მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, მსოფლიო ტურიზმის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება 2024 წლამდე მოსალოდნელი არაა. კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის, სწრაფი გავრცელება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის პროცესზე.
2020 წელს, პანდემიის შესაჩერებლად მიმართულმა ღონისძიებებმა, ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ და მოგზაურობაზე დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს, World Tourism Barometer-ის ანგარიშით, ომიკრონის სწრაფად გავრცელება (გასულ წელს 4%-იანი ზრდის დაფიქსირების მიუხედავად) 2022 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის პროცესს შეაფერხებს. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 72%-ით შემცირდა.
UNWTO-ს განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა ხარისხის შეზღუდვებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის ტემპი ნელი და არათანაბარია. მაგალითად, გასულ წელს ევროპასა და ამერიკაში უცხო ქვეყნის ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შესაბამისად, 19%-ითა და 17%-ით გაიზარდა. თუმცა ვიზიტები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 2021 წელს 24%-ით შემცირდა. რაც შეეხება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, 2020 წელთან შედარებით 65%-იანი, პანდემიამდელ დონესთან მიმართებით კი, 94%-იანი კლება დაფიქსირდა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 30%-დან 78%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, მაინც საკმაოდ დაბალ ნიშნულზე დარჩება. ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ტურიზმის სრული აღდგენა 2024 წლამდე ვერ მოხერხდება. გასულ წელს ტურიზმის ეკონომიკური წილი $1,9 ტრილიონად შეფასდა, რაც მეტია 2020 წლის მონაცემებზე ($1,6 ტრილიონი), თუმცა პანდემიამდელ $3,5 ტრილიონზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
დატოვე კომენტარი