ამერიკული ავტომწარმოებლის, Ford Motor Company-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი უახლოეს პერიოდში ელექტრომობილების ელემენტების მასალის ღირებულების გაიაფებას არ ვარაუდობს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მზარდი ხარჯების პარალელურად, ავტომწარმოებლები კვლავ განაგრძობენ ელექტრომობილებზე ფასების მატებას.
კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა საწარმოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ლითიუმზე, კობალტსა და ნიკელზე ფასების კლება უახლოეს მომავალში ნაკლებსავარაუდოა. ჯიმ ფარლის განცხადება დაემთხვა კომპანიის მიერ წინა დღით გავრცელებულ ინფორმაციას F-150 ელექტროპიკაპის ღირებულების ზრდასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, Ford-ი უახლოეს პერიოდში საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150 Lightning-ის ფასს 6,000-დან 8,500 აშშ დოლარამდე შუალედით გაზრდის. თუმცა, Ford-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არაა, რომელსაც ელექტრომობილის ფასის გაზრდა უწევს. მსგავსი გადაწყვეტილება ივნისში ამერიკულ ბაზარზე Tesla-მაც მიიღო.
Ford-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად არსებული ელემენტის, ლითიუმის იონის მზარდი ღირებულება კომპანიას ალტერნატიული ვარიანტის შექმნისა და დახვეწისაკენ უბიძგებს. შეგახსენებთ, რომ Ford-ი საკუთარ ავტომობილებში უკვე იყენებს ელექტრომობილების ელემენტის ტრადიციული ვარიანტის ალტერნატიულ კომბინაციას, ლითიუმ-რკინის ფოსფატს. აღნიშნული კომბინაციით დამზადებული ელემენტები F-150 და Mustang Mach-E მოდელებში გამოიყენება.
გასულ თვეს, კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Ford-ი ლითიუმ-რკინის ფოსფატის ელემენტებს ჩინური კომპანიისაგან, CATL-ისაგან შეიძენს, რომელიც ავტომწარმოებელს უფრო დაბალდანახარჯიან ვერსიას სთავაზობს.
გლობალურად მიმდინარე პროცესები და გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილების ნაწილების ღირებულებას ჯერჯერობით კვლავ არ აძლევს გაიაფების შესაძლებლობას. შესაბამისად, თავად ელექტრომობილების ფასების კლებაც უახლოეს პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.
დატოვე კომენტარი