საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში მისი გამომუშავების ზრდას აჭარბებს. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ენერგეტიკის სექტორში გაზრდილი მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, – ასეთია თიბისი კაპიტალის შეფასება, რომელმაც დარგში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები გაანალიზა და ინვესტორებსა და დაინტერესებულ მხარეებს ის კვლევის სახით წარუდგინა.
დღევანდელი მდგომარეობით, მოქმედი ჰიდროსადგურების, თბოსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 4,000 მგვტ-ს შეადგენს. მათი წლიური გამომუშავება 2018 წელს 12.1 ტვტ. სთ-ის ექვივალენტი იყო. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 730 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელექტროენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.
“ენერგეტიკა ქართული ეკონომიკის ხერხემალია”, – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება, სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ქვეყანაში ახალი ჰესების მშენებლობა დაიწყოს.
“მომდევნო წლებში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება სხვადასხვა სექტორების მხრიდან. მათ შორის გამოვყოფდი ტურიზმის სექტორს. პროექტები, რომლებზეც დღეს მიმდინარეობს მუშაობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველომ დაიკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვა. ისტორიულად წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ზამთარში ხორციელდებოდა”, – ამბობს ბუცხრიკიძე და დასძენს, რომ თუკი მოთხოვნის ზრდას მიწოდება ვერ დაეწევა, იმპორტზე მოთხოვნა ზაფხულის პერიოდშიც გაიზრდება.
კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.
ტურიზმი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2023 წლისთვის ელ. ენერგიაზე დეფიციტი 1.9 ტვტ. სთ-ს მიაღწევს. აღნიშნულის ფონზე, ზრდადი შიდა მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველოში დამატებით 1,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურების დამონტაჟება გახდება საჭირო. სწორედ ამიტომ თიბისი–ში მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკის სექტორის მიმზიდველობა ინვესტორებში მზარდია. ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილე გიორგი არველაძე მიიჩნევს, რომ ახალი ჰესების მშენებლობის დღეს არსებული ტემპი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ სექტორი მეტად მიმზიდველი ხდება კომერციული თვალსაზრისით.
“ენერგეტიკა საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ მიმართულებას. ერთის მხრივ იგი საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, მაგრამ პარალელურად ძალიან მიმზიდველია კომერციულადაც. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და მომავალშიც გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში არაერთი ჰესი დაიწყებს ოპერირებას, იზრდება დეფიციტი წარმოებასა და მოხმარებას შორის, რაც კიდევ უფრო მიმზიდველ ხდის ამ მიმართულებას”, – ამბობს არველაძე და დასძენს, რომ მომავალში სექტორს ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს და გამჭვირვალეს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და ბაზრის დერეგულირება გახდის.
ენერგეტიკის სექტორი მიმზიდველია თავად თიბისი ბანკისთვისაც. კერძოდ, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსებაში ბანკის წილი დაახლოებით 70%–ია. ამასთან, სწორედ თიბისი იყო საქართველოში პირველი ბანკი, რომელმაც ჰესის დაფინანსება ე.წ. PPA–ის, გარანტირებული შესყიდვის დოკუმენტის გარეშე უზრუნველყო. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე ამბობს, რომ მათთვის ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.
“თიბისი ბანკს ბოლო 5 წელია ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში დიდი როლი უკავია. როდესაც ბანკი მზად არის რომ PPA-ის გარეშე დააფინანსოს ჰესის მშენებლობა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხედავთ სექტორში არსებულ მოთხოვნას და პერსპექტივას. გვაქვს გრძელვადიანი ხედვა ამ სექტორის მიმართ, როგორც იცით ჰესის დაფინანსება არის მინიმუმ 10 წლიანი. გაზრდილ მოთხოვნას სჭირდება მიწოდება ხარისხიანი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. ეს ყველაფერი კი განაპირობებს ჩვენს გაზრდილ ინტერესს, რომ ინვესტორებთან ერთად შევქმნათ ახალი ჰიდროელექტროსადგურები”, – ამბობს თხელიძე და დასძენს, რომ ბოლო წლებში საქართველოში ენერგეტიკის მიმართ ინტერესი გაიზარდა ისეთი ინვესტორების მხრიდანაც, რომლებსაც მანამდე ამ სექტორში ინვესტიცია განხორციელებული არ ჰქონდათ.
