Facebook-ის $22-მილიარდიანმა ბლოკბასტერმა შენაძენმა, WhatsApp-მა, ბრაიან ექტონი უმალ აქცია ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად. მაგრამ, როგორც მისი Instagram-ელი კოლეგების შემთხვევაში, მისი იდეალიზმი მარკ ცუკერბერგის ფინანსურ გოლიათს შეეჯახა, რამაც ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე უფრო ძვირად ღირებულ მორალურ პრინციპულობას მისცა დასაბამი. ექტონი პირველად ჰყვება, თუ რატომ თქვა უარი $850 მილიონზე.
WhatsApp-ის თანადამფუძნებელი, 46 წლის ბრაიან ექტონი პალო-ალტოში (კალიფორნია), გლამურული Four Seasons Hotel-ის კაფეში ზის და ერთადერთი, რამაც შეიძლება, მიგახვედროთ, რომ $3.6 მილიარდის პატრონია, არის ის $20-ის ფეხის ქირა, რომელსაც ერთი ყავის სანაცვლოდ უყოყმანოდ უტოვებს პერსონალს. ახოვანი აღნაგობის, ბეისბოლის კეპსა და WhatsApp-ის კორპორაციული ღონისძიების მაისურში გამოწყობილი, სიმდიდრის გარეგნულ გამოვლინებებს ჯიუტად არიდებს თავს და თავის რუტინულ საქმეებს დინჯად ასრულებს; მაგალითად, იმ დღეს, ცოტათი ადრე, მინივენი ხელოსანთან დატოვა. შეხვედრისას Honda-ს ადგილობრივი დილერისგან SMS-ი მოსდის – “გადახდა მიღებულია”. ტელეფონს ჩვენკენ ატრიალებს და ამ შეტყობინებას გვაჩვენებს.
“სწორედ ეს მინდოდა, რომ ყოფილიყო WhatsApp-ის დანიშნულება ხალხისთვის, – ამბობს მსოფლიოს უდიდესი მიმოწერის სერვისზე, რომელსაც 1.5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს და რომლის ცენტრალური ელემენტი რეკლამებისგან დაცლილი, დაშიფრული მიმოწერის შესაძლებლობაა. – ინფორმაციული, პრაქტიკული უნდა ყოფილიყო”.
ატმოსფერო ძველი დაძაბულობითა და სინანულნარევი ნოსტალგიით იყო გაჯერებული. ოთხ წელზე მეტია, ექტონმა და მისმა თანადამფუძნებელმა, ჯენ კუმმა, იმხანად შედარებით უმნიშვნელო შემოსავლის მქონე WhatsApp-ი $22 მილიარდად Facebook-ს მიჰყიდეს და საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ შესყიდვასაც შეასხეს ხორცი. ექტონი Facebook-იდან ერთი წლის წინ წავიდა, ხოლო მარტში, როცა Cambridge Analytica-ს სკანდალის დეტალებმა გამოჟონა, მან ერთი ტვიტი დაწერა. ეს ტვიტი მალე ვირუსივით მოედო ინტერნეტს და შოკში ჩააგდო მისი ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც ის არაერთხელ ექციათ მილიარდერად. “დროა. #წაშალეfacebook-ი” – ეწერა ექტონს Twitter-ზე, ყოველგვარი განმარტების გარეშე. მას შემდეგ არაფერი დაუტვიტავს.
დღეს ის საჯაროდ პირველად ლაპარაკობს. მარკ ცუკერბერგისა და შერილ სენდბერგისგან WhatsApp-ის მონეტიზაციის გამო შექმნილმა წნეხმა ექტონში მწვავე რეაქცია გამოიწვია, რასაც ისიც დაემატა, რომ Facebook-მა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ექტონის დახმარებით შექმნილი შიფრირება, საფუძველი ჩაუყარა რეკლამების განთავსებას და კომერციულ მიმოწერას შეუწყო ხელი. ექტონს ერთი წელიღა აშორებდა სააქციო გრანტის საბოლოო ტრანშს, Facebook-იდან რომ წავიდა. “მეთქი, კარგი, როგორც ჩანს, იმის კეთება გინდათ, რაც მე არ მინდა, – ამბობს ის. – სჯობს, გზიდან გაგეცალოთ. და ასეც მოვიქეცი”. ეს ალბათ ყველაზე ძვირად ღირებული პრინციპული ნაბიჯი იყო ისტორიაში. ოფისიდან გასვლისას, ექტონმა აქციათა ფასს სკრინშოტი გადაუღო: გადაწყვეტილება მას $850 მილიონი დაუჯდა.
