გაკოტრებულმა კრიპტობირჟა FTX-მა კრიპტოვალუტის აქტივების ლიკვიდაციისთვის აშშ-ის სასამართლოს ნებართვა მიიღო. კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მათ საშუალებას აძლევს, კლიენტებს მიყენებული ზარალი აშშ დოლარში აუნაზღაურონ, კრიპტობაზრებზე ფასების ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკები კი მინიმუმამდე დაიყვანონ.
მოსამართლე ჯონ დორსიმ FTX-ის მოთხოვნა დელავერში, ვილმინგტონში გამართული მოსმენისას დაამტკიცა. სასამართლო დადგენილებით, FTX-ს კვირაში $100 მილიონამდე ღირებულების კრიპტოვალუტის გაყიდვის და ჰეჯირებისა და ფსონის შეთანხმებების დადების უფლება ენიჭება. ეს უკანასკნელი კომპანიას საშუალებას მისცემს, ფასების ცვალებადობის რისკი მინიმუმამდე შეამციროს და პასიური შემოსავლის დიდი ნაწილი ძირითადი კრიპტოვალუტებიდან, მათ შორის ბიტკოინიდან და ეთერიდან, გამოიმუშაოს.
FTX-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა როგორც კრიპტოკომპანიის გაკოტრებული კლიენტების წარმომადგენლად დანიშნულმა ოფიციალურმა კომიტეტმა, ასევე იმ არაამერიკელ მომხმარებელთა წარმომადგენლობის კომიტეტის წევრებმა, რომელთაც დეპოზიტები FTX.com-ის საერთაშორისო ბირჟაზე ჰქონდათ განთავსებული. მოსმენის დროს მოსამართლემ არ გაითვალისწინა ორი მომხმარებლის მიერ გაკეთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ FTX-ი შესაძლოა სრულად არ ფლობდეს მის ანგარიშებზე არსებულ კრიპტოვალუტას.
FTX-ის განცხადებით, კომპანია აცნობიერებს რისკს, რომელიც კრიპტობაზრისთვის მონეტების ლიკვიდაციის მცდელობას შეიძლება მოჰყვეს. თუმცა არსებული კრიპტოპორტფელის შენარჩუნებაც სარისკოა, რადგან აქტივების ფასები იკლებს და კომპანიისთვის მათი გარკვეული ნაწილის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის.
ორივე კრედიტორის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მოსამართლის გადაწყვეტილებით, FTX-ი ლიკვიდაციის ტემპის ზრდას კვირაში $200 მილიონამდე შეძლებს. FTX-ის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებით, კომპანია $3.4 მილიარდის კრიპტოვალუტებს ფლობს, მათ შორის $1.16 მილიარდს – სოლანაში, $560 მილიონს – ბიტკოინში, ხოლო $192 მილიონს – ეთერიუმში.