გაიცანით 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპი Dealpad-ი, რომელიც კომპანიებს შემოსავლის გაზრდაში ეხმარება

გაიცანით 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპი Dealpad-ი, რომელიც კომპანიებს შემოსავლის გაზრდაში ეხმარება

საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სილიკონ-ველიზე დაფუძნებული ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-ის პარტნიორობით, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, 12 შერჩეული სტარტაპი, საერთაშორისო მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ბიზნესის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების სტრატეგიების შემუშავებაზე, რაც მათ სწრაფი ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

მათ შორისაა Dealpad-ი – გაყიდვების გუნდისთვის შექმნილი სტარტაპი, რომლის მეშვეობითაც კომპანიები საკუთარ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ, აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ მყიდველებთან და დაინტერესებულ პირებთან.

Dealpad-ის საქმიანობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გადავწყვიტეთ, სტარტაპის თანადამფუძნებელს, ადამ ბეიქერს დეტალურად გავსაუბრებოდით:

მოკლედ გვითხარით, საიდან გაჩნდა თქვენი სტარტაპის შექმნის იდეა და ვინ არიან დამფუძნებლები?

სტარტაპი ორმა მეგობარმა – ადამ ბეიქერმა და კიმ დი ცენტა ლე ვან კიმმა დავაფუძნეთ. ჩვენ პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვების სფეროში 20+ წლიანი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ისეთი სტარტაპი, რომელიც ჩვენს დაგროვილ ცოდნას კომპანიების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართავდა.

მე გლობალური გაყიდვების მიმართულებით ლიდერ პოზიციებზე ვმუშაობდი Salesforce-ში, Intuit-სა და სხვა სამ $70 მილიონზე მეტი ბრუნვის მქონე SaaS კომპანიაში. ამჟამად კი Dealpad-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას ვიკავებ.

კიმ დი ცენტა ლე ვან კიმი (CTO) პროგრამული უზრუნველყოფის და პროდუქტის ინჟინრის პოზიციებზე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიც არის: Facebook (Meta), King და Lastminute.com.

მოგვიყევით, რას სთავაზობს თქვენი სტარტაპი მომხმარებელს და რა პრობლემას წყვეტს ის?

კომპანიები ყიდულობენ Dealpad-ს მეტი გაყიდვებისა და შემოსავლის მისაღებად. შესაბამისად, Dealpad-ი წყვეტს ორ ძირითად პრობლემას:

  1. ფუჭად დახარჯული დროის პრობლემას გარიგებებში, რომლებიც არ სრულდება ხელმისაწვდომობისა და შესყიდვების კომიტეტთან შეუთანხმებლობის გამო;
  2. გაუქმებული გარიგებებისა და შემოსავლის დაკარგვის რისკს, როდესაც სიზუსტის პროგნოზირება შეუძლებელია.

როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

საპილოტედ Dealpad-ს იყენებდა 4 კომპანია და ისინი შემდეგ ჩვენი ფასიანი მომხმარებლები გახდნენ.

თავდაპირველ ეტაპზე ვცდილობდით, მაქსიმალურად ბევრი მომხმარებელი აღმოგვეჩინა და განგვესაზღვრა, რა ღირებულების მომტანი ვიყავით ჩვენი პროდუქტით მათთვის.

რა სირთულეებს წააწყდით სტარტაპზე მუშაობის პროცესში? 

ჩვენ არ გვქონია რაიმე ტიპის ტექნიკური გამოწვევა, უფრო მეტად იმაზე ვიყავით ორიენტირებულები, გაგვერკვია რამდენად აგვარებდა ჩვენი პროდუქტი იმ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ვცდილობდით.

ადრე თუ მიგიღიათ მონაწილეობა სხვა ტიპის აქსელერატორში?

დიახ, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა Techstars-ის პროგრამაში.

როგორია თქვენი მოლოდინი 500 Georgia-ს პროგრამასთან დაკავშირებით?

ვფიქრობთ, პროგრამა დაგვეხმარება, გამოვასწოროთ ჩვენს სტარტაპში არსებული ხარვეზები და მოვიზიდოთ ინვესტიციები, კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ და ადგილი დავიმკვიდროთ ბაზარზე.

როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობებს აძლევს 500 Georgia სტარტაპებს და რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში მონაწილეობა?

მსგავსი პროგრამები სტარტაპერებს აძლევს იმ გამოცდილებას, რომლითაც ისინი შეძლებენ, ჰქონდეთ საინვესტიციო მზადყოფნა და გაითქვან სახელი ადგილობრივ ეკოსისტემებსა და ქსელებში.

და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ სამომავლოდ მრავალი გეგმა გვაქვს, თუმცა, უმთავრესად გვსურს, ადგილი დავიმკვიდროთ საერთაშორისო ბაზარზე.

S