ამერიკული ავტომწარმოებელი, Ford-ი ინდუსტრიის იმ კომპანიების რიცხვს შეუერთდა, რომელთაც რთული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, თანამშრომლების დათხოვნა გადაწყვიტეს.
პირველ ეტაპზე, Ford-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ინდოეთში 3000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი წერს. როგორც ირკვევა, შემცირება კომპანიის შტატში დასაქმებულ ორი ათასამდე თანამშრომელს და ათასამდე სააგენტოსა და კონტრაქტორს ეხება.
„ამგვარი მომავლის შენება თითქმის ყველა იმ საოპერაციო დეტალის გადახედვას მოითხოვს, რომლითაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვხელმძღვანელობდით“, – განაცხადეს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბილ ფორდმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ჯიმ ფარლიმ. „ეს ფოკუსს, სიცხადესა და სისწრაფეს მოითხოვს. ჩვენთვის, რაზეც არაერთგზის გვისაუბრია, ეს რესურსების გადანაწილებას და დანახარჯების სტრუქტურის გადახედვას ნიშნავს, რომელიც არაკონკურენტუნარიანია, როგორც ტრადიციულ და ასევე ახალ კონკურენტებთან მიმართებით“.
აღსანიშნავია, რომ Ford-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში, თანამშრომელთა დათხოვნა გადაწყვიტა. ელექტრომობილების მწარმოებელმა Rivian-მა, მაგალითად, საკუთარი თანამშრომლების 6% გაათავისუფლა, ხოლო Ford-ის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა, Argo AI-მ სამსახურიდან 150-მდე თანამშრომელი გაუშვა. მსგავსი გადაწყვეტილება Tesla-მაც მიიღო. მან სამსახურიდან ის თანამშრომლები დაითხოვა, რომლებიც კომპანიის ავტოპილოტის სისტემაზე მუშაობდნენ.
დატოვე კომენტარი