“დღეს ინვესტორების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია. მოთხოვნაა, როგორც მსხვილი, ასევე 5–10 და 20 მეგავატიანი მცირე ჰესების დაფინანსებაზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ბიზნესმენების მხრიდან. ენერგეტიკის სექტორი უკუგების კუთხით მიმზიდველი და ამავე დროს გრძელვადიანია”.
თიბისი კაპიტალს კვლევაში ის მიზეზებიც აქვს გაანალიზებული, რის გამოც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მომავალშიც გაიზრდება. ორ ძირითად მიზეზად კრიპტოვალუტების მაინინგი და მზარდი ტურიზმის სექტორი სახელდება. კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2018 წელს ელექტროენერგიის მთლიანი მოხმარების 7% კრიპტოვალუტების მსხვილ კომპანიებზე მოდიოდა. თუმცა ამასთან ერთად მაინინგს ეწევიან მცირე ზომის კომპანიებიც, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დათვლა რთულია.
თიბისის პროგნოზით, მომდევნო ხუთ წელში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ჯამში წლიურად 5.1%–ით გაიზრდება.
რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, 2019–2022 წლებში საქართველოში 25 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულებაა დაგეგმილი. მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღწევს.
კვლევაში გაანალიზებულია დარგში არსებული გამოწვევებიც. მსგავსად სახელდება ელექტროენერგიის ფასების ცვლილება თურქეთში, რომელიც მთავარი საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის. ასევე გამოწვევებს შორისაა PPA ხელშეკრულებების გაუქმება და შეფერხებები ბაზრის დერეგულირების პროცესში.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუკი მას რეგიონის ქვეყნებს შევადარებთ ვნახავთ, რომ საქართველოში ტარიფი უფრო დაბალია ვიდრე მაგალითად სომხეთსა და თურქეთში, თუმცა უფრო მაღალი ვიდრე ეს აზერბაიჯანსა და რუსეთშია. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში თითქმის სამჯერ დაბალია ევროკავშირის მაჩვენებელზე. დღეს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი უმეტესად თურქეთში ხდება, ზამთრის სეზონის დისბალანსი კი აზერბაიჯანიდან შემოტანილი ენერგიით ივსება.
თიბისი კაპიტალი იმ მიზეზებსაც აანალიზებს, რის გამოც ბოლო წლებში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. კერძოდ, თუკი ბოლო წლებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ენერგეტიკაში ინვესტიციების პიკი 2007 და 2008 წლებში იყო. ამის მიზეზი იმ პერიოდში მთავრობის ლიბერალური პოლიტიკა და ელექტროენერგიაზე მზარდი ფასები იყო. 2018 წელს კი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები 30%–ით შემცირდა წლიურად და 157 მლნ დოლარი შეადგინა. შემცირება გაგრძელდა 2019 წლის პირველ კვარტალშიც, რისი შესაძლო მიზეზიც PPA ხელშეკრულებების გაუქმება და დარგის დერეგულირების გადავადება გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია განახლებადი ენერგიის მაღალი წილით (78%). კვლევაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიებზე ფასების შემცირების ტრენდი მომავალში მზისა და ქარის ენერგიის ათვისებას შეუწყობს ხელს, რაც ჰიდროსადგურების ზრდასთან ერთად ელ. ენერგიაზე ზრდად მოთხოვნას დააბალანსებს. შედეგად, განახლებადი ენერგიის წილი ქვეყანაში გაიზრდება.
დატოვე კომენტარი