“ქალაქი”, სადაც ყველაფერია – ასე შეიძლება დახასიათდეს “დირსის” საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან 5 კმ-ში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს.
47 ჰექტარზე მშენებარე “დირსის” ქალაქისთვის 200 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა, პროექტის საბოლოოდ დასრულებისთვის კი რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული ჰოლდინგის, AS Group Investment-ის შვილობილი კომპანია AS Georgia მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
ხუთეტაპიანი პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან 8 ჰა-ზე გაშლილი პარკის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 5 000-ზე მეტი ხით, ქალაქის “ფილტვების” სტატუსს შეიძენს და პროექტის სახელს, დირსიჭალიდან რომ მომდინარეობს და განაშენიანებულ ბაღებს გულისხმობს, ახლიდან გააცოცხლებს.
ძველ ქალაქში ახალი ქალაქის მშენებლობას თითქმის ერთი წელია, ბესო ჯიქურაული ხელმძღვანელობს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 2018 წელი “დირსისთვის” არსებობის შვიდწლიან პერიოდში ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა. წლის შეჯამებამდე ცოტა დრო კიდევ რჩება, თუმცა დღეს დანამდვილებით იცის, რომ კომპანია გაყიდვების მხრივ პირველ სამეულშია. ერთიანი ურბანული სივრცის შექმნის გეგმები და პროექტები სამომავლოდაც ბევრი აქვს.
ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენს სახელს უკავშირდება ბევრ მსხვილ კომპანიაში დაწყებული ძირეული რეფორმები და ამ გზით მათი წარმატება. მინდა, რომ ჩვენს მკითხველს ამ გამოცდილების შესახებ მოუყვეთ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა პროფილის კომპანიებში მუშაობა, სადაც სტრატეგიული საკითხები იყო გადასაწყვეტი. მათ შორის იყო საქართველოს ბანკი, SANTE GMT PRODUCTS-ი, SOCIETE GENERALE–ი, GOODWILL-ი, ALBATROSS-ი და ამჟამად დეველოპერული კომპანია AS GEORGIA-დირსი.
ერთ- ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი ალბათ მაინც GOODWILL-ი იყო. მაშინ, როდესაც მე მივედი გენერალურ დირექტორად, კომპანია საკმაოდ რთულ სიტუციაში იმყოფებოდა. ფინანსური რესურსის არასწორმა ხარჯვამ GOODWILL-ი, ფაქტობრივად, კრახის წინაშე დააყენა, თუმცა ჩემი გუნდის დახმარებით, დაახლოებით ერთწლიან პერიოდში შევძელით კრედიტორებთან ურთიერთობის დალაგება და რვაწლიანი გეგმით მისი რეაბილიტაცია მოვახერხეთ.
“ალბატროსშიც” საკმაოდ საინტერესო პროცესები იყო, ბევრი თემა გადავჭერით, მათ შორის იყო საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია, რამაც წარმადობა 30%-ით გაზარდა. ბევრი ვიმუშავეთ კომუნიკაციების მიმართულებითაც, შედეგად კი კომპანია უფრო დიდი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.
რით განსხვავდება დეველოპერული ბიზნესი ყველა სხვა გამოცდილებისგან?
სხვაობა გადამწყვეტია რიცხვებში, უფრო მასშტაბური და გლობალური ხედვაა საჭირო. ასეთ ბიზნესში საქმე ძალიან დიდ ინვესტიციებს ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია სამომავლო ხედვები – ის, თუ როგორ უყურებს დეველოპერი ეკონომიკას.
თითქმის ერთი წელია, კომპანია “ას ჯორჯია – დირსის” გენერალური დირექტორი ხართ. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში “დირსიში”?
ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო კომპანიისთვის. მენეჯერული თვალსაზრისით ბევრი საკვანძო საკითხი გადაწყდა, რამაც საკმაოდ მზარდი კომერციული აქტივობა აჩვენა. ბაზართან ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია და საფასო პოლიტიკა შემუშავდა. აქამდე ყველას ეგონა, რომ აქაურობა გაჩერებული იყო, არ ხდებოდა გაყიდვები, არ ხდებოდა მშენებლობა. “დირსისთან” მიმართებით ბაზარი შეაშინა ტერიტორიაზე არსებულმა მშენებლობის სისწრაფემ. ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარში 22 კორპუსი აშენდა და გარემონტდა. ეს იყო ახალი მეთოდიკა, რომლის კომუნიკაცია ბაზართან არ მომხდარა. ამან გამოიწვია შიში და აქედან გამომდინარე გაჩნდა პრობლემები გაყიდვებში.
კონკრეტულად რა ცვლილებები და სიახლეები დანერგეთ კომპანიაში, რა არის წარმატების თქვენეული ფორმულა?
წინა პერიოდებში ხელმძღვანელობა ხშირად იცვლებოდა და ბაზართან კომუნიკაციების თემები პროცესუალურად არ იყო აწყობილი. ბევრი ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც არ იყო ადეკვატური. ამაზე გარკვეული პერიოდი რეაგირება არ მოხდა და ის ჩამოყალიბდა რეალობად იმ ხალხისთვის, ვისაც ეს ტერიტორია ნანახიც კი არ ჰქონდა. სწორედ ამ მითების დამსხვრევა დავიწყეთ. ჩავატარეთ სტრატეგიული კვლევა, გავიგეთ, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი, შევქმენით მათ ბიუჯეტზე მორგებული პროდუქტები და ამ გზით უფრო ახლოს მივედით ჩვენს მომხმარებელთან. ამ ყველაფერმა სამ- ოთხ თვეში შედეგი აჩვენა. გარდა იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჩვენი მობინადრე გახდა, დიდმა ნაწილმა გაიგო, თუ რამდენად გრანდიოზული პროექტია “დირსი” და რამდენად საუკეთესოა ის თბილისში.
როგორი იყო “დირსისთვის” 2018?
ბევრი ბინა წლის ბოლოს ფორმდება და წლის ზუსტ შეჯამებას იანვარში შევძლებთ, მაგრამ დღეის მონაცემებით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული წელი იყო. ცხრა თვის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, პირველ სამეულში ვართ, სარეალიზაციო ბინების 40% გავყიდეთ. მოსული ადამიანებიდან ყოველი მეოთხე “დირსიში” ყიდულობს ბინას. სხვაობა რადიკალურია როგორც ჩვენი წინა წლების მაჩვენებლებთან, ასევე სხვა კომპანიებთან თანაფარდობითაც.
როგორ გგონიათ, საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში “დირსის” მთავარი უპირატესობა რაში მდგომარეობს?
მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ეს არ არის წერტილოვანი მშენებლობა რომელიღაც კორპუსებს შორის და გზაჯვარედინზე. სიმარტივისა და კომფორტისთვის აქ ყველაფერი გათვალისწინებულია. ორი საბავშვო ბაღი გვაქვს, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების პროექტზეც ვმუშაობთ. ინფრასტრუქტურა ჯანსაღი ცხოვრების წესზეა გათვლილი. გვაქვს სპორტული მოედნები, ველობილიკები. აქ მტკვრის გვერდით ერთადერთი ბულვარია თბილისში, სადაც ჰაერის ვენტილაცია ბუნებრივად ხდება. ეკოლოგიური დაბინძურების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ასევე გვაქვს მარკეტი, კაფე. “დირსიში” ყველაფერია ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის.
რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, კომპლექსის მხოლოდ პირველი ნაწილია. როდის გეგმავს კომპანია მეორე ეტაპის დაწყებას?
უკვე დავიწყეთ პარკის მშენებლობის პროექტი და ამასთანავე საცხოვრებელი კორპუსების მეორე ფაზა. ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროექტებია. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 8ჰა-მდე პარკი. ამხელა პარკის მშენებლობა კომერციული დაწესებულების მხრიდან ჯერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, ვთვლი, რომ ძალიან დიდი წარმატება იქნება, თუკი ჩემი მენეჯმენტის პერიოდში მოხერხდება მისი დაწყებაც და დასრულებაც. ამ დროისთვის საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ხე-მცენარეების დენდროლოგიური კვლევა. რაც შეეხება მიწის სამუშაოებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში სავარაუდოდ მოვასწრებთ და მერე უკვე დარგვას დავიწყებთ. ზოგი ხე ზამთარში ირგვება, ზოგი – გაზაფხულზე, ამიტომ რამდენიმე წელი მაინც დაგვჭირდება. ჯამურად 5 ათასზე მეტი ხის დარგვას ვგეგმავთ, ბიუჯეტი კი 3 მლნ დოლარზე მეტია.
