გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, ირანს ბირთვული იარაღის დასამზადებლად საკმარისი გამდიდრებული ურანის მოცულობა უკვე აქვს.
სააგენტოს ცნობით, ირანი ამჟამად 43 კილოგრამ რადიოაქტიურ ნივთიერებას ფლობს, რომელიც 60%-იან დონემდეა გამდიდრებული. აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 10 კილოგრამით აღემატება მარტში დაფიქსირებულ მონაცემებს.
ირანის მთავრობამ ურანის აქტიურად გამდიდრების პროგრამა 2020 წელს განაახლა და ამ მიმართულებით საკმაოდ მოკლე პერიოდში დიდ პროგრესსაც მიაღწია.
ექსპერტების შეფასებით, ბირთვული იარაღის დასამზადებლად მხოლოდ ურანი არ არის საკმარისი და ირანელი მეცნიერები გარკვეული ტექნიკური გამოწვევების წინაშეც დგანან, თუმცა ის ფაქტი, რომ უმთავრესი ინგრედიენტი – რადიოაქტიური ნივთიერება, უკვე ირანის ხელშია, შემაშფოთებელია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს ისრაელი, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს. თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ავივ კოჰავის განცხადებით, ისრაელის არმია პასუხო სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს.
ოფიციალური ირანის განმარტებით, ურანის გამდიდრების მიზანი ბირთვული იარაღის შექმნა არა არის და ეს სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებას ემსახურება, მიუხედავად იმისა, რომ რადიოაქტიური ნივთიერების გამდიდრების დონე მნიშვნელოვნად აღემატება ელექტროსადგურისთვის საჭირო ნიშნულს.
დატოვე კომენტარი