კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი ბაჰამის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ BBC ქვეყნის გენერალური პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მას აშშ-სა და ბაჰამის კუნძულებზე “ფინანსურ დარღვევებში” ადანაშაულებენ. დაკავებული ბენკმენ-ფრიდი დღეს ბაჰამის კუნძულების სასამართლოს წინაშე წარდგება.
“სემ ბენკმენ-ფრიდი პატიმრობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ექსტრადიციის კანონის შესაბამისად”, – განაცხადა ბაჰამის კუნძულების გენერალურმა პროკურორმა.
მანამდე კი აშშ-ის პროკურატურამ “ტვიტერზე” დაწერა:
„ამ საღამოს ბაჰამის ხელისუფლებამ, აშშ-ის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოს მიერ წარდგენილ დალუქულ საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით, სამუელ ბენკმენ-ფრიდი დააკავა”.
უოლ სტრიტის მარეგულირებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინიც მიიღებდნენ ზომებს FTX-ის დამფუძნებლის წინააღმდეგ.
“ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ დამოუკიდებლად წარადგინა ბრალდებები ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ ფასიანი ქაღალდების რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროდ ხვალ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოში იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წარმომადგენელმა, გურბირ გრევალმა.
ჯერჯერობით სემ ბენკმენ-ფრიდის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში FTX-მა კოლაფსი განიცადა და გადახდისუუნარო გახდა, ხოლო მოგვიანებით, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ამ დრომდე უცნობია, გაკოტრების პროცესების დასრულების შემდეგ, დაიბრუნებენ თუ არა, ან რა ოდენობით დაიბრუნებენ დაზარალებული მომხმარებლები თანხებს, რომელიც კრიპტობირჟაზე განათავსეს.
დატოვე კომენტარი