Ford Motor Co-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში გაყიდვების ვარდნის გამო, კომპანია საკუთარი ელექტრო-Mustang-ის, Mach-E-ის ღირებულებას $8,100-ით აიაფებს.
აშშ-ში მეორე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლის, Ford-ის 2023 წლის Mustang Mach-E-ის ყველაზე დაბალი კომპლექტაციის ღირებულება – $42,995-დან $39,895-მდე, GT-ვერსიის ღირებულება – $52,395-დან $44,795-მდე, ხოლო პრემიუმ-ვერსიის ღირებულება $48,895-დან $40,795-მდე შემცირდება.
კომპანიის განცხადებით, ელექტრომობილებზე ფასების შემცირების მიზანი ბაზარზე დომინაციის მოპოვება, გაყიდვების ზრდა და მომხმარებლების მოზიდვა გახლავთ. Ford Motor Co-ის განმარტებით, იანვარში Mustang Mach-E-ის აშშ-ში გაყიდვები 51%-ით შემცირდა და მხოლოდ 1,295 ერთეული შეადგინა.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ვარდნა შესაძლოა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებასთან იყოს კავშირში. ცნობისათვის, აშშ-ის მთავარმა ფინანსურმა უწყებამ ელექტრომობილების ელემენტებზე განახლებული მოთხოვნები შემოიღო, რომელთა მიხედვითაც Mach-E $3,750-იანი სუბსიდირების პროგრამას გამოეთიშა. ელექტრომობილებზე დაწესებული სუბსიდიების მიზანი მიწოდების ჯაჭვიდან ჩინური ელექტრომობილების ჩამოშორებაა. თუმცა აღნიშნულ პროგრამას Mach-E-ის გარდა სხვა მოდელებიც გამოეთიშა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, წლის დასაწყისიდან 6 თებერვლამდე ავტოდილერებს საერთო ჯამში საგადასახადო კრედიტის, იმავე სუბსიდიის სახით $135 მილიონი აუნაზღაურეს.