საჯარო სივრცეში იდეების პროეცირება – ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს ამერიკელი ნეოკონცეპტუალისტი არტისტის, ჯენი ჰოლცერის შემოქმედება.
ჰოლცერი 1960-70-იან წლებში აღმოცენებული არტ-ფემინიზმის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია, რომლის სოციალური ხასიათის არტ-სტრატეგია მიმართული იყო ხელოვნებაში ქალის როლისა და მნიშვნელობის განსასაზღვრად და მამაკაცებით დომინირებულ ამ სფეროში ადგილის დასამკვიდრებლად.
ჰოლცერის მრავალფეროვანი ნამუშევრების სანახავად ლუვრში ან პრადოში წასვლა არ მოგიწევთ, საკმარისია ნიუ-იორკის ქუჩებში გასეირნება და მასშტაბური ინსტალაციების, ელექტრონული დისპლეების, ბილბორდების, არქიტექტურულ ნაგებობებზე პროეცირებული გრაფიკული ნიშნებისა თუ სოციალური ხასიათის ციტატების ხილვა. უახლესი ტექნიკის გამოყენებით შექმნილი ასეთი “შუქდიოდური ნიშანი” – “ყველაზე ცუდი თქვენი ყველაზე ძველი შიშია” – პირველად 80-იან წლებში ტაიმს-სკვერში, ორი ქუჩის გასაყარზე აღმართულ შენობაზე იყო პროეცირებული, რაც თავისთავად უამრავ დაინტერესებულ თუ უნებლიე მაყურებელს გულისხმობდა. ასევე ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო ქუჩებში გამოკრული პლაკატები, მხატვრული ფოტოები, ვიდეო-და ინტერნეტპროექტები… ჯენი ჰოლცერის ყურადღების მიღმა არც სპორტული სარბოლო მანქანები აღმოჩნდა.
Truisms – ჰოლცერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია – მთელ მანჰეტენზე, ქუჩებსა და ღობებზე გაკრული პლაკატები 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. თეთრ ფონზე შავად დაწერილი “ჭეშმარიტებანი” სულ ერთი აბზაცისგან შედგებოდა, რომლებიც სულ მალე ახალგაზრდა ნიუიორკელების მაისურებზე, სტიკერებსა და პოსტერებზე იწონებდა თავს, ასევე ქვის სკამებზე იყო ამოტვიფრული. 80-იანების ბოლოს ჰოლცერის “ქუჩის ნამუშევრებს” “აღმზრდელობითი ხასიათის ესეები”, “ბრძოლა გადარჩენისთვის” და სხვა პროექტები მოჰყვა.
2010 წლიდან ჰოლცერის სოციალური პოზიცია მძაფრდება. მისი ყურადღების არეალში ექცევა სამთავრობო დოკუმენტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და ერაყს ეხება, ასევე ამერიკული არმიის აქამდე გასაიდუმლოებული ოქმები. ჯენი ჰოლცერის მიზანი ნათელია – გამომზეურდეს ის, რაც ხდება, რაზეც ფიქრობენ, მაგრამ არ ლაპარაკობენ.
დატოვე კომენტარი