მაღალი კონკურენციისა და კოვიდშეზღუდვების მოხსნის ფონზე, რომელიც ადამიანებს სახლში მეტი დროის გატარებას აიძულებდა, Netflix-მა გადაწყვიტა, რომ კიდევ უფრო ღრმად შეაბიჯოს სათამაშო ინდუსტრიაში. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული თვეების განმავლობაში გამომწერთა ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად იკლო.
სამშაბათს კომპანიის აქციის ფასი 531.1 აშშ დოლარს ჩამოსცდა. 6 თვის განმავლობაში Netflix-ის აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით დაეცა, რამაც კომპანიას საკუთარი პოლიტიკის შეცვლისაკენ უბიძგა. Netflix-ის ცნობით, შეერთებულ შტატებსა და კანადაში წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 430,000 გამომწერი დაკარგა, რაც 10 წლის განმავლობაში არსებული კლების 3/4 -ს შეადგენს.
გასულ კვირას კომპანიამ ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში შებიჯების შესახებ განაცხადა. ხელმძღვანელობის თქმით, მომხმარებლებს აღნიშნული მომსახურების მიღება დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე შეეძლებათ. გუშინ Netflix-მა დააკონკრეტა, რომ კომპანიის მთავარი ფოკუსი მობილური ვიდეოთამაშებისკენ იქნება მიმართული.
კომპანიის COO-სა და CPO-ს, გრეგ პიტერსის განცხადებით, Netflix-ის კარგად ცნობილ პროფილთან ერთად, თამაშები კომპანიის ახალი კონტენტი იქნება, რაც სერვისს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცნობილ სტრიმინგკომპანიას ახალი სისხლი ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში 2021 წლის ბოლოს შეერთებულ შტატებში Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა, 2018 წლის მაჩვენებლიდან, 50%-დან, 30%-მდე შემცირდება.
სათამაშო ინდუსტრიის განსავითარებლად Netflix-ის გუნდს ვიდეოთამაშების სპეციალისტი მაიკ ვერდუ შეემატა.
დატოვე კომენტარი