პარალელურად დაიწყება მეორე ეტაპის მშენებლობა. გვინდა, რომ პროექტის ფასადური ნაწილი შევცვალოთ და სავარაუდოდ 2019 წლის მეორე, მესამე კვარტალიდან დავიწყებთ მუშაობას.
რით იქნება მეორე ეტაპი პირველისგან განსხვავებული?
იქაც 3000-მდე ბინა იქნება, თუმცა შედარებით პატარა ზომის. უმნიშვნელოვანესია, რომ მეორე ეტაპის დამამთავრებელ სტადიაზე დავიწყებთ მოლის მშენებლობას, რომელიც დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს. მეორე ეტაპის ბიუჯეტია 100 მილიონი დოლარი. პროექტის გახორციელება 2019-2023 წლებში იგეგმება.
დღეისთვის სულ რა მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული “დირსიში” და კიდევ რამდენია დაგეგმილი?
15-20-წლიანი პროექტის კონკრეტულ კალენდარში მოქცევა რთულია, თუმცა ვფიქრობთ, რომ მილიარდ დოლარს მიაღწევს. დღემდე 200 მილიონამდეა დახარჯული, შემდეგი 100-მილიონიანი პროექტია. 3 მლნ ჯდება, როგორც უკვე აღვნიშნე, პარკი. რაც შეეხება მესამე ეტაპს, პრემიუმ-სეგმენტის განვითარება “დირსის ქალაქში” სწორედ მესამე ეტაპიდან დაიწყება. მეოთხე ეტაპზე ოთხსართულიანი სახლები და პატარა სოფელი გვინდა, რომ ავაშენოთ. ჯამში პროექტი ხუთ ეტაპად იყოფა.
მთავარი გამოწვევა რა რჩება “დირსისთვის”?
მთავარი გამოწვევა სწორედ შემდეგი ეტაპებია. შესაძლებელია, გვქონდეს იმის რესურსი, რომ ვაკეთოთ ეს საქმე ბოლომდე, თუმცა მე რასაც ვუყურებ, ჯამში 20-წლიანი პროექტი გამოდის და ამის დაჩქარების კუთხით არ გამოვრიცხავ სხვა კომპანიებიც შემოვიამხანაგოთ. ჩვენი ტერიტორიაა 47ჰა, ჩვენ გარშემო კი უამრავი ბარაკული ტიპის მშენებლობებია, რასაც მხოლოდ ჩვენი რესურსი ვერ გასწვდება.
არის ამ კუთხით მოლაპარაკებები დაწყებული? ასევე მახსოვს თქვენი ინტერესი “ხრუშჩოვკების” მიმართაც…
ჯერჯერობით არაფერი არ არის დაწყებული, რაც შეეხება “ხრუშჩოვკების” თემას, შევხედეთ, თუმცა ის ფასები არ არის ბაზარზე, რომლითაც შეიძლება დავინტერესდეთ, ამიტომ ამ ეტაპზე ინტერესი არ გვაქვს.
გარდა პარკისა, რომელსაც აშენებთ, ვიცი, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაქვთ არაერთი აქტივობა, მათ შორის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებითაც. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ.
“ას ჯორჯია-დირსიმ” დამწყები სტარტაპებისა და მცირე მეწარმეებისთვის ახალი პროდუქტი შექმნა. სამუშაო სივრცის ქირაობა მიზერული თანხა ჯდება – კვ 1 ლარი, რაც სტარტაპებს ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას აძლევს. ჯამში ექვს სივრცეს ვთავაზობთ, ესენია: საზიარო სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი, OFFICE WITH A DESK-ი, საოფისე სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და სახელოსნო სივრცე მეწარმეებისათვის. ამ დროისთვის 30 ორგანიზაცია უკვე რეგისტრირებულია. ამ ეტაპზე გვაქვს ერთწლიან პროექტად აღებული, თუმცა, ეს კომპანიები თუ განვითარდებიან, შეიძლება სხვა მხრივ მოხდეს მათი ხელშეწყობა.
დატოვე კომენტარი