გაერო: 2020 წელი აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია

გაერო: 2020 წელი აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელი დაფიქსირდა. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ყოველწლიური კვლევის, „კლიმატის მდგომარეობა აზიაში“, მიხედვით, ტემპერატურის ზრდამ მთლიანი რეგიონი დააზარალა.

WMO-ის ინფორმაციით, 2020 წელს აზიაში ტემპერატურის ექსტრემალური მატება ათასობით ადამიანის გარდაცვალებისა და მილიონობით მოქალაქის იძულებითი გადაადგილების მიზეზი გახდა. ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის დაზიანებას კი მილიარდობით დოლარის ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, გასულ წელს რეგიონში წყალდიდობამ და ქარიშხალმა 50 მილიონი ადამიანი დააზარალა და 5000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, რაც ბოლო ორი ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია და აზიის ბევრ ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებაზე მიუთითებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ასევე მოიცავს კლიმატთან დაკავშირებულ საშუალო წლიურ დანაკარგებს. მაგალითად, ჩინეთი დაზარალდა $238 მილიარდით, შემდეგ მოდის ინდოეთი $87 მილიარდით, ხოლო იაპონიამ და სამხრეთმა კორეამ შესაბამისად $83 მილიარდისა და $24 მილიარდის ზარალი ნახეს. მომატებული სიცხე და ტენიანობა კონტინენტზე გარე სამუშაო საათების გაუქმების მიზეზი ხდება, რაც პოტენციურად რამდენიმე მილიარდ დოლარს უტოლდება.

აზიისთვის რეკორდულად ყველაზე ცხელ წელს საშუალო ტემპერატურა 1,39C  დაფიქსირდა, რაც 1981-2010 წლების საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ კი რეკორდულ ნიშნულს ინდოეთის, წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მიაღწია. შეგახსენებთ, რომ გაეროს ანგარიში გლაზგოში, 31 ოქტომბერს გახსნილ გაეროს კლიმატის ცვლილებების COP26-ის კონფერენციამდე გამოქვეყნდა.

 

ფოტო: Reuters

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *