G&T: 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $4.5 მილიარდს მიაღწევს

G&T: 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $4.5 მილიარდს მიაღწევს

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის დასკვნითი მონაკვეთი საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს დაეთმო.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასასრულს ქვეყნის მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 19%-ით გაიზრდება და 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. მისივე ვარაუდით, აღნიშნული კუთხით ზრდის ტენდენცია მომდევნო წელსაც გაგრძელდება – Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავალი 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ერთწლიანი ჭრილში, შესაბამისად, 7%-იან ზრდას გულისხმობს.

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში ქვეყნის მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 1.45 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება შემოსავლებში ქვეყნების წილს, ამ კუთხით $285.3 მილიონით რუსეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის თურქეთი $220.05 მილიონით და ევროკავშირის ქვეყნები $212 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 3.25 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ეს მონაცემი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 29.2%-ით აღემატება. თუ Galt & Taggart-ის პროგნოზს დავუჯერებთ, მიმდინარე წლის IV კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან თითქმის $1 მილიარდის შემოსავალი უნდა მიიღოს.