Freedom House-მა “ინტერნეტის თავისუფლების” 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს. წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო ქულა 1-ით გაუარესდა და 25 შეადგინა. ამ მაჩვენებლით საქართველო “თავისუფალი” ქვეყნის სტატუსით სარგებლობს.
Freedom House აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2017 წლის მაისიდან, 2018 წლის მაისამდე პერიოდი), საქართველოში მთავრობის მხრიდან სოციალური ქსელების ან სხვა ინტერნეტ პლატფორმების შეზღუდვას ადგილი არ ჰქონია. ასევე, დადებით ფაქტორად სახელდება ის ფაქტი, რომ ახალი კონსტიტუცია ინტერნეტზე თავისუფალ წვდომას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად აღიარებს.
ამასთან, საქართველოში იზრდება ინტერნეტის გავრცელების და გამოყენების მაჩვენებელი. პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები, სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის დასამყარებლად.
თუმცა, ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ცენზურის ნიშნებს და ონლაინ კონტენტით მანიპულაციებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ინტერნეტ სერვის პროვაიდერების მხრიდან. ამის მაგალითად სახელდება ინტერნეტ სივრცეში ანტი-დასავლური პროპაგანდა.
Freedom House წერს, რომ საქართველოში ინტერნეტის და მობილურის გამოყენების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა მაღალი ფასი, შეუსაბამო ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ გამოწვევად რჩება. “მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ ამ საკითხების მოგვარებზე იმუშავებს, თუმცა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება პრობლემების გამოსწორება არ არსებობს”, – აღნიშნავს Freedom House.
Freedom House მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში შინამეურნეობების 71.5%-ს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. თუმცა კვლევაში ხაზგასმულია, რომ როგორც ინტერნეტის, ასევე მობილურის გამოყენების მხრივ საქართველოში ქალაქად მცხოვრები მოსახლეობის წილი, რეგიონში მცხოვრებლებს უსწრებს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს სრულყოფილი სტრატეგია და გრძელვადიანი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ინტერნეტ ინფრასტრუქტურა. აქვე ნახსენებია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ფონდმა ქართუმ უნდა განახორციელოს, თუმცა Freedom House აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას პროექტის გამჭვირვალობის კუთხით კითხვები აქვს.
ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორ ოპერატორს – მაგთისა და სილქნეტს, ბაზრის 78% უკავიათ. ამ ორი ოპერატორის ბოლო დროინდელმა გამსხვილებამ კი ბაზრის კონცენტრაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია, თუმცა საფასო პოლიტიკაზე ამას უარყოფითი გავლენა ჯერ-ჯერობით არ მოუხდენია.
Freedom House წერს, რომ საქართველოში ონლაინ მედია საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა არის ნიშნები, რომ სხვადასხვა წყაროები პოლიტიკურ წრეებთან არის კავშირში. ნახსენებია ანტი-დასავლური და რუსული პროპაგანდა.
“კერძო სექტორი კვლავ თავს იკავებს ონლაინ რეკლამისგან, შედარებით მცირე ზომის აუდიტორიის გამო”, – წერია ანგარიშში.
რაც შეეხებათ სხვა ქვეყნებს, საქართველოს მეზობელი სომხეთი იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებმაც წლევანდელ რეიტინგში პოზიცია ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს. კერძოდ, 100 ქულიდან სომხეთს 27 აქვს.
მსოფლიოში ყველაზე ცუდი შედეგი ჩინეთს, ირანსა და სირიას აქვთ, – 100-დან 88, 85 და 83 ქულა.
დატოვე კომენტარი