16 მაისს საფრანგეთის სამხრეთით, კანის რიგით 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. კინოინდუსტრიისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება თერთმეტი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 27 მაისს დასრულდება.
2023 წლის კინოფესტივალმა საზოგადოების ინტერესი პირველივე დღიდან დაიმსახურა, რაც დიდწილად ახალი ფრანგული ფილმის, Jeanne Du Barry-ის პრემიერის დამსახურებაა. სწორედ აღნიშნული პროექტით, სასამართლო დავების შემდგომ, კინოეკრანებს ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი დაუბრუნდა და ახალ ფილმში საფრანგეთის მონარქის, ლუი XV-ის როლი მოირგო.
თუმცა, რასაკვირველია, საფრანგეთში გამართული კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გამორჩეული მხოლოდ კინოპრემიერებით არ ყოფილა. ტრადიციულად, საზოგადოების არანაკლები ინტერესი, ღონისძიების სტუმრებმა, მათმა გარეგნობამ, ჩაცმულობამ და აქსესუარებმა გამოიწვია. ბრილიანტებითა და უზარმაზარი ფერადი ქვებით მორთული ძვირად ღირებული სამკაულები კინოფესტივალის გახსნითი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გახლდათ.
მინი-სერიალ The Great-ის ვარსკვლავი და, როგორც მას უწოდებენ, „სტილის დამაარსებელი“ მსახიობი ელ ფენინგი, კინოფესტივალზე წელსაც გამორჩეულად გამოიყურებოდა. Jeanne Du Barry-ის პრემიერაზე ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი Cartier-ის თანამედროვე და ვინტაჟური სამკაულებით წარდგა. ფენინგის მსგავსად, Cartier-ის სამკაულებზე შეაჩერა არჩევანი ფრანგმა მსახიობმა პომ კლემენტიეფმა. მიმდინარე წლის კანის კინოფესტივალს ესწრებოდა ინგლისელი მსახიობი ელენ მირენი, რომელიც ღონისძიებაზე Bulgari-ის ბრილიანტის ყელსაბამისა და საყურეების ნაკრებით გამოირჩეოდა.
Chopard Jewelry-ის ლალის ჩოკერსა და ბრილიანტებით გაფორმებულ ფართო სამაჯურზე შეაჩერა არჩევანი უმა თურმანმა, ხოლო კეტრინ ზიტა ჯონსი კინოფესტივალზე ასევე Chopard-ის საყურეებითა და ბეჭდით გამოჩნდა. Chopard High Jewellery-ის საყურეებით, ორმაგი სამაჯურითა და ბეჭდით იყო წარმოდგენილი საფრანგეთში გამართულ ღონისძიებაზე მოდელი ნაომი კემპბელი.
კინოფესტივალის გამორჩეულ სტუმრებს შორის იყო ბრაზილიელი მოდელი ალესანდრა ამბროსიო, რომელმაც არჩევანი Pomelleto-ს ყელსაბამსა და საყურეებზე შეაჩერა. მოდელის სამკაულების დიზაინი მილანის არქიტექტურული ლანდშაფტით იყო ინსპირირებული, ხოლო თავსაბურავი ალისფერიდან მოცისფრო ფერში გადასული, 128 იშვიათი ბრილიანტის საფარით იყო გაფორმებული, რომელსაც სრულყოფილ იერს იმავე სტილში შესრულებული საყურეები სძენდა. კანის 76-ე კინოფესტივალს ასევე Pomellato-ს სამკაულებით ესწრებოდა ფრანგი მოდელი სინდი ბრუნა.
მიმდინარე წლის კანის კინოფესტივალზე ძვირფასი სამკაულებით გამოირჩეოდნენ აზიელი მსახიობებიც. მათ შორის იყო, ფან ბინბინი, რომელმაც არჩევანი ზურმუხტისფერ გრძელ საყურეებსა და ზურმუხტისფერ ბეჭედზე შეაჩერა.