ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ავტოკონცერნის, Ford-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელ ჯიმ ფარლის სურს, კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრომანქანები მხოლოდ ონლაინ გაიყიდოს, თანაც ფიქსირებულ ფასად, – ამის შესახებ მან IBM-ის კონფერენციაზე განაცხადა.
„მოლაპარაკების შედეგად მიღწეული ფასების პოლიტიკაზე უარი უნდა ვთქვათ“, – თქვა ფარლიმ, რომელსაც სურს, რომ Ford-ის მაღაზიებმა საწყობის ფუნქცია აღარ შეასრულონ და ონლაინ შეძენილი ავტომობილების მიღება-ჩაბარების პუნქტად და სერვის-ცენტრებად გადაკეთდნენ.
ცოტა ხნის წინ Ford-მა განაცხადა, რომ სურს Tesla-ს და სხვა ავტომწარმოებლებს დაჯაბნოს და ელექტრომობილების მთავარი მწარმოებელი გახდეს. ამ მიზნის მისაღწევად, Ford-ი 600 ათასი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს 2023 წლისთვის, რაც Tesla-ს შარშანდელ წარმადობას მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ჯიმ ფარლიმ კონფერენციაზე საინტერესო პროგნოზიც გააკეთა — მისი აზრით, დროის გასვლასთან ერთად ელექტრობატარეების წარმოებისა და მათი დისტრიბუციის ხარჯები შემცირდება, რაც ელექტრომობილის საშუალო ფასს $25 ათასამდე ჩამოიყვანს.
დატოვე კომენტარი