს როჯერსმა გამოაცხადა, რომ Apple-მა აპლიკაციების დეველოპერებს საშუალება უნდა მისცეს App Store-ში ჩანერგილი საგადასახადო პლატფორმის გარდა სხვა საგადასახადო პლატფორმებიც გამოიყენონ და შედეგად, Apple-ის მიერ დაწესებულ საკომისიოზე უარი თქვან.
საინტერესოა, რომ Apple-ის წარმომადგენელთა აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მათთვის არათუ მისაღებია, არამედ მათ გამარჯვებულის რანგშიც კი აყენებს: Bloomberg-თან ინტერვიუში, Apple-ის სამართლებრივი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება – „საოცარი გამარჯვებაა“. მსგავსი პათოსის წერილს ავრცელებს უშუალოდ Apple-იც: „სასამართლომ დაადასტურა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ყველამ იცოდა, რომ App Store-ი ანტიმონოპოლიურ კანონს არ არღვევს“.
აღსანიშნავია, რომ App Store-იდან მიღებული შემოსავალი Apple-სთვის ხელწამოსაკრავი არ არის: მხოლოდ ამერიკაში, გასულ წელს, კომპანიამ საკომისიოებით $6.3 მილიარდი იშოვა. თავისთავად ცხადია, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება Apple-ის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სავსებით შესაძლებელი იყო, სასამართლოს Apple-ი მონოპოლისტად ეღიარებინა, რაც კომპანიის რეპუტაციასა და ფინანსურ სტაბილურობას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ Apple-ის ერთი აქციის ფასი 3.3%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შედეგად Apple-ი რამდენიმე მილიარდს დაკარგავს, კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე ეს კატასტროფულ გავლენას არ მოახდენს: მხოლოდ 2021 ფისკალურ წელს, კომპანიამ $360 მილიარდი იშოვა.
საინტერესოა რა ბედი ელის Epic Games-ის მთავარ ვიდეოთამაშს, Fortnite-ს, რომელიც Apple-მა App Store-დან გასულ წელს ამოიღო, რადგან კომპანია მისი თამაშის მომხმარებლებს გადახდების შესასრულებლად საკუთარ პლატფორმას სთავაზობდა. სავარაუდოდ, Fortnite-ი App Store-ში კვლავ გამოჩნდება.
Sony-ს PlayStation Showcase: რა წარმოადგინა იაპონურმა გიგანტმა?
გასულ კვირას, ონლაინ-ფორმატში ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წლის მთავარი ღონისძიება, PlayStation Showcase გაიმართა. იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა არაერთი ახალი და კარგად ნაცნობი ძველი ვიდეოთამაშის შემდეგი ნაწილები დაანონსა. აღსანიშნავია, რომ ასეთი რანგის ღონისძიებები Sony-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში, PlayStation-ისთვის ექსკლუზიური პროდუქტების შექმნაში კომპანიამ დიდძალი ინვესტიცია დააბანდა.
საგულისხმოა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითი გავლენა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაზეც მოახდინა: თამაშები Horizon Forbidden West და God of War: Ragnarok ბაზარზე წელს უნდა გამოჩენილიყვნენ, თუმცა გამოსვლის თარიღმა ერთი წლით გადაიწია. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა Rockstar Games-იც, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და კლასიკის ერთგვარ ნიმუშად ქცეული GTA V ამ შემოდგომას უნდა გამოეშვა. მიუხედავად ამისა, Rockstar Games-მა თამაშის ტრეილერი გამოაქვეყნა და დასძინა, რომ PlayStation 5-ზე თამაში მარტში გამოჩნდებოდა. ჩვეულებრივი ვერსიის გარდა, Sony-ს მომხმარებლებს თამაშის ონლაინ-ვერსიაზეც ექნებათ წვდომა.
შემდეგი სიახლე, უკვე უშუალოდ Sony-დან მოდის: კალიფორნიული Insomniac Games-ი, რომელიც Sony-მ ჯერ კიდევ 2019 წელს, $229 მილიონად შეიძინა, ორ ვიდეოთამაშზე მუშაობს. 2023 წელს PlayStation-ზე Spider-Man-ის მეორე ნაწილი გამოვა, ხოლო მოგვიანებით, თამაში Marvel-ის კიდევ ერთი გმირის შესახებ გამოვა – ამჯერად, პროტაგონისტი Wolverine-ი იქნება. აღსანიშნავია, რომ Insomniac Games-ის ვიდეოთამაშები მხოლოდ PlayStation-ზე არის ხელმისაწვდომი.
Sony-ს ღონისძიებაზე ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის, God of War-ის გაგრძელებაც დაანონსდა, რომელშიც კრატოსი და ატრეუსი ფრეიასა და თორს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ God of War-ის წინა ნაწილი, ჟურნალისტებისა და სფეროს ექსპერტების მიერ 2018 წლის საუკეთესო ვიდეოთამაშად დასახელდა.
ზემოთ ხსენებული ვიდეოთამაშების გარდა, სულ მალე, ვიდეოთამაშების მოყვარულები Borderlands-ის ფანტაზიის ჟანრის ვარიაციას, Tiny Tina’s Wonderlands-ს, Ghostwire: Tokyo-სა და Gran Turismo 7-ს მიიღებენ. გარდა ამისა, გამოჩნდება კლასიკად ქცეული Knights of the Old Republic-ისა და Alan Wake-ის განახლებულ ვერსიები.
Ray-Ban Stories: Facebook-ისა და Ray-Ban-ის ახალი ჭკვიანი სათვალე
Facebook-მა და EssilorLuxottica-მ ჭკვიანი სათვალე წარმოადგინეს, რომლითაც სურათების და ვიდეოს გადაღება, მუსიკის მოსმენა და ტელეფონზე საუბარი შეიძლება, – ეს ინფორმაცია Facebook-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა. სათვალე, სახელწოდებით Ray-Ban Stories, უკვე იყიდება ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაღაზიებში. სათვალე ოცი სხვადასხვა დიზაინით გამოდის და მისი საწყისი ფასი 299 აშშ დოლარია.
Ray-Ban-ის თითოეულ ჭკვიან სათვალეს ორი 5-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომლითაც სურათების და 30 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოს გადაღება შეიძლება როგორც ღილაკზე თითის დაჭერით, ასევე Facebook Assistant-ის ხმოვანი შეტყობინებების საფუძველზე. სათვალე აღჭურვილია LED-ნათურებით, რომლებიც, ერთი მხრივ, მაღალხარისხიანი სურათისა თუ ვიდეოს გადასაღებად საჭირო განათებას უზრუნველყოფენ, ხოლო მეორე მხრივ, დამსწრე საზოგადოებას ანიშნებენ, რომ ადამიანი სურათს ან ვიდეოს იღებს. ამას გარდა, Ray-Ban Stories-ი ორი ღია დინამიკითა და სამი მიკროფონითაა აღჭურვილი, რაც სხივწარმოქმნის ტექნოლოგიასთან ერთად, ყურსასმენების მსგავს აუდიოგარემოს ქმნის. სათვალის სრულად დამუხტული ელემენტი დაახლოებით ექვს საათს გაძლებს – ელემენტის დამუხტვის დონის კონტროლი კი Facebook View-ს აპლიკაციით იქნება შესაძლებელი.
Ray-Ban Stories-ით გადაღებული სურათებისა და ვიდეოს გაზიარებას შეძლებთ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე, Whatsapp-ში, Messenger-ში, Twitter-ზე, TikTok-სა და Snapchat-ზე – დროთა განმავლობაში სიას სხვა აპლიკაციებიც შეემატება. აღსანიშნავია, რომ ჭკვიან სათვალეს მოჰყვება აპლიკაცია Facebook View, რომელშიც სათვალით გადაღებული მასალის რედაქტირებას შეძლებთ.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. Ray-Ban Stories-ით მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმ მომავლისაკენ, რომელშიც ტელეფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი აღარ იქნება. არჩევა არ მოგიწევთ, მოწყობილობასთან დაამყაროთ ურთიერთობა, თუ თქვენ გარშემო არსებულ სამყაროსთან“, – აღნიშნავს მარკ ცუკერბერგი მსგავსი პათოსის იდეას ავრცელებს Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტი დამატებითი და ვირტუალური რეალობის საკითხებში, ენდრიუ ბოზუორთი – მისი თქმით, Ray-Ban Stories-ის მიზანი „მომხმარებლების გონებაში იმ ნიადაგის მომზადებაა, რომელზეც მომავალში ძალიან, ძალიან ბევრი პროდუქტი აღმოცენდება“.
თავისთავად ცხადია, რომ სათვალის მთავარ ჭკვიან მოწყობილობად გარდაქმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს ბადებს – ამ შეკითხვებს Facebook-მა ბლოგი მიუძღვნა. ნებისმიერ სოციალურ მედიას, რომელზეც სურათისა ან ვიდეოს განთავსება გსურთ, თქვენს მასალასთან ნებართვის გარეშე წვდომა არ ექნება – მეტიც, მასალა დაშიფრულია, ხოლო თქვენი Facebook-ის ანგარიშის დაცვაზე ალგორითმებთან ერთად ადამიანებიც მუშაობენ. გარდა ამისა, Facebook-ი ჭკვიანი სათვალის პატიოსნად ტარების გაიდლაინებს აქვეყნებს: კომპანია მის მომხმარებლებს ურჩევს, არ გადაიღონ სურათი ან ვიდეო, თუ ეს ვინმეს არ სურს, არ დაარღვიონ კანონი და საერთოდ, ნუ გამოიყენებენ სათვალის ჭკვიან ფუნქციებს გარკვეულ ადგილებში, მაგალითად, სალოცავში ან ექიმთან ვიზიტისას.
აღსანიშნავია, რომ Facebook-ისა და Ray-Ban-ის კოლაბორაციაზე მარკ ცუკერბერგი და Luxottica-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ლეონარდო დელ ვეკიო, ჯერ კიდევ 2019 წელს შეთანხმდნენ. იმ დროს ამერიკული გიგანტის ხელმძღვანელები ჩრდილოეთ იტალიას ეწვივნენ, სადაც ჭკვიანი სათვალის მთავარ ფუნქციონალს ერთი კვირის განმავლობაში ათანხმებდნენ. საინტერესო ფაქტია, რომ ეს მოწყობილობა Facebook-ის ბრენდინგით არ გამოდის, როგორც, მაგალითად, ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus VR. ამ შემთხვევაში, Facebook-ი ტექნოლოგიასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი, ხოლო Ray-Ban-ი სათვალის დიზაინსა და გაყიდვებს უხელმძღვანელებს.
NASA-ს როვერმა მარსის ქანების პირველი ნიმუში მოიპოვა
NASA-ს უახლესმა როვერმა, სახელწოდებით Perseverance-ი, ანუ „შეუპოვრობა“, მარსის ქანების პირველი ნიმუში მოიპოვა. ამ პარადიგმული მნიშვნელობის მოვლენის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს. წითელ პლანეტაზე არსებულ ჯეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში არცთუ ისე დიდი ზომისაა – სისქით ფანქარს თუ გაუტოლდება. მარსის ქანების ნიმუში ტიტანისაგან დამზადებულ მილაკში ინახება, სრულ ვაკუუმში. მოგვიანებით, NASA-სა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ძალისხმევით და პროგრამა Mars Sample Return-ის ფარგლებში, მარსზე აღებული ეს ნიმუში დედამიწაზე აღმოჩნდება – ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სხვა პლანეტაზე მოპოვებული და მეცნიერების მიერ გამიზნულად შერჩეული მასალა დედამიწაზე მოხვდება.
„ამბიციური მიზნების დასახვა და მათი მიღწევა NASA-ს კრედოა, რაც აღმოჩენებისა და ინოვაციის მიმართ ჩვენი ერის თავდადებას აღნიშნავს. ეს მონუმენტალური მიღწევაა – ერთი სული მაქვს, Perseverance-ისა და ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული კიდევ არაერთი აღმოჩენა ვიხილო“, – აღნიშნა NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.
უძველესი მიკროსკოპული მასშტაბის სიცოცხლის დაძებნის გარდა, ქანებისა და რეგოლიტის ნიმუშების დახმარებით, Perseverance-მა მარსის ჯეზეროს რეგიონის გეოლოგია უნდა შეისწავლოს, რითაც შესაძლებელი იქნება იქ არსებული ძველი კლიმატის დადგენა.
ცნობისთვის, NASA-ს როვერი Perseverance-ი მარსისაკენ 2020 წლის 30 ივლისს გაემგზავრა და წითელ პლანეტაზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა. საკუთარი აგებულებით, Perseverance-ი მის წინამორბედ როვერ Curiosity-ს ჰგავს – ის შვიდი პირველადი სატვირთი ინსტრუმენტით, ცხრამეტი კამერითა და ორი მიკროფონითაა აღჭურვილი.
LG-მ ეკრანის უახლესი დრეკადი ფირი წარმოადგინა
კორეულმა LG-მ ეკრანის ახალი დრეკადი ფირი შექმნა, რომლითაც დასაკეცი ტექნიკის ბაზრის ლიდერობას აპირებს – ამის შესახებ LG-ს პრესრელიზში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ LG-ის ეკრანის ფირი, რომელსაც ორივე მხარეს არსებული გარკვეული დამცავი ფენა დაზიანებებისაგან იცავს, კომპანიის ქიმიკოსთა გუნდმა ახალი მასალის დახმარებით შექმნა. „პოლიიმიდის არსებული ფირებისა და თერმულად დამუშავებული შუშის მსგავსი მასალებისაგან განსხვავებით, ეკრანის ფირი, რომელსაც LG Chem-ის მიერ წარმოებული ზედაპირის საფარველი აქვს წასმული, ეკრანის დრეკადობას გაზრდის და დასაკეცი ტელეფონებისთვის ოპტიმალური არჩევანი გახდება, რადგან მათ ქრონიკულ პრობლემას – დაკეცვის ადგილას არსებულ დაზიანებებს აღმოფხვრის“, – აღნიშნავს LG Chem-ის წარმომადგენელი.
LG-ს ეკრანის ფირი, რომელსაც კომპანია „ნამდვილ დასაკეც შუშას“ უწოდებს, თხელი პლასტმასის მსგავსი PET-ტიპის ფირისაგან და მასზე წასმული რამდენიმე ათეული მიკრომეტრის სისქის ახალი მასალისაგან შედგება, რისი დახმარებითაც ფირი პლასტმასის ფუნქციებს ინარჩუნებს, მაგრამ უფრო თბოგამძლე ხდება. გარდა ამისა, სიმკვრივის კუთხით, ეს ფირი ბაზარზე არსებული თერმულად დამუშავებული შუშების იდენტურია, თუმცა ის არ იბზარება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას 200 ათასზე მეტჯერ გადაკეცავთ.
აღსანიშნავია, რომ PET-ტიპის ფირებს LG-ის მთავარი კონკურენტი, Samsung-იც იყენებს – კორეული გიგანტის ახალი თაობის დასაკეც სმარტფონებს – Galaxy Z Flip 3-სა და Galaxy Z Fold 3-ს სწორედ ამ ულტრათხელ დამცავ ფენას უყენებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Samsung-ი დასაკეცი ეკრანების წარმოებას Google-ის ტელეფონებისთვისაც გეგმავს.
Omdia-ს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დასაკეცი ტელეფონების ბაზარი 2026 წლისთვის 14-ჯერ გაიზრდება – 2020 წელს გამოშვებული 3.5 მილიონიდან, 2026 წელს გამოსაშვებ 50 მილიონამდე.
დატოვე კომენტარი