გაერთიანებული სამეფოს ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, არსებულ ობიექტებზე დამატებით რვა ბირთვული რეაქტორის განთავსება განიხილება. სტრატეგია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ენერგოდამოუკიდებლობას გააძლიერებს და ქვეყანას მზარდი ენერგოფასებისგან დაიცავს, ქარის, წყალბადისა და მზის ენერგიის წარმოების ზრდასაც ითვალისწინებს.
მთავრობის განცხადებით, ბირთვული წარმოების გასაძლიერებლად ახალი ორგანო Great British Nuclear-ი ამოქმედდება. გეგმის თანახმად, 2050 წლამდე, პროგნოზირებადი ელექტრომოთხოვნის 25%-ის, შესაბამისად 24 გიგავატი ელექტროენერგიის მიწოდება სწორედ ამ წყაროდან მოხდება. ახალი ბირთვული რეაქტორები უკვე არსებულ ობიექტებზე, მათ შორის ორი Sizewell-ის ელექტროსადგურზე ამოქმედდება. მთავრობა იმედოვნებს, რომ 2030 წლამდე ყოველწლიურად თითო ახალი რეაქტორის მშენებლობა დამტკიცდება.
მთავრობის ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ 2030 წლისთვის გაერთიანებული სამეფოს ელექტროენერგიის 95% ნახშირბადის დაბალი შემცველობის წყაროებიდან დაკმაყოფილდეს. მაგალითად, სამეფო განიხილავს ოფშორული ქარის ელექტროსადგურების საშუალებით 50 გიგავატამდე ენერგიის წარმოებას, რაც საკმარისზე მეტიც კი იქნება გაერთიანებულ სამეფოში ყველა სახლის ენერგომომარაგებისთვის.
მთავრობის ახალი გეგმა ბირთვული ენერგიის გარდა სხვა საკითხებსაც ეხება. მათ შორის განიხილება ოფშორული ქარის ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ნებართვის გაცემის დაჩქარება და სახლებსა და კომერციულ შენონებზე მზის პანელების დამონტაჟების წესების რეფორმირება. შედეგად, მზისგან მიღებული ენერგიის სიმძლავრე 2035 წლისთვის ხუთჯერ გაიზრდება. გარდა ამისა, იგეგმება წყალბადის წარმოების გაორმაგებაც, რაც ინდუსტრიების, ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფას განაპირობებს.
დატოვე კომენტარი