ახლაც ასეთივე მორალური სტანდარტებით ცხოვრობს. მას ნამდვილად არ ანიჭებს სიამოვნებას ის საჯარო ყურადღება, რასაც ეს ისტორია მოუტანს და მზადაა, ხაზი გაუსვას, რომ Facebook-ი “ცუდი ტიპი არ არის” (“ძალიან კარგ ბიზნესმენებად მივიჩნევ”). მაგრამ პირადი სიმართლის გახმოვანების უფლებაში ძვირი გადაიხადა. “ბოლოს, შემოთავაზებული შეთანხმების სახით, [Facebook-ის მენეჯმენტი] ცდილობდა, გაუთქმელობის ხელშეკრულება შემოეტანა, – ამბობს ექტონი. – ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც ერთგვარად ფეხი ვითრიე, რომ ამ ხალხთან პრობლემის მოგვარება მეცადა”.
Facebook-ი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ მოქცეული კომპანიაა, რომელიც, ამავე დროს, საკუთარ იმიჯსა და შიდა ინფორმაციას კრემლისთვის დამახასიათებელი ბრუტალურობით აკონტროლებს. “გუნდის თავდაუზოგავი ძალისხმევით, შექმნან ღირებული ფუნქციები, WhatsApp-ი დღეს მილიარდზე მეტი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენც ენთუზიაზმით ვუყურებთ მის მომავალს”, – ამბობს Facebook-ის წარმომადგენელი. სწორედ ამგვარ პასუხში ინიღბება ის საკითხები, რომლებმაც, ის-ისაა, Instagram-ის დამფუძნებლებს საქმიდან სწრაფი გასვლისკენ უბიძგა. როგორც ცნობილია, კევინ საისტრომი და მაიკ კრიგერი Facebook-ისა და ცუკერბერგის ძლიერმა ხელმა გამოიყვანა წყობიდან. ექტონის მონათხრობი იმისა, თუ რა მოხდა WhatsApp-ში – და რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით Facebook-ს – იშვიათ, დამფუძნებლის ხელით გახსნილ ფანჯარას გვთავაზობს კომპანიაში, რომელიც, ერთი მხრივ, კონფიდენციალობის სტანდარტების გლობალური მსაჯული და ფაქტების მცველია, მეორე მხრივ კი სულ უფრო სცილდება თავის ანტრეპრენიორულ ფესვებს.
ამასთან, ექტონის ისტორია ისეთია, იდეალისტი ანტრეპრენიორი რომ შეძლებს იდენტიფიცირებას: რა ხდება მაშინ, როცა რაღაც არაჩვეულებრივს ქმნი, ხოლო მერე ამ შენს “შვილს” ვიღაც ისეთს მიჰყიდი, ვისაც სულ სხვა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით? “საბოლოო ჯამში, მე ჩემი კომპანია გავყიდე, – ამბობს ექტონი. – გავყიდე ჩემი მომხმარებლების კონფიდენციალობა უფრო დიდი სარგებლის სანაცვლოდ. არჩევანი გავაკეთე და კომპრომისზე წავედი. და ყოველდღე ამით ვცხოვრობ”.
რამდენიმე მილიარდი დოლარის ტრანსფერის მიუხედავად, ექტონის თქმით, მას არასდროს დაუმყარებია ცუკერბერგთან რეალური კავშირი. “მასზე ბევრს ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ის. მათი ათიდან (ან რაღაც ასე) ერთ-ერთ შეხვედრაზე, ცუკს ექტონისთვის ერთობ არარომანტიკულად უთქვამს, რომ Whats App-ი, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, Facebook-ის სამყაროში გარკვეულ ავტონომიურობას ინარჩუნებდა და რაღაც ხანი ამ გიგანტის ოფისს მიღმა ოპერირებდა, “მისთვის პროდუქტთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, ისევე, როგორც Instagram-ი”.
