Forbes: ტექნოლოგიების სფეროს 10 უმდიდრესი ადამიანი

Forbes: ტექნოლოგიების სფეროს 10 უმდიდრესი ადამიანი

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ჩვენს პლანეტას რეკორდული რაოდენობის, 2781 მილიარდერი ჰყავს, რომელთა საერთო ქონება ასევე რეკორდულ 14.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 141-ით არის გაზრდილი. 2024 წლის მონაცემი ასევე 26-ით მეტია, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა.

გარდა ამისა, მილიარდერები წელს უფრო მდიდრები არიან, ვიდრე ოდესმე. მათი ერთობლივი ქონება, როგორც აღვნიშნეთ, $14.2 ტრილიონს აღწევს, რაც $2 ტრილიონით მეტია 2023 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო 2021 წელს დაფიქსირებულ რეკორდს $1.1 ტრილიონით აჭარბებს.

Forbes-ის წლევანდელ სიაში 342 მილიარდერია, რომლებმაც სიმდიდრე ტექნოლოგიების სფეროსთან კავშირით დააგროვეს. შედარებისთვის გასულ წელს ეს რიცხვი 313-ს შეადგენდა. გასული 12 თვის განმავლობაში მათ ქონებას 750 მილიარდი აშშ დოლარი შეემატა.

არავის ჰქონდა უკეთესი წელი, ვიდრე Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს. გასული 12 თვის განმავლობაში მისი ქონება ნებისმიერ მილიარდერისაზე უფრო მეტად გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ცუკერბერგმა სიმდიდრეს თითქმის 113 მილიარდი აშშ დოლარი შემატა და Forbes-ის 2024 წლის რეიტინგში, დაახლოებით $177 მილიარდით, მე-4 ადგილს იკავებს. უნდა ითქვას, რომ მარკი ასეთი მდიდარი არასდროს ყოფილა. ცუკერბერგის მე-16 ადგილიდან ტოპ-ხუთეულში შესვლა Meta-ს აქციების ფასის 182%-იანმა ზრდამ განაპირობა. შეგახსენებთ, ის კომპანიის 14%-ს ფლობს.

ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ზრდა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების გამდიდრება ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება. ინვესტორები AI-პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებზე უფრო და უფრო დიდ ფსონებს დებენ. ამის წყალობით, გასული ერთი წელი წარმატებული აღმოჩნდა Nvidia-სთვის, გრაფიკული ჩიპების მწარმოებლი კომპანიისთვის, რომლის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა. შედეგად, Nvidia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იენსენ ჰუანი, წელს პირველად მოხვდა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის ტოპ-ოცეულში – გასული წლის 78-ე ადგილიდან. მისი ქონება 77 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე მილიარდერი – ბილ გეიტსი, ჯეფ ბეზოსი, მაიკლ დელი, სტივ ბალმერი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი და ლარი ელისონი – სულ ცოტა 20 მილიარდი დოლარით უფრო მდიდარია, ვიდრე გასულ წელს.

წარმოგიდგენთ ტექნოლოგიების სფეროს 10 უმდიდრეს ადამიანს და მათ ქონების ცლილებას გასული 12 თვის განმავლობაში: 

  1. ჯეფ ბეზოსი – ქონება: 194 მილიარდი დოლარი წლიური ცვლილება: +80 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Amazon
  2. მარკ ცუკერბერგი – ქონება: 177 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +112.6 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Facebook
  3. ლარი ელისონი – ქონება: 141 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +34 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Oracle
  4. ბილ გეიტსი – ქონება: 128 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +24 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Microsoft
  5. სტივ ბალმერი – ქონება: 121 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +40.3 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Microsoft
  6. ლარი პეიჯი – ქონება: 114 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +34.8 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Google
  7. სერგეი ბრინი – ქონება: 110 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +34 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Google
  8. მაიკლ დელი – ქონება: 91 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +40.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: Dell Technologies
  9. იენსენ ჰუანი – ქონება: 77 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: +55.9 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები
  10. ჟანგ იმინი – ქონება: 43 მილიარდი დოლარი | წლიური ცვლილება: -1.6 მილიარდი დოლარი | სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები

 

(მოცემულ სიაში არ არის Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, რომელიც Forbes-ს ავტოინდუსტრიის მილიარდერების სიაში შეჰყავს)