გაერთიანებულმა სამეფომ, აქციების საჯაროდ განთავსებამდე, ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიების ზრდის ეტაპის მხარდასაჭერად £1-მილიარდიანი საინვესტიციო ფონდი შექმნა. მიზანი, ბრიტანეთის, როგორც ფინტექ-საინვესტიციო ცენტრის იმიჯის გაძლიერებაა.
Mastercard-ის, Barclays-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის ხელშეწყობით, Fintech Growth Fund-ი, ფინტექ-კომპანიებში £10 მილიონიდან £100 მილიონამდე ინვესტირებას გეგმავს. დაფინანსება, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ ბანკებსა და გადახდების ტექნიკურ ჯგუფებს, ასევე ფინანსურ ინფრასტრუქტურასა და მარეგულირებელ ტექნოლოგიებს მოხმარდება.
Fintech Growth Fund-ის მიზანი, ინვესტორთა მოძიების პროცესში, იმ კომპანიების ზრდის ხელშეწყობაა, რომლებიც C ან უფრო მაღალი დაფინანსების რაუნდისკენ მიისწრაფვიან. ფონდის მრჩეველი გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო ბანკი Peel Hunt-ია. მრჩეველთა შორისაა ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი.
ჯგუფი 2021 წელს, მთავრობის დაკვეთით ჩატარებული მიმოხილვის საპასუხოდ შეიქმნა, რომელმაც ტექნიკური ფირმებისთვის გაერთიანებულ სამეფოში არსებული გარემო შეისწავლა. ცნობისთვის, ქვეყნისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფინტექზე ორიენტირებული ფონდი მთავრობის მიერ მართული სტრატეგიიდან ჩამოყალიბდა.
Statista-ს მონაცემებით, მსოფლიოს 200 საუკეთესო ფინტექ-კომპანიიდან 16 გაერთიანებულ სამეფოშია წარმოდგენილი. KPMG-ის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში, გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინვესტიციები 57%-ით შემცირდა.