გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებით განპირობებული კატასტროფების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. წყალდიდობებმა, ხანძრებმა და მსგავსმა კატაკლიზმებმა ამ პერიოდის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 3.64 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, მათ მიერ გამოცემული ბოლო ანგარიში, Atlas-ი, ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვაა ამინდის, წყლისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ეკონომიკური დანაკარგების შესახებ.
ორგანიზაციამ 1970 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში მომხდარი 11,000 კატასტროფა გამოიკვლია. მათ შორის ყველაზე ფატალურ მოვლენებად დასახელდა 1983 წლის ეთიოპიის გვალვა, რომლის დროსაც 300 000 ადამიანი დაიღუპა და 2005 წელს ქარიშხალ „კატრინას“ კატასტროფა, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული გამოდგა – ზარალის რაოდენობამ 163.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება საინტერესოდ დაემთხვა ბუნებრივი კატასტროფების სეზონს, რომელიც გერმანიაში წყალდიდობების სახით, ხმელთაშუა ზღვისპირეთში ხანძრის, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „იდას“ სახით მიმდინარეობს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1970 წლიდან ბოლო ათწლეულის განმავლობაში კატასტროფების რიცხვი დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი და ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად გახშირებული.
მაგალითად, 1970-იან წლებში მსოფლიოში 711 ბუნებრივი კატასტროფა აღირიცხა. 2000-დან 2009 წლამდე კი მათი რიცხვი 3,536-მდე გაიზარდა, რაც საშუალოდ დღეში 10 კატასტროფას ნიშნავს. 2010-იან წლებში აღნიშნული რიცხვი ოდნავ შემცირდა და 3,165-ს გაუტოლდა.
დატოვე კომენტარი