საღამოს შვიდი საათია. გარეთ ისეთი ხერგილია, რომ, თუ თავი არ მოგძულებია, აჯობებს იქ დარჩე, სადაც ხარ. მელიქიშვილზე მანქანა მანქანას აზის და ტვინის წამღები სიგნალი არ წყდება. ამას თან ერთვის საპატრულო ეკიპაჟების მოწოდება მძღოლებისადმი, “დაუჩქარეთ მოძრაობას”. ამ მოწოდებაზე თან მაგრად მეცინება და თან ვბრაზდები ხოლმე, აი, როგორ უნდა დაუჩქარო მოძრაობას თბილისში, საღამოს 7 საათზე, როცა თვით შავ ბრაბუსზე შემომჯდარი ეშმაკიც კი თავში ხელს იცემს, ეს რა ჯოჯოხეთში ამოვყავი თავიო. შესაძლოა, სულაც არ არის ამ მეტაფორის ადგილი აქ და ახლა, უბრალოდ საქმე ისაა, რომ ჩემი რესპონდენტიც ხერგილშია გაჭედილი და მელიქიშვილამდე მოღწევას ცდილობს. მე გამიმართლა. იმ კაფესთან, სადაც შეხვედრა დავთქვით, ახლოს აღმოვჩნდი და ფეხით ამოვირბინე. ზანზალაკებიანი კარი შევაღე, თავისუფალი მაგიდა ვიპოვე და ფოჩიანი აბაჟურის ქვეშ ჩამოვჯექი. უფ, საგიჟეთია. ვფიქრობ და ცოტა ხანი უძრავად ვზივარ. მერე ვხვდები, რომ რაღაც მაწუხებს. მაწუხებს რა, ედიტ პიაფი მღერის ამ მყუდრო კაფესთვის უჩვეულოდ ხმამაღლა. მოღიმარ მიმტანს ვთხოვ, მუსიკას ოდნავ ჩაუწიოს და მიზეზსაც ვუხსნი: ინტერვიუ უნდა ჩავწერო, თორემ არ შეგაწუხებდით-მეთქი. მანქანების სიგნალი კაფეშიც აღწევს. ზანზალაკებიანი კარი იღება. ჩემმა რესპონდენტმა ხერგილს თავი დააღწია. ანუ ყველაფერი კარგად იქნება. ამაღამ ნიუ-იორკში ბრუნდება. ბარგი ჩასალაგებელი აქვს. სალაპარაკოდ დიდი დრო არ გვაქვს, თუმცა თავიდანვე ვთანხმდებით, რომ რასაც დღეს ვერ მოვასწრებთ, მიწერ-მოწერით გავაგრძელებთ. ის ნიუ-იორკიდან, მე თბილისიდან. კარგი გარიგებაა.
ეს ირინა პოპიაშვილია. გალერისტი. საინტერესო ქურთუკი აცვია. მომწონს. თითქოს ჭრელია, მაგრამ ჭრელიც არ არის. უფრო მუქი ნარინჯისფერი ჭარბობს. ან შეიძლება აბაჟურის განათებაზე ჩანს ასე. ზუსტად ვერ ვიტყვი. წყალსა და კაპუჩინოს უკვეთს მიმტანს, მე – კოკა-კოლას.
ირინა 20 წელზე მეტია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამ წლების მანძილზე ჯერ ისწავლა, შემდეგ კი არაერთ ცნობილ გალერეაში იმუშავა – გალერისტის თანაშემწით დაწყებული, გალერეის მეპატრონით დამთავრებული. 2005 წელს თავის პარტნიორ მარისა ნიუმანთან ერთად ჩელსიში გახსნა გალერეა სახელწოდებით “Newman Popiashvili Gallery” და თითქმის ათი წლის მანძილზე ამ გალერეაში არაერთი ცნობილი ამერიკელი თუ უცხოელი არტისტის ნამუშევრები გამოფინა. გალერეამ “Newman Popiashvili Gallery”-ის სახელით ფუნქციონირება 2013 წელს შეწყვიტა. თუმცა გალერეას მუშაობა არ გაუჩერებია. იქ ირინას პარტნიორი მარისა ნიუმანი აგრძელებს საქმიანობას. ირინასა და მარისას ერთობლივი გალერეის შესახებ ოდნავ ქვევით უფრო მეტს გეტყვით.
ახალი თაობა – განათლება – საქმე, რომელიც ირინასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
მანამდე კი ისიც უნდა გითხრათ, რომ ირინა ამ ინტერვიუს შემდეგ იმიტომ მიფრინავს ნიუ-იორკში, რომ ის ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან გამოფენაზე მუშაობს, რომელიც ნიუ-იორკში გალერეა Participant inc.-ში უნდა გაიმართოს. თან ირინას ნიუ-იორკში ბევრი შეხვედრა აქვს დაგეგმილი იმ დიზაინერებსა და არტისტებთან, რომლებიც სხვადასხვა სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან. აი, აქ მივადექით კიდევ ერთ მთავარ ამბავს ირინას ცხოვრებაში: ირინა თბილისში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დეკანია. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ირინა ნიუ-იორკში არტისტებსა და დიზაინერებს ხვდება, სწორედ ეს სკოლაა: “მათი გამოცდილება მაინტერესებს სწავლებასა და პროგრამებთან დაკავშირებით. მაინტერესებს ორი მიმართულება – როგორ შეიძლება მათთან თანამშრომლობა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში და მათი რჩევები დიზაინის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით. მე მაინტერესებს საქართველოში მათი მოწვევის შესაძლებლობები”, – მეუბნება ირინა.
თუკი ცოტა ხნით ირინას ამჟამინდელ საქმიანობაზე შევჩერდებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა – ეს არის ახლადგახსნილი სასწავლებელი, რომლის პროგრამაც ირინამ თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად შექმნა. აქვე უნდა ვახსენოთ რამდენიმე სიტყვით ირინას გამოცდილება თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობაზეც. ამ პოსტს ის რამდენიმე თვის მანძილზე იკავებდა და თანამდებობა მის გარშემო შექმნილი ვნებათაღელვის ფონზე დატოვა. ამ თემაზე ირინას დიდხანს საუბარი არ სურს, უბრალოდ აზუსტებს: “რექტორის თანამდებობა კი არ დავტოვე, დამატოვებინეს. ახლა რომ ვფიქრობ, სამხატვრო აკადემიის რექტორობამდე საქართველოში არასდროს მიმუშავია, ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება ქართულ კოლექტივში მუშაობისა. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, დახურული სივრცე, სხვა განზომილება, სულ სხვა ფერები. მაგრამ აკადემიამ მომცა სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომლებიც დღესაც კი ჩემი მეგობრები არიან და დღესაც ვმუშაობ მათთან ერთად”, – მეუბნება ირინა და უფრო მეტი ხალისით იწყებს საუბარს თავისუფალ უნივერსიტეტზე, მის ამჟამინდელ საქმიანობაზე:
“წელს მივიღეთ პირველი სტუდენტები. ძველთან ბრძოლის ნაცვლად მე ვაკეთებ ახალ და კრეატიულ საქმეს. დიდ სიამოვნებას მანიჭებს სტუდენტებთან მუშაობა. ძალიან მინდოდა, ჩემი რექტორობის დროს აკადემიაში შემეცვალა აბიტურიენტების მიღების წესი. ის, რაც მინდოდა გამეკეთებინა აკადემიაში, გავაკეთე თავისუფალ უნივერსიტეტში. პირველად საქართველოში, სახელოვნებო სასწავლებელში მიღება მოხდა პორტფოლიოების საშუალებით. ანუ აბიტურიენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. იცი, რამხელა განსხვავებაა? მე ვიცი, რას წარმოადგენენ ეს სტუდენტები, ვინ არიან, რა აინტერესებთ. ეს ადამიანები ოთხი წლის შემდეგ იქნებიან ახალი თაობის არტისტები, გალერისტები, კურატორები. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არის ჩამოყალიბებული გალერეების სისტემა. თითზე ჩამოსათვლელი კურატორები გვყავს. ვინ და რა სჭირდება მხატვარს? მას სჭირდება გალერეა, კურატორი, მუზეუმი. მე მინდა გამოვუმუშაო სტუდენტებს თავიანთი თავის პრეზენტაციის კარგი უნარი, ვასწავლო ძალიან მაგარი გამოფენების კეთება. ისინი მომავალი კრიტიკოსებიც არიან და მე მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი იცოდნენ”, – მეუბნება ირინა, რომლისთვისაც დღეს განათლების მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი საქმეა: “მე თანამოაზრეები მჭირდება. ასეთი თანამოაზრეები კი ჩემი ასაკის ხალხში ძალიან ცოტა მყავდა. მივხვდი, რომ ასეთი თანამოაზრეები ის ახალგაზრდა თაობა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომლებიც ჩემი სტუდენტ-მეგობრები არიან. მე ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი საერთო მაქვს, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა”.
შეტევა ლენინის ძეგლზე და ბილეთი ამერიკისკენ
თუმცა, სანამ ირინა პოპიაშვილი სხვების განათლებაზე დაიწყებდა ზრუნვას, მანამდე ძალიან დიდი და გრძელი და, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე მარტივი გზა გაიარა. ირინამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა. სადიპლომო ნაშრომი კი პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში დაწერა. შემდეგ ასპირანტურაში განაგრძო სწავლა. სწორედ ასპირანტურას ამთავრებდა, თბილისში ამერიკელებს რომ შეხვდა: “1990 წელი იყო, სამოქალაქო ომი ჯერ არ იყო დაწყებული. ჩემი მეგობარი წავიდა ამერიკაში გაცვლითი პროგრამით და მის ოჯახში, თბილისში, ამერიკელები ჩამოვიდნენ. მეგობრის მშობლებმა ინგლისური არ იცოდნენ და დახმარება მე მთხოვეს. დავყვებოდი გიდად, ვათვალიერებინებდი ქალაქს. კარგად მახსოვს ქალაქში ერთ- ერთი გასვლის დრო – ახლანდელ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდობა ლენინის ძეგლს უტევდა. მაშინ მკითხეს იმ ამერიკელებმა, არ გინდა ამერიკაში წამოსვლა და სწავლის იქ გაგრძელებაო? როგორ არ მინდა-მეთქი, მაშინვე ვუპასუხე, but how? თუმცა, რასაც მიზნად დაისახავ, ის გამოვა. ამერიკაში წასასვლელად ტოეფელის ტესტი უნდა ჩამებარებინა. საქართველოში არ იყო ამერიკის საელჩო, ამიტომ ტესტი მოსკოვში ჩავაბარე და 1991 წელს ამერიკაში გავფრინდი”, – იხსენებს ირინა.
ირინამ ჯორჯიის შტატში, University of Georgia-ში მიიღო მაგისტრის ხარისხი. შემდეგ სწავლა ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში განაგრძო. “განსაკუთრებით რამდენიმე ისტორია დამამახსოვრდა იმ პერიოდიდან”, – მეუბნება ირინა და ერთ-ერთ ამბავს მიყვება: “ხელოვნების ისტორიის კლასში დავიწყე სწავლა. მეორე სემესტრის ბოლოს რთული ტესტის ჩაბარება მომიწია. ასეთი ტიპის გამოცდა სხვა დროს არასდროს მქონია. ძალიან ბევრი ვიმეცადინე და ნიშნების გამოცხადების დრო რომ მოვიდა, პროფესორმა ყველას გამოუცხადა ნიშანი ჩემ გარდა. დამიძახა და მითხრა, მინდა შენი ტექსტი გამოვაკრა, როგორც მაგალითი საუკეთესო შედეგისო. მაშინ მივხვდი, რომ მე ყველაფრის გაკეთება შემეძლო, რასაც კი მოვინდომებდი”, – იხსენებს ირინა.
ლურჯი ჩემოდნით ნიუ-იორკისკენ
რამდენიმე ხანში ირინას ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ და მისმა ლექტორმა ჯეიმს მაიერმა ნიუ-იორკში გადასვლა ურჩია: “წარმოიდგინეთ, სტუდენტობისას, იმისათვის რომ თავი შემენახა, ვმუშაობდი ყველანაირ სამსახურში. სწავლა საკმაოდ ძვირი ღირდა. ერთი დამკრძალავ ბიუროში არ მიმუშავია, თორემ საპარიკმახეროთი დაწყებული, ოფიციანტით დამთავრებული, ყველგან ვმუშაობდი. პარალელურად ვმუშაობდი უნივერსიტეტში ასისტენტადაც – ყველაფერს ვახერხებდი და ამ ფონზე, ჯეიმს მაიერი მირჩევს, ნიუ-იორკში გადავიდე. როგორ უნდა შევინახო თავი-მეთქი? მითხრა, ვინმესთან ერთად გაიყოფ გადასახადებს, მაგაზე არ იდარდოო”…
…წლების მერე ირინა თავის გალერეაში, ჩელსიში, მორიგი გამოფენის გახსნისას, ჯეიმს მაიერს დაინახავს: “ვხედავ, ჯეიმს მაიერია შემოსული. მივედი და მივესალმე. გაუკვირდა, გახსოვარო? რას ჰქვია, მახსოვხართ, სწორედ თქვენ გამოა, დღეს მე რომ აქ ვარ-მეთქი. მას რომ ჩემთვის ასეთი ბიძგი არ მოეცა, ალბათ ვერც ვერაფერს მივაღწევდი”, – მეუბნება ირინა, რომელიც იმ დროს იხსენებს, როცა ნიუ- იორკში ჩავიდა:
“ერთი ლურჯი ჩემოდნით წავედი ნიუ-იორკში. ქართველი გოგონა დამხვდა იქ, ბიოლოგი, ის დამეხმარა და მასთან მივედი საცხოვრებლად. იმ დროს ნიუ-იორკში ცხოვრობდა ჩემი ატლანტელი მეგობარი, რომელიც ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო და სწორედ იმ პერიოდში გალერეა გახსნა და შემომთავაზა, ნახევარ განაკვეთზე იმუშავე და გამოფენები გააკეთეო. ჩემი პირველი საკურატორო გამოფენა სწორედ იქ გავაკეთე, Chassie Post Gallery-ში, 1995 წელს. ეს იყო ატლანტელი და ნიუიორკელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა. აქედან დაიწყო ჩემი კურატორული საქმიანობა და გალერეებთან თანამშრომლობა”, – მიყვება ირინა.
ერთი წელი დასჭირდა ირინას ნიუ-იორკში ადაპტირებისათვის. დილიდან საღამომდე დადიოდა გალერეებში, გამოფენებზე. მას უნდა გაეცნო ყველა და ყველაფერი. სხვადასხვა გალერეაში თავის რეზიუმეებს გზავნიდა და ერთ დღესაც მას Joyce Goldstein Gallery-დან დაურეკეს, ინტერვიუზე დაიბარეს და, არც მეტი არც ნაკლები, გალერეის დირექტორად აიყვანეს: “იქ 1996-98 წლებში ვიმუშავე. სწორედ იქ გავაკეთე კარლო კაჭარავას პერსონალური გამოფენა და ასევე ფარაჯანოვის კოლაჟების გამოფენა. გალერეის მეპატრონემ სრული თავისუფლება მომცა. მე მეკითხებოდა ხოლმე, შემდეგი რა გამოფენა გავაკეთოთო. ამ გალერეაში ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ყველაფერს მე ვაკეთებდი. კარლო კაჭარავას გამოფენას მაშინ არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში, რაც გალერისტისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია. ფარაჯანოვის ნამუშევრები კი ზიმერლის არტმუზეუმმა იყიდა. ამ გალერეაში გავაკეთე ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის გამოფენაც”, – იხსენებს ირინა გალერისტობის პირველ ნაბიჯებს და ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც მას, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც შეუშალა ხელი:
“დედაჩემი უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი მასწავლებლები, ჩვენთან სახლში ფულზე არასდროს არავინ ლაპარაკობდა.თითქოს ეს მიუღებელი იყო. სანამ გაყიდვასა და ფულზე ლაპარაკი ვისწავლე, კაი დრო გავიდა”, – მეუბნება ირინა.
ტუტორიალი მომავალი გალერისტებისთვის
მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. გალერისტობა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა არ არის. ირინა პოპიაშვილი სულ პატარა ტუტორიალს ჩაატარებს ახლა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გალერისტობა აქვს გადაწყვეტილი. ვფიქრობ, პუბლიკაციის ეს ნაწილი ამ ადამიანებმა ყველაზე დაკვირვებით უნდა წაიკითონ: “პირველ რიგში, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან არტდილერები და გალერისტები. დილერი – ეს არის ადამიანი, რომელიც იცნობს არტსამყაროს და მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა აინტერესებს. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, მოსწონს თუ არა ნამუშევარი და მხატვარი. თუკი მას ჰყავს კლიენტი და ნახატს ფასი აქვს, ის მას უბრალოდ ყიდის. აი, გალერისტობა კი სულ სხვა რამაა: გალერისტს, ისევე როგორც ყველა სხვა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანს, უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხედვა. კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ რა მიმართულება აქვს მის გალერეას და ვინ და რა უნდა გამოფინოს თავის გალერეაში. გალერისტს უნდა უყვარდეს არტისტებთან ურთიერთობა, მათ გარეშე გალერეა არ არსებობს. მათთან თანამშრომლობა, არტისტების მოსმენის, მათი პროექტების გაგებისა და მხარდაჭერის უნარი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გალერისტის წარმატებაში”, – გატაცებით საუბრობს ირინა და აგრძელებს:
“ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ ბევრ დილერს ხშირად ფინანსურად უფრო წარმატებული გალერეა აქვს და ე.წ. კარგთვალიანი გალერისტი კონკურენციას ვერ უძლებს და ბიზნესს ხურავს. უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა და დაუზარლობაა საჭირო, რომ ნახო და დაათვალიერო ყველა გამოფენა, არტბაზრობა და სახელოსნო. გალერისტის ე.წ. კაპიტალი სწორედ ესაა. ბევრი უნდა იმოგზაურო, რადგანაც დღევანდელი არტსამყაროს საზღვრები გამუდმებით ფართოვდება. ჯერ ნახეთ, რამდენი art fair-ი, რამდენი ბიენალე და საერთაშორისო გამოფენა გაჩნდა გასული 10-15 წლის მანძილზე, გვანგჯუს ბიენალეთი დაწყებული, ჰავანით დამთავრებული. გარდა ამისა, კარგი მენტორი გალერისტის ყოლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ გაიცნო და გაერკვე ხელოვნების სამყაროში, უნდა იცნობდე კოლექციონერებს, პრესის, მუზეუმების წარმომადგენლებს და, რა თქმა უნდა, მხატვრებს. მოკლედ, ძალიან აქტიური და ენერგიული ადამიანი უნდა იყო”, – ამბობს ირინა, რომელსაც ამ წლების მანძილზე არასდროს დაზარებია სხვადასხვა გალერეაში სიარული, გამოფენების დათვალიერება… რადგან ირინამ იცის, რომ ნიუ-იორკში ვერ გადარჩები, თუ კონკურენცია არ დაძლიე. ჯერ მარტო ჩელსიში 600-ზე მეტი გალერეაა:
“ჩემი ყველა კოლეგა აღნიშნავს, რომ მე ვარ ერთ-ერთი იმ გალერისტთაგანი, რომელთაც აინტერესებთ, სხვა რას აჩვენებს, რას გამოფენს. ეს ის ვიზუალური ინფორმაციაა, რომელიც მე მჭირდება. თვალს ისეთივე ტრენინგი სჭირდება, როგორც ყურს. ბევრი რამ უნდა ნახო, რომ კარგის და ცუდის გარჩევა შეძლო. შენ უნდა იცოდე, ვის გამოფენ, ვისთან ითანამშრომლებ. ეს ძალიან სნობური ბიზნესია და ამასთანავე ძალიან იერარქიული. გარდა ამისა, ამ სფეროში, ამერიკაში კრიტიკოსებს აქვთ ძალიან დიდი მნიშვნელობა: ვინ დაგაფასებს, ვინ დაწერს შენზე, ვინ შეგამჩნევს”, – ჰყვება ჩემი რესპონდენტი.
გალერისტის აღმოჩენები
არასდროს ეზარება ირინას ახალი არტისტების აღმოჩენაც. მათ ეძებს ყველგან. როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეში. და როდესაც აღმოაჩენს რომელიმე მათგანს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის წარმატებას მიაღწიოს: “ეს რწმენასავითაა – რაც ძალიან მომწონს, იმისი მჯერა კიდეც. და მე, როგორც გალერისტი, ვცდილობ დამთვალიერებელი “ჩემს რელიგიაზე მოვაქციო”, – ასე უყურებს ირინა თავის საქმეს.
სწორედ ასე იპოვა ირინამ სოციალურ ქსელში მხატვარი გიორგი ხანიაშვილი: “ფეისბუკში წავაწყდი მის ნამუშევრებს. თავიდან უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეგონა. მივწერე, სად ცხოვრობ-მეთქი. რომ მიპასუხა, თბილისშიო, ძალიან გამიკვირდა. სამგორში ცხოვრობს და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი გენიოსია”, – მეუბნება ირინა. გიორგის ნამუშევრები ირინას დახმარებით ვენის არტბაზრობაზე გამოიფინა. ისინი გამოიფინა დუბაიშიც. გიორგის ქანდაკება დუბაიში კრაკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა იყიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ერთ-ერთ ცნობილ ნორვეგიელ კოლექციონერზე.
NEWMAN POPIASHVILI GALLERY – სასტუმროს ნომერში გახსნილი საგამოფენო სივრცე
და მაინც, როგორ გადაწყვიტა ირინამ გალერეის გახსნა ნიუ-იორკში? იქ, სადაც გალერეების ბუმია; იქ, სადაც წარმოუდგენლად დიდია კონკურენცია; იქ, სადაც თავის გადასარჩენად მუხლჩაუხრელი შრომის გარდა, ნაცნობობის დიდი და გავლენიანი წრეც გჭირდება? ამ ყველაფერს ირინას ვეკითხები, რაზეც ის მპასუხობს: “მივხვდი, რომ მე მქონდა განსაკუთრებული ხედვა და ზუსტად ვარჩევდი, რა უნდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის. 2000 წელი იყო. ძალიან მჭირდებოდა სამსახური. უამრავ გასაუბრებაზე დავდიოდი. ერთ მშვენიერ დღეს ანდრეა როზენთან, ცნობილ გალერისტთან მოვხვდი გასაუბრებაზე. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და მეუბნება:
– You should open your own gallery.
– But how? – ვეკითხები.
– You’ll figure it out – მიპასუხა.
“მაშინ, რა თქმა უნდა, ვიფიქრე, მე ახლა შენგან სამსახური მჭირდება და შენ მეუბნები, გალერეა უნდა გახსნაო, მაგრამ ზუსტად მითხრა, რაც მითხრა”, – იხსენებს ირინა.
რამდენიმე ხანში ირინას ერთ-ერთმა კოლეგამ და მეგობარმა, მარისა ნიუმანმა ერთობლივი გალერეის გახსნა შესთავაზა. მარისას ფული ბებიისგან მემკვიდრეობით ერგო. ასე გადაიდგა 2001 წელს “Newman Popiashvili Gallery”-ის პირველი ნაბიჯები: “მარისას მშობლებს ნიუ- იორკში სასტუმრო ჰქონდათ. სასტუმროს პირველ სართულზე ერთი ნომერი მოგვცეს, ორ ახალგაზრდა არქიტექტორს გავაკეთებინეთ ე.წ. white cube და ჩვენი პირველი გამოფენაც მოვაწყვეთ. დავირქვით ამ სასტუმროს ნომრის სახელი Suite 106 და ამ სახელით ვმონაწილეობდით სხვადასხვა არტბაზრობაზე. 2005 წელს კი ჩელსიში უკვე Newman Popiashvili Gallery დავირქვით და ამ სახელით გალერეამ 2013 წლის ჩათვლით ძალიან წარმატებით იარსება”, – ამბობს ირინა.
რა არის შენთვის ნიუ-იორკი? რაღაცნაირად შაბლონურ და, ერთი შეხედვით, უაზრო კითხვას ვუსვამ ფოჩებიანი აბაჟურის ქვეშ მჯდომ ჩემს რესპონდენტს. მისი პასუხი სულაც არ არის შაბლონური: “ჩემთვის ნიუ-იორკი აი, ეს არის: კენედის აეროპორტიდან A ტრეინით მიდიხარ ქალაქისკენ და ყველანაირი ეროვნების, რასის, სოციალური ფენის, ასაკისა და სტილის ადამიანი მგზავრობს შენთან ერთად ერთ ვაგონში. გულში გიხარია, რომ ეს შენი ქალაქია, რომელიც მართლა ყველაზე მაგარი ქალაქია მთელ მსოფლიოში. კიდევ ნიუ-იორკი ჩემთვის საოცარი ცისფერი ცა და სასწაული სინათლეა. რაც არ უნდა მაწუხებდეს, დილით ქუჩაში რომ გამოვდივარ და ცას ავხედავ ოპტიმიზმით ვივსები”.
გალერეა თბილისურ ვიტრინებში
ამჟამად თბილისში ირინა პოპიაშვილის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია გალერეა ვიტრინაში, რომელიც მან თამუნა ღვაბერიძესთან ერთად დაარსა და Popiashvili Gvaberidze Window პროექტითაა ცნობილი. თუკი რუსთაველზე, ზემელზე მოხვდებით, იქ, პანტომიმის თეატრის გვერდით, ვიტრინაში თანამედროვე არტისტების ნამუშევრებს გადააწყდებით. ასეა ჭავჭავაძის გამზირზეც და კიდევ კაფე “ივერიის” ვიტრინაში. რატომ ვიტრინაში და არა ტრადიციულ სივრცეში? ვეკითხები ირინას, ის კი მპასუხობს: “სანამ ხალხი სივრცეში შემოვა, მანამდე ისინი უნდა იპოვო და გაზარდო. ასეთი ადამიანები კი დღეს ძალიან ცოტანი არიან. გავხსნა საგამოფენო სივრცე, ვინ მოვა? ვიტრინის იდეა საჯარო ხელოვნების იდეაა. არანაირი გალერეა. მე მინდა, ეს ყველაფერი იყოს გარეთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი”, – ასე მიაჩნია ირინას, რომელიც, მისი თქმით, ვიტრინაში ისეთი არტისტების ნამუშევრებს აჩვენებს, რომლებიც სხვამ შეიძლება ვერ შეამჩნიოს.
სამი აუცილებელი თვისება, რომელიც გალერისტს უნდა ჰქონდეს
“პირველი – გალერისტს კარგი თვალი უნდა ჰქონდეს. უნდა დაინახოს განსაკუთრებული ნიჭის ან პოტენციალის არტისტი. მეორე – მეხსიერება. უმნიშვნელოვანესია გახსოვდეს მხატვრების, არტისტების იმიჯები, სახელები. ეს დიდი კაპიტალია. და მესამე – სოციალური აქტიურობა. ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც საღამოს 6 საათზე მთავრდება და შენ სახლში მიდიხარ. არა, შენ მიდიხარ გამოფენის გახსნებზე, ხვდები მუზეუმების კურატორებს, კოლექციონერებს და მათთან აქტიური კონტაქტი გაქვს”, – ამბობს გალერისტი ირინა პოპიაშვილი.
ყოველდღიური კადრები
ირინას დილა თბილისშიც და ნიუ-იორკშიც მედიტაციით იწყება. ქართულ ახალ ამბებს სოციალური ქსელის საშულებით იგებს. ისე კი ყოველ დილით BBC-სა და WNYC-ს – ნიუ-იორკის საზოგადოებრივ რადიოს უსმენს: “ამაზე ვხუმრობ ხოლმე, ბებიის ჩვევა გამომყვა, რადიოს მოსმენის-მეთქი. საერთოდ, დილით ადრე ვიღვიძებ და ფოსტას ვამოწმებ, რომ ნიუ-იორკის სამუშაო დროს მოვასწრო მათზე პასუხის გაცემა. შემდეგ უნივერსიტეტში მივდივარ. დიდ სიამოვნებას მანიჭებს სტუდენტებთან ურთიერთობა. ბევრი მათგანი კარგად იცნობს სახელოვნებო სივრცეს, მათთან იდეების გაცვლით ბევრ ახალს ვიგებ. ვუზიარებ თბილისში ჩატარებული გამოფენების ინფორმაციას”, – ჰყვება ირინა თავის ყოველდღიურ საქმიანობაზე და განსაკუთრებით შაბათს გამოყოფს. შაბათობით თავისუფალ უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ე.წ გაცნობითი შეხვედრები ეწყობა. ამ ყველაფრის ორგანიზატორი ის თავადაა. გაცნობით შეხვედრებს კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ატარებენ, მაგალითად არქიტექტორი გოგი საყვარელიძე, კრეატიული დირექტორი გიორგი პოპიაშვილი, წიგნის ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე და ა. შ.
ირინას თბილისში საკუთარი ოფისი არა აქვს. ამიტომ ის და მისი პარტნიორი “ვიტრინის” პროექტში, თამუნა ღვაბერიძე ერთმანეთს რამდენიმე ამოჩემებულ კაფეში ხვდებიან. როგორც ირინა მეუბნება, ამ კაფეების მეპატრონეებიც მათი მეგობრები არიან: “Moda Moda, Dining Room, Mukha და, რაღა თქმა უნდა, შავი ლომი. ძალიან მომწონს Moda Moda-ს ესთეტიკა და კონცეფცია, ამიტომ მათი ინსტალაცია (მათ მიერ რესტავრირებული სკამები) რუსთაველის ვიტრინაშიც გამოვფინეთ. ვგეგმავთ სხვა არაერთ საინტერესო გამოფენასაც”, – ლაპარაკობს ირინა სამომავლო გეგმებზე.
საქმე, საქმე, საქმე… აი, ვორდის მეშვიდე გვერდი დაიწყო და მე და ირინა ძირითადად ისევ და ისევ საქმეზე და გეგმებზე ვლაპარაკობთ. როგორ ახერხებ ამ ყველაფრისგან დასვენებას, თავის დაღწევას? ვეკითხები ირინას. ის კი მპასუხობს, რომ მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება იოგაა და კიდევ ბუნებასთან ურთიერთობა: “უკვე ათი წელია, რეგულარულად დავდივარ იოგაზე, ეს ჩემთვის გონებრივი და სულიერი ვარჯიშია. კიდევ პარკში სეირნობა მიყვარს ძალიან. ნიუ-იორკში cloister-ის პარკთან ახლოს ვცხოვრობ, ხშირად, დილაობით, სწორედ პარკის გავლით მივდივარ ხოლმე სამსახურში. სამწუხაროდ, კარგად გამწვანებული და მოვლილი პარკები ძალიან მაკლია ხოლმე”, – ჩივის ირინა.
იქიდან გამომდინარე, რომ ირინას ფეხით სიარული უყვარს, მისთვის ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელი Nike Air-ია. რაც შეეხება ტანსაცმელს, როგორც ჩანს, ირინა ქართველი დიზაინერებისა და არტისტების ნამუშევრებს განსაკუთრებულ პატივს სცემს: “ჩუბიკას ოთხკუთხედი პალტო მაქვს და ძალიან კარგად ვხმარობ. რამდენიმე თვის წინ შევიძინე გუგა კოტეტიშვილის კიმონო – პალტო. ჩაცმაში კონტრასტები მიყვარს, კოტეტიშვილის ძველი ინდური ნაჭრისგან შეკერილი პალტო Nike-ს ძალიან მოუხდა და გარდა ამისა, ყოველთვის განსაკუთრებულ უპირატესობას ვანიჭებ ე.წ. high low-ს კომბინაციას. მაგალითად, რომელიმე ცნობილი დიზაინერის პალტო ან ფეხსაცმელი და H&M-ის კაბა”.
დაბოლოს… საქმე, რომელიც ხანდახან თავგანწირვასაც მოითხოვს
რა გასაკვირია, რომ ისევ ირინას საქმეს, გალერისტობას უნდა დავუბრუნდე. უფრო ზუსტად კი ის თავად უბრუნდება მას. მის იდეალზე, მსოფლიოში ცნობილ გალერისტზე, მერიენ გუდმანზე მიყვება, რომელსაც უკვე 50 წელია, ნიუ-იორკში გალერეა აქვს და რომელთანაც ყოველთვის განსაკუთრებული გამოფენების ნახვა შეუძლია დამთვალიერებელს. მაგალითად, გუდმანი წარუდგენს დღეს ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადოებას ისეთ ცნობილ არტისტებს, როგორებიც არიან გერჰარდ რიხტერი და მაურიციო კატელანი. სხვათაშორის, ირინა კატელანთან დაკავშირებით ერთ ანეკდოტურ ამბავსაც იხსენებს, რომელიც, მისი თქმით, ზუსტად გამოხატავს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებისთვისაც გალერისტები მზად უნდა იყვნენ: “ერთხელ, როდესაც ცნობილი და ექსცენტრიკული იტალიელი არტისტი მაურიციო კატელანი თავის პარიზელ გალერისტს ირჩევდა, ემანუელ პეროტანს უთხრა, თუკი გამოფენის განმავლობაში გალერეაში ფალოსის კოსტიუმით დაჯდები, შენთან ვითანამშრომლებო. პეროტანი ერთი თვის მანძილზე კატელანის მიერ გაკეთებული ფალოსის კოსტიუმით იჯდა გალერეაში და დღეს ის მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეული არტისტის, კატელანის წარმდგენი და გალერისტია. ასე რომ, თუკი გალერისტობას გადაწყვეტ, მაშინ მსგავსი გამოწვევისთვისაც უნდა იყო მზად!” – ეს ანეკდოტური ამბავი ირინამ იმეილით მომწერა, ხომ გახსოვთ, საუბრის დასაწყისში შევთანხმდით, რომ ჩვენს ინტერვიუს ვირტუალური ფორმით გავაგრძელებდით. საუბარი დასრულებულია. თქვენ ამ საუბრის ჩანაწერს ჟურნალის პრიალა ფურცლებზე კითხულობთ. ამბავი გრძელდება…