ასე რომ, ექტონმა არ იცოდა, რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა, როცა გასულ სექტემბერს – დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ექტონმა Facebook-ის მაღალჩინოსნებს უთხრა, წასვლას ვგეგმავო – ცუკმა ის თავის კაბინეტში მიიხმო. კონტრაქტის ერთ-ერთი მუხლი ექტონსა და კუმს საშუალებას აძლევდა, მთელი კუთვნილი სააქციო კაპიტალი აეღოთ (რომელიც ოთხ წელიწადზე იყო გადანაწილებული) იმ შემთხვევაში, თუ მათი თანხმობის გარეშე Facebook-ი “მონეტაზაციის ინიციატივების განხორციელებას” შეუდგებოდა.
მუხლის გამოყენება ექტონისთვის მარტივი ჩანდა. Facebook-WhatsApp-ის წყვილი თავიდანვე თავის ტკივილი იყო. Facebook-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკლამო ქსელი აქვს; კუმსა და ექტონს რეკლამები სძულდათ. Facebook-ის უპირატესობა რეკლამის დამკვეთებისთვის კომპანიის მიერ მომხმარებლების შესახებ უამრავი ინფორმაციის ფლობაში მდგომარეობს; WhatsApp-ის დამფუძნებლები კონფიდენციალობის მგზნებარე აპოლოგეტები იყვნენ და მიაჩნდათ, რომ მათი სანაქებო შიფრირება ლამის უპრეცედენტო გლობალური ზრდის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ეს დისონანსი ცუკერბერგს ნერვებს უშლიდა. Facebook-ს, როგორც ექტონი ამბობს, WhatsApp-ით ფულის კეთების ორ გზაზე გაეკეთებინა არჩევანი. პირველი WhatsApp-ის ახალ ფუნქციაში, სტატუსში, რეკლამების გამოკიდება იყო, რაც, ექტონის აზრით, მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებას არღვევდა; “არავითარი რეკლამები, არავითარი თამაშები, არავითარი კომერციული ხრიკები” – ექტონის დევიზი WhatsApp-ში აშკარა კონტრასტს ქმნიდა მისი მშობელი კომპანიის მიდგომასთან, რომელიც შემოსავლის 98%-ს სწორედ რეკლამებით აკეთებდა. კონტრასტული იყო მისი კიდევ ერთი დევიზიც – “მოჩქარეს მოუგვიანდესო”, მაშინ როცა Facebook-ი “საუკეთესო შედეგებისთვის სწრაფ მოქმედებას” ირჩევდა.
გარდა ამისა, Facebook-ს სურდა, ბიზნესებისთვის გარკვეული ინსტრუმენტები მიეყიდა WhatsApp-ის მომხმარებლებთან სალაპარაკოდ. Facebook-ი იმედოვნებდა, რომ საქმეში ბიზნესების ჩართვით, ის მათ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს მიჰყიდდა. გამოწვევას WhatsApp-ის შეუღწევადი, სრული შიფრირება წარმოადგენდა, რამაც როგორც WhatsApp-ი, ისე Facebook-ი მესიჯების კითხვისაგან შეაკავა. მართალია, Facebook-ი შიფრირების მოშლას არ გეგმავდა, ექტონის თქმით, კომპანიის მენეჯერები ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მას და “სინჯავდნენ” გზებს, რომ ბიზნესებისთვის WhatsApp-ის მომხმარებელთა შესახებ გარკვეული ანალიტიკური ინფორმაცია მიეწოდებინათ დაშიფრულ გარემოში.
Facebook-ის გეგმები კვლავ არამკაფიოა. როცა სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის კანონმდებლებმა Facebook-ის ოპერაციების დირექტორს, სენდბერგს ჰკითხეს, WhatsApp-ი ისევ იყენებს თუ არა შიფრირებასო, ის პირდაპირ ჰო-ს ან არა-ს თქმას მოერიდა და დასძინა: “ჩვენ შიფრირების გვჯერა”.
