Meta-ს ვიცე-პრეზიდენტი, გაი როუზენი კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი გახდა– ეს თანამდებობა ახალია, რაც იმას ნიშნავს, რომ როუზენი პირველია, ვინც კომპანიაში აღნიშნულ როლს დაიკავებს. შეგახსენებთ, რომ გაი როუზენი Facebook-ში 2013 წლიდან მუშაობს: წლების განმავლობაში მან არაერთი თანამდებობა გამოიცვალა, ბოლოს კი კომპანიის უსაფრთხოებას ხელმძღვანელობდა.
„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, როგორც კომპანიის დნმ-ში არსებული უსაფრთხოების ასამაღლებლად, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე ჩვენი ლიდერობისა და მმართველობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა წერილში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის უსაფრთხოებას როუზენი ამ დრომდეც ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამიერიდან მისი მოვალეობები კიდევ უფრო გაფართოვდება. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, გაი როუზენი პასუხისმგებელი იქნება როგორც პლატფორმაზე გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე, ასევე პროდუქტების, ინფრასტრუქტურისა და კომპანიის ინფორმაციის შიდა და გარე უსაფრთხოებაზე.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Facebook-ის ყოფილმა უსაფრთხოების ოფიცერმა, ალექს სტეიმოსმა, კომპანია 2018 წელს დატოვა.
დატოვე კომენტარი