ახალი ამბავი ნამდვილად არაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განსაკუთრებით უყვარს სიმართლის დაფარვა და ქვეყანაში მისთვის სასარგებლო, თუმცა მცდარი ამბების გავრცელება. პუტინის გენერალი კი დეზინფორმაციულ ომში 70 წლის ოლიგარქი იური კოვალჩუკია, როგორც მას აშშ-ის მთავრობა უწოდებს, პრეზიდენტის „ახლო მრჩეველი“ და 2014 წლის სანქციების პერიოდის „პირადი ბანკირი“. კოვალჩუკია იმ მედიარხების მფლობელი, რომლებიც რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ. მის ჰოლდინგ-კომპანია National Media Group-ს აქტივები პირველ არხსა და რუსეთის რამდენიმე ყველაზე გავლენიან ტელეარხში აქვს, ასევე დეკემბერში შეისყიდა VK-ის, რუსეთის უდიდესი სოციალური მედიაკომპანიის, წილიც.
„დე ფაქტო მეორე ადამიანი რუსეთში და ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის გარემოცვაში“ – ასე აღწერს კოვალჩუკის პიროვნებას რუსი ჟურნალისტი და პუტინის ახლო წრის შესახებ წიგნის ავტორი მიხაილ ზიგარი. რუსული ოლიგარქიის ექსპერტი ანდერს ასლუნდი კი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას კოვალჩუკის ტელევიზიას უწოდებს. რადგან პუტინი საკმარისად არ ენდობა სახელმწიფოს, მას სჭირდება უახლოესი ადამიანი, ვინც ტელევიზიას გააკონტროლებს.
Forbes-ის შეფასებით, კოვალჩუკის ქონება $1.3 მილიარდს უტოლდება. კოვალჩუკმა National Media Group-ი 2008 წელს, კიდევ ერთ ოლიგარქ, ალექსეი მორდაშოვთან პარტნიორობით დააარსა. პირველი არხის გარდა, National Media Group-ი აკონტროლებს 5TV-ის, REN-TV-ის (წარსულში პუტინის ოპოზიციური ქსელი) და გასართობ არხს CTC-ს, ასევე წილი აქვს გაზეთებსა და ციფრულ მედიაში. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ ალინა კაბაევა, რომელსაც ხშირად პუტინის „საყვარლად“ მოიხსენიებენ, სწორედ კოვალჩუკის კომპანიის თავმჯდომარეა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, რუსული სატელევიზიო ქსელები ძირითადად პუტინის გამოსვლებს ავრცელებენ. ამ კვირაში ექსპერტებმა შეთქმულების თეორიებიც გააჟღერეს იმის შესახებ, რომ უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერით ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებდა. უკრაინამ და ბაიდენის ადმინისტრაციამ ბრალდებები უარყვეს. კოვალჩუკი თავისი „ანტილიბერალური და ანტიდასავლური შეხედულებებითა“ და „კონსპირაციული“ აზროვნებითაა ცნობილი. მისი მსგავსი ადამიანები იზიარებენ პუტინის პრიორიტეტსა და მიზნებს და ცდილობენ, მედიაპოლიტიკაც სწორედ ამ საჭიროებებს მოარგონ.
2021 წლის დეკემბერში National Media Group-მა, ოლიგარქ ალიშერ უსმანოვისგან რუსული სოციალური მედიაგიგანტი VK შეიძინა. მესაკუთრის ცვლილების შემდგომ VK-ის არსებული მენეჯმენტის დიდი ნაწილი დაითხოვეს და კოვალჩუკის ნათესავებით ჩაანაცვლეს. BBC-ის ინფორმაციით, სწორედ VK-ით ხდება დაქირავებულ მებრძოლთა რეკრუტირება უკრაინის ომისთვის. VK-ის როლი და გავლენა რუსეთის მოსახლეობასა და კრემლისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელებაში უმნიშვნელოვანესია.
კოვალჩუკი და პუტინი 1990-იან წლებში დაახლოვდნენ, როდესაც კოვალჩუკის Rossiya Bank-მა პუტინის პოლიტიკურ აღზევებას მხარი დაუჭირა. ამის შემდგომ კი ფარულად, კულისებში მუშაობა გადაწყვიტა. პუტინის გაპრეზიდენტების შემდგომ, ოლიგარქმა Rossiya Bank-ის საშუალებით მედიაიმპერია ააშენა, რომელიც პუტინთან დაპირისპირებული პრესის განადგურებას ემსახურებოდა. 2000 წელს პუტინმა დააპატიმრა ვლადიმირ გუსინსკიც და აიძულა, მთელი მისი მედიაქონება, მათ შორის REN-TV, თავდაპირველად „გაზპრომისთვის“ მიეყიდა, შემდგომ კი, სხვა აქტივებთან ერთად, გარიგების ფასად Rossiya Bank-ს გადასცა.
მსგავსი ტიპის გარიგებები, 2000 წლებში, ოლიგარქების სიმდიდრის რუსეთის სახელმწიფოსა და პუტინის ჯიბეში გადაცემის ნაწილი იყო. 2004-2007 წლებში, „გაზპრომის“ საშუალებით, $60 მილიარდზე მეტი ღირებულების სახელმწიფო აქტივები Rossiya Bank-სა და პუტინის სხვა მოკავშირეების მფლობელობაში გადავიდა. თავდაპირველად, კონკურენტული გარემოს შესაქმნელად, მონოპოლიების ყველა არაძირითადი აქტივის, მათ შორის „გაზპრომის“, ღია ბაზარზე გასვლა იგეგმებოდა, თუმცა პუტინმა ეს აქტივები საკუთარ ახლობლებს გადასცა. „გაზპრომმა“ ვერაფერი მიიღო, ვერც გადასახადის გადამხდელებმა, რეფორმების მაგივრად კი რუსეთს კონტროლი შერჩა.
ასე შეიქმნა რუსეთში კოვალჩუკის მედიაიმპერია, რომელიც პრეზიდენტის ხელშეწყობით ძალაუფლებას არ კარგავს. ბოლო წლებია, პუტინი და კოვალჩუკი განსაკუთრებით დაახლოვდნენ, მისი როლი კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქების დიდ ნაწილს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივებს უყინავენ, პუტინს სჭირდება ადამიანი, რომელსაც ამ რთულ ვითარებაშიც ბოლომდე ენდობა. ერთ-ერთი ასეთი პირი კი რუსეთის პრეზიდენტისთვის სწორედ 70 წლის ოლიგარქი იური კოვალჩუკია.
დატოვე კომენტარი