WhatsApp-ის წარმომადგენელი ამატებს, რომ WhatsApp-ი სტატუსის ფუნქციაში რეკლამების განთავსებას მომდევნო წელს აპირებს, მაგრამ ვინაიდან პლატფორმაზე სულ უფრო მეტ ბიზნესს აქვს მომხმარებლებთან მიმოწერა, “მესიჯები ისევ სრულად დაშიფრული იქნება. ამ თვალსაზრისით, არავითარი ცვლილება არ იგეგმება”. WhatsApp-ის მონეტიზაციის წინადადებით, თავის მხრივ, ექტონიც შემოვიდა, ოღონდ ე.წ. დოზირებული მოხმარების მოდელს მიემხრო, ანუ იმას, რომ გარკვეული დიდი რაოდენობის უფასო მესიჯების შემდეგ მომხმარებელს, ვთქვათ, ცენტის მეათედი უნდა გადაეხადა. “ერთხელ რომ დანერგავ ამ მოდელს, ყველგან, ყველა ქვეყანაში იმუშავებს, – ამბობს ექტონი. – არ გჭირდება რაღაც განსაკუთრებული უნარების მქონე გაყიდვების გუნდი. ძალიან მარტივი ბიზნესია”.
ექტონის გეგმა სენდბერგმა ჩაშალა. “თქვა, ზრდას არ მოიტანსო”.
“ერთხელ სალაპარაკოდ დავუძახე, – ამბობს ექტონი, რომელმაც იგრძნო, რომ “სიხარბეს” ჰქონდა ადგილი, – და ვეუბნები, არა, ზრდას არ გულისხმობ-მეთქი. იმას გულისხმობ, რომ იმდენ ფულს არ მოიტანს, რამდენსაც… ჰოდა, რაღაცნაირად ჩაფიქრდა, იყოყმანა. მოკლედ, ეს საკითხი გავიარეთ. ვფიქრობ, ვაჩვენე ჩემი პოზიცია. …ისინი ბიზნესმენები არიან, და კარგი ბიზნესმენები, უბრალოდ იმგვარ ბიზნესპრაქტიკებს, პრინციპებს, ეთიკასა და პოლიტიკას ატარებენ, რომელთაც მე ყოველთვის არ ვეთანხმები”. ცუკერბერგის კაბინეტში მისულ ექტონს იქ Facebook-ის იურისტი დახვდა. ექტონმა გასაგებად თქვა, რომ უთანხმოება – ანუ ის, რომ Facebook-ს რეკლამებით უნდოდა ფულის გაკეთება, მას კი დიდი რაოდენობით მესიჯების მომხმარებლების საშუალებით – იმას ნიშნავდა, რომ თავისი აქციების სრულად აღება შეეძლო. Facebook-ის იურიდიული გუნდი მას არ ეთანხმებოდა და თითზე სიტყვა “განხორციელება” დაეხვია. ცუკერბერგს, თავის მხრივ, მარტივი გზავნილი ჰქონდა: “თითქოს მეუბნებოდა, ეს ალბათ ჩვენი უკანასკნელი საუბარიაო”.
ნაცვლად იმისა, უფლებები სამართლებრივად დაეცვა ან რაღაც კომპრომისზე წასულიყო, ექტონმა ომში ჩაუბმელობა გადაწყვიტა. “საბოლოო ჯამში, მე ჩემი კომპანია გავყიდე, – ამბობს ის. – გავყიდე ჩემი პრინციპები. ამას ვაღიარებ”.
ექტონის მორალური სტანდარტების სათავეები – ან ალბათ უფრო გულუბრყვილობისა, თუ გავითვალისწინებთ, წესით, რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა კომპანიის $22 მილიარდად გაყიდვის შემდეგ – მისი ოჯახის მატრიარქებში უნდა ვეძიოთ. ბებიამისს მიჩიგანში გოლფის კლუბი დაეფუძნებინა, დედამისს კი, 1985 წელს, ტვირთის გადაზიდვის ბიზნესი წამოეწყო და შვილს ასწავლიდა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის აღება. “თანამშრომელთა სახელფასო დოკუმენტის შესადგენად ღამეებს ათენებდა”, – უამბო ექტონმა Forbes-ს ზუსტად Facebook-ის შესყიდვამდე.
ექტონმა Stanford-ი კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის დიპლომით დაამთავრა, ხოლო რაღაც მომენტში, კერძოდ, 1996 წელს, Yahoo-ს ერთ-ერთ პირველ თანამშრომლად იქცა და მილიონებიც აკეთა. მისი მთავარი აქტივი Yahoo-ში კუმი იყო, უკრაინელი იმიგრანტი, რომელსაც საერთო თვისების – საქმისადმი სერიოზული მიდგომის გამო დაუმეგობრდა. “ორივენი მონერდო, მოინტროვერტო ტიპები ვართ, – იხსენებდა ექტონი ადრინდელ ინტერვიუში. – ერთად დავდიოდით სათხილამუროდ, ერთად ვთამაშობდით Ultimate Frisbee-ს, ფეხბურთს”. ექტონი Yahoo-დან 2007-ში წავიდა – სამოგზაუროდ, მერე კი კვლავ სილიკონის ხეობას დაუბრუნდა და, ბედის ირონიით, სამსახურებრივ გასაუბრებაზე Facebook-ში დაიბარეს. აქედან არაფერი გამოვიდა, ჰოდა, ადგა და ახალბედა სტარტაპში, WhatsApp-ში, კუმს შეუერთდა, Yahoo-ს ყოფილი კოლეგები დაარწმუნა, საწყისი საინვესტიციო რაუნდი დაეფინანსებინათ, ხოლო თავად თანადამფუძნებლის სტატუსი მიიღო და დაახლოებით 20%-იან წილსაც დაეპატრონა.
ბიზნესს მათთვის შესაფერის სტილში მართავდნენ – ნაღდი ფულის ბაზაზე, გამალებული გულისყურით ინფრასტრუქტურის ერთიანობაზე. “ერთი ცალკეული მესიჯი პირველი შვილივითაა, – ამბობდა ექტონი. – მას დავარდნის საშუალებას ვერასდროს მივცემთ”.
მარკ ცუკერბერგი კუმს პირველად 2012-ის აპრილში, ი-მეილით დაუკავშირდა, რასაც ლოს-ალტოსში, Esther’s German Bakery-ში ლანჩი მოჰყვა. კუმმა ი-მეილი ექტონს აჩვენა და ამ უკანასკნელმაც შეაგულიანა, წადიო. “კომპანიას არ ვყიდდით, – იხსენებს დღეს ექტონი. – არ გვქონდა აქციათა განაღდების არავითარი გეგმა”.
მაგრამ 2014-ის დასაწყისში ცუკერბერგის მეგაწინადადებას ორმა მომენტმა შეუნთო ცეცხლი. ჯერ ერთი, მან შეიტყო, რომ WhatsApp-ის დამფუძნებლები Google-ს თავის მაუნტინ-ვიუს სათავო ოფისში დაეპატიჟებინა სალაპარაკოდ, მას კი არ სურდა, კომპანია მეტოქის ხელში აღმოჩენილიყო. მეორეც, Facebook-ისა და Google-ის გარიგებათა გუნდებისთვის ვიღაცას ერთი დოკუმენტი ეჩვენებინა, რომელიც Morgan Stanley-ის მაიკლ გრაიმსის დაწერილი იყო და WhatsApp-ის ღირებულების ანალიზს წარმოადგენდა.
ათწლეულის ყველაზე დიდი ინტერნტგგარიგება სწრაფ რეჟიმში, WhatsApp-ის იურისტების კაბინეტებში, ვალენტინობის შაბათ-კვირას ორგანიზდა. დეტალების გადასასინჯად ცოტა დრო იყო, მაგალითად, იმ მუხლისა, მონეტიზაციას რომ ეხებოდა.
“მხოლოდ მე და იენი ვამბობდით, რომ პროდუქტში რეკლამების დამატება არ გვინდოდა”, – აღნიშნავს ექტონი. იხსენებს, როგორი “მხარდამჭერი” პოზიცია ჰქონდა ცუკერბერგს WhatsApp-ის სრულ შიფრირებასთან დაკავშირებული გეგმების მიმართ, და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმის შედეგად მომხმარებლის მონაცემთა მოპოვების მცდელობები დაიბლოკებოდა. სხვა თუ არაფერი, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი “სწრაფად რეაგირებდა” დისკუსიის დროს. ცუკერბერგი “იმწუთას არ აფასებდა შესაძლო გრძელვადიან გართულებებს”.
ცუკერბერგის ნამდვილი განზრახვების ეჭვქვეშ დაყენება არ იყო ადვილი, როცა ამ უკანასკნელმა WhatsApp-ის დამფუძნებლებს ისეთი რამ შესთავაზა, რაც მალე $22 მილიარდად იქცეოდა. “დიდი თანხით მოვიდა და ისეთი რამ შემოგვთავაზა, რაზეც უარს ვერ ვიტყოდით”, – ამბობს ექტონი. Facebook-ის დამფუძნებელი კუმს საბჭოში ადგილსაც დაჰპირდა, ორივე ქება-დიდებით შეამკო და, დისკუსიებში მონაწილე წყაროს თანახმად, მათ უთხრა, მომდევნო ხუთი წლის მანძილზე მონეტიზაციასთან დაკავშირებით “ნულოვანი წნეხი” გექნებათო.
როგორც აღმოჩნდა, Facebook-ს გაცილებით სწრაფი ტემპით სურდა სვლა.
გარიგება ფინალურ ფაზაშიც არ იყო შესული, რომ ნოემბერში უკვე იჩინა თავი საგანგაშო ნიშნებმა. გარიგებას ევროპის ავადგანთქმულად მკაცრი ანტიტრესტის ჩინოვნიკების ხელში უნდა გაევლო, ხოლო Facebook-ი ექტონს ევროპის კონკურენციის კომისიის ათიოდე წარმომადგენელთან ტელეკონფერენციის გასამართად ამზადებდა. “მწვრთნიდნენ, რომ მათთვის განმემარტა, რამდენად რთული იქნება ორ სისტემას შორის მონაცემების გაერთიანება ან შერწყმა”, – ამბობს ექტონი. რეგულატორებს მართლაც უთხრა ეს ყველაფერი და დაამატა, რომ მასა და კუმს ამის გაკეთების არავითარი სურვილი არ ჰქონდათ.
მოგვიანებით გაიგო, რომ Facebook-ის რომელიღაც სხვა განყოფილებაში არსებობდა “მონაცემთა შერწყმის გეგმები და ტექნოლოგიები”. უფრო კონკრეტულად, Facebook-ს, ანგარიშებს შორის ერთგვარი ხიდის სახით, შეეძლო, ყოველი ტელეფონისთვის მინიჭებული 128-ციფრიანი ნომერი გამოეყენებინა. მეორე მეთოდი ტელეფონისა და ნომრის შეხამება იყო ან Facebook-ის ანგარიშების იდენტიფიცირება ტელეფონის ნომრებით და მათი შეხამება WhatsApp-ის ანგარიშებთან იმავე ტელეფონის ნომრით.
18 თვეში, WhatsApp-ის მოხმარების ახალმა პირობებმა ანგარიშები ერთმანეთთან დააკავშირა, ექტონი კი მატყუარას როლში გამოიყვანა. “ვფიქრობ, ყველანი სპეკულირებდნენ, იმიტომ რომ, ეგონათ, საკმარისი დრო გავიდა და ევროკავშირს ეს დაავიწყდებაო”. სულ ტყუილად. Facebook-ს, საბოლოოდ, $122-მილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუხდა ევროკავშირისთვის “არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის” მიცემის გამო. ეს თანხა ბიზნესის კეთების საფასური იყო: ანგარიშების დაკავშირება დღემდე გრძელდება (თუმცა, ევროპაში – ჯერ არა). “შეცდომები, რაც ჩვენს 2014-ის დოკუმენტებში დავუშვით, უნებლიე იყო”, – ამბობს Facebook-ის წარმომადგენელი.
“ამის გახსენებაც კი მაბრაზებს”, – ამბობს ექტონი.
ამ ურთიერთგადამფარველი ანგარიშების დაკავშირება პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი იყო WhatsApp-ის მონეტიზაციისკენ. მოხმარების პირობების განახლებამ ნიადაგი შექმნა იმისა, თუ როგორ შეძლებდა WhatsApp-ი ფულის გაკეთებას. ამ ცვლილებების გარშემო წარმართული დისკუსიების დროს, ექტონის თქმით, Facebook-ი “უფრო ფართო უფლებებს” ითხოვდა WhatsApp-ის მომხმარებელთა მონაცემებზე, მაგრამ WhatsApp-ის დამფუძნებლები უარობდნენ და კომპრომისსაც მიაღწიეს Facebook-ის მენეჯმენტთან. მუხლი რეკლამების არარსებობის შესახებ ძალაში რჩებოდა, მაგრამ Facebook-ი მაინც დააკავშირებდა ერთმანეთთან ანგარიშებს, რათა Facebook-ზე მეგობრობის შეთავაზებები განეთავსებინა და რეკლამის პარტნიორებისთვის Facebook-რეკლამების უკეთესი სამიზნეები შეეთავაზებინა. მოკლედ, WhatsApp-ი ინფორმაციის მიმღები იქნებოდა, Facebook-ი კი გამშვები.
ექტონი და კუმი საათებს ატარებდნენ მოხმარების პირობების ახალი ვერსიის შესაქმნელად. განსაკუთრებულ დაბრკოლებას დოკუმენტის იმ მონაკვეთში წააწყდნენ, რომელიც ბიზნესებისგან მესიჯების გზავნას ეხებოდა. “ამ ორ აბზაცს გიჟებივით ვუკირკიტებდით”. და სწორედ მაშინ წააგეს სარეკლამო მოდელთან ბრძოლა, როცა იურისტმა დაჟინებით ურჩია, “პროდუქტის მარკეტინგის” შესაძლებლობის პუნქტი შეიტანეთო ისე, რომ თუ ბიზნესი მართლაც გამოიყენებდა WhatsApp-ს მარკეტინგული მიზნების-თვის, WhatsApp-ი არ იქნებოდა ანგარიშვალდებული.
ასე იყო თუ ისე, WhatsApp-ის დამფუძნებლებმა ყველაფერი იღონეს Facebook-ის მონეტიზაციის გეგმები რომ შეეყოვნებინათ. ლამის მთელი 2016 წელი ცუკერბერგმა Snapchat-ისგან წამოსული კონკურენციის შიშში გაატარა. ამან WhatsApp-ს გაუადვილა, ფულის კეთება უკანა პლანზე გადაეწია და პროდუქტის ახალი ფუნქციების შესახებ გაეკეთებინა განცხადება, რომლებიც Snapchat-ისას ჩამოჰგავდნენ: ახალი კამერა, რომელიც საშუალებას გაძლევდა, ფოტოებზე სასურველი ემოჯი დაგემატებინა (2016 წლის ოქტომბერში) და სტატუსის ფუნქცია (2017 წლის თებერვალში), რომელიც Snapchat-ის Story-ების კლონად აღიქმებოდა ლამის ყველას თვალში.
მაგრამ გარიგებიდან სამი წლის თავზე ცუკერბერგის მოთმინების ფიალა ივსებოდა და, ექტონის თქმით, Facebook-ის დამფუძნებელი გაღიზიანებას დაუფარავად გამოხატავდა WhatsApp-ის თანამშრომელთა შეხვედრებზე. “ფინანსური დირექტორის პროგნოზები, ათწლიანი პერსპექტივა… უნდოდათ და სჭირდებოდათ, რომ WhatsApp-ის შემოსავლებს კვლავ ეჩვენებინა ზრდა Wall Street-ისთვის”, – იხსენებს ექტონი. შიგნით, Facebook-ს შემოსავლის $10-მილიარდიანი ზრდის ტემპი ამოეღო მიზანში მონეტიზაციის ხუთი წლის მანძილზე, მაგრამ ეს რიცხვები ზედმეტად დიდი ჩანდა ექტონისთვის… და რეკლამებზე დამოკიდებული.
