აშშ-ში მდებარე ვირჯინიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა გამოავლინეს ფერმენტი, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული ფერმენტი სხვა კუთხით აქამდეც კარგად იყო შესწავლილი, რამაც შესაძლოა, უფრო მალე მიგვიყვანოს დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის შექმნასთან.
დაბერების საწინააღმდეგო ფერმენტი მკვლევრებმა მიკროსკოპული ჭიების, Caenorhabditis elegans-ის შესწავლის მეშვეობით გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ნიადაგში მცხოვრებ ამ არსებების გენებსა და ჩვენს გენებს 70% აქვთ საერთო, რაც მათ მსგავსი კუთხით კვლევებისთვის შესანიშნავ კანდიდატებად აქცევს. უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ ჭიებზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული ორი აღმოჩენისთვის მედიცინის დარგში ნობელის პრემია გაიცა.
ჭიებზე დაკვირვებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაბერების საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელსაც ისინი AMAR-ს უწოდებენ – ალკოჰოლისა და ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის შუამავლური, დაბერების საწინააღმდეგო რეაქციის მექანიზმს. ეს უკანასკნელი სპეციფიკური გენის გააქტიურებით მუშაობს, რომელსაც adh-1 ეწოდება. ამ პროცესის მეშვეობით გენმა შეძლო მეტი ალკოჰოლის დეჰიდროგენაზას (ფერმენტის) გამომუშავება, რითაც გამოდევნა სხეულის ცხიმის ტოქსიკური ქვეპროდუქტები, კერძოდ, გლიცეროლი და გლიცერალდეჰიდი. ეს ქვეპროდუქტები დროთა განმავლობაში ასაკის მატებასთან ერთად გროვდება, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გართულებებს წარმოქმნის.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის შემდეგ ჭიების სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ზე მეტით გაიზარდა და ისინი ჯანმრთელობითაც გამოირჩეოდნენ. მიგნების დასადასტურებლად, მეცნიერებმა AMAR-მექანიზმი სხვა ლაბორატორიულ მოდელზე, მათ შორის საფუარის სოკოზეც გამოცადეს. ამ ერთუჯრედიან მიკროორგანიზმს ადამიანების მსგავსი გენეტიკური შემადგენლობა აქვს. აღმოჩნდა, რომ მკვლევრები ამ ექსპერიმენტმაც მსგავს შედეგამდე მიიყვანა.