კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი ევროპაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 3,800 ინჟინერსა და ადმინისტრაციული მიმართულების თანამშრომელს გაათავისუფლებს. Ford-ი აღნიშნულს ხარჯების შემცირების საჭიროებით ხსნის.
კომპანიის განმარტებით, 2,300-მდე თანამშრომელი გერმანული საწარმოებიდან გათავისუფლდება, 1,300-ს – ბრიტანეთში, 200-ს კი დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული ობიექტებიდან გაუშვებენ. Ford-ის სურვილია, რესტრუქტურიზაციის პროცესი მეტწილად მოხალისეობრივ პროგრამებს შეეხოს.
საინტერესოა, რომ კომპანიის ფინანსური ხელმძღვანელის, ჯონ ლოულერის მიერ თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნებული განცხადებით, ხარჯების შემცირება „აგრესიულად“ წარიმართებოდა და ის ძირითადად წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპერაციებს შეეხებოდა. გარდა ამისა, ჯონ ლოულერმა აღნიშნა, რომ ევროპაში ინჟინრების პროდუქტიულობა საშუალოზე 25-30%-ით ნაკლები იყო.
ნიშანდობლივია, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიის ელექტრიფიკაციის სტრატეგიაში არაფერი იცვლება. Ford-ის გეგმა, 2035 წლისთვის ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს, კვლავ ძალაში რჩება.
ბოლოს ევროპაში სამუშაო ადგილები Ford-მა მასიურად 2019 და 2020 წლებში შეამცირა.
დატოვე კომენტარი