ექტონი ერთი ალტერნატივის გატანას ცდილობდა: მოიპატიჟეთ ბიზნესი, რომ “ინფორმაციული, პრაქტიკული კონტენტი” გაუგზავნოს WhatsApp-ის მომხმარებლებს, – აი, როგორიც ის ზემოთ ხსენებული SMS-ი იყო Honda-ს დილერისგან, – მაგრამ არ მისცეთ მათ ნება, რეკლამები განათავსონ ან უფრო მეტ მონაცემებთან ჰქონდეთ წვდომა, ვიდრე ტელეფონის ნომერია. ე.წ. დოზირებული მოხმარების მოდელის გატანასაც ცდილობდა. მაგრამ ამაოდ.
ექტონს Yahoo-ს სარეკლამო განყოფილებაში მმართველი პოზიცია ათ წელზე მეტი ხნის წინ მიეტოვებინა. მიზეზი ე.წ. “Nascar-ის მიდგომით” გაღიზიანება იყო, რომელიც მთელ ვებგვერდზე სარეკლამო ბანერების გამოკიდებას გულისხმობდა. პროდუქტის კარგი გამოცდილების სანაცვლოდ შემოსავალზე ნადირობა “ცუდ გემოს მიტოვებდა პირში, – იხსენებს ექტონი. ახლა კი მის თვალწინ ისტორია მეორდებოდა. – სწორედ ეს მეზიზღებოდა Facebook-ში და ეს მეზიზღებოდა Yahoo-შიც , – ამბობს ის. – დამოკიდებულება, რომ ერთი დოლარი მაინც თუ მოაქვს, უკან არაფერზე დავიხევთ”. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წასვლის დრო იყო.
კუმი Facebook-ში რჩებოდა. თავისი საბოლოო სააქციო გრანტების აღებამდე დრო გაჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ ოფისში იშვიათად მიდიოდა (ანუ “დაისვენე და მიიღე კუთვნილი” – სილიკონის ხეობის ჟარგონზე რომ ვთქვათ). კუმმა “შეძლო მოცდა” და, საბოლოოდ, კომპანია აპრილში დატოვა, ექტონის განთქმული ტვიტის (#წაშალეfacebook-ი) გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, Facebook-ზე კი პოსტი დაწერა და განაცხადა, ახლა საჰაერო გაგრილების მქონე Porsche-ებზე ვკონცენტრირდებიო. 2018 წლის აგვისტოში, როცა Forbes-მა ექტონთან ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო, წყარომ გვაცნობა, რომ კუმი ხმელთაშუა ზღვაში იახტით დაცურავდა – შორს ყველასა და ყველაფრისაგან. კომენტარისთვის დაკავშირება ვერ შევძელით.
თუ $850 მილიონზე ნათქვამი უარი თვითმოვლენილი სასჯელივითაა, ექტონი კიდევ უფრო შორსაც მიდის. მან ცეცხლი შეუნთო პატარა მიმოწერის აპლიკაციას, Signal-ს, რომელსაც უსაფრთხოების მკვლევარი, მოქსი მარლინსპაიკი თაოსნობს მისიით, მომხმარებლები მოგებებზე წინ დააყენოს. ჰოდა, ექტონი ამ აპლიკაციას $50 მილიონს აძლევს და მას ფონდად გარდაქმნის. დღეს ის იმავე ადამიანებთან ერთად მუშაობს, რომელთაც ღია წყაროზე დაფუძნებული შიფრირების პროტოკოლი შექმნეს – პროტოკოლი, რომელიც Signal-ის ნაწილია, რომელიც WhatsApp-ის 1.5 მილიარდ მომხმარებელს იცავს და რომელიც, ასევე, ალტერნატივად გამოიყენება Facebