„გალტ & თაგარტი“ საქართველოს ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაზე კვლევას აქვეყნებს. უახლეს კვლევაში განხილულია სექტორში არსებული ტენდენციები, პანდემიის გავლენა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.
კვლევა რამდენიმე ასპექტს მოიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელექტრონული კომერციის შიდა და უცხოურ ბაზარზე არსებული სიტუაცია, ონლაინმაღაზიებში ვიზიტების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობებია.
საინტერესოა უცხოური ელექტრონული კომერციისადმი ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება. მოგეხსენებათ, საქართველოში მეტად პოპულარულია სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინმაღაზია. ქართველი მომხმარებლები ხშირად იყენებენ – Amazon-ს, eBay-ს, Aliexpress -ს, Taobao-ს და სხვა მსგავს ერთეულებს.
ზემოთ აღნიშნული ამერიკული და ჩინური კომპანიები პროდუქციაზე დაბალი ფასებითა და დიდი არჩევანით გამოირჩევიან. თუმცა სირთულეს წარმოადგენს გადაზიდვისა და დამატებითი ხარჯების არსებობის საკითხები. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ადგილობრივ ბაზარზე დაფუძნებულმა სხვადასხვა კომპანიამ ტრანსპორტირების ხარჯები, დრო და ლოგისტიკური დისკომფორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.
„გალტ & თაგარტის“ კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარული კატეგორიები უცხოური ელექტრონული კომერციისას ელექტრონიკა, ტანსაცმელი და აქსესუარებია. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს კოსმეტიკა და სილამაზის პროდუქტები.
კვლევის მიხედვით, 2020 წელს ელექტრონული კომერციის დანახარჯებმა საქართველოს საზღვრებს გარეთ 459 მილიონი ლარი შეადგინა. საინტერესოა ისიც, რომ 2018 წლიდან 2020 წლამდე უცხოური ელექტრონული კომერცია საშუალოდ 40.3%-ით არის გაზრდილი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ზემოთ ჩამოთვლილ 4 კომპანიაზე კი საერთო ვაჭრობის 2/3 მოდის.
დატოვე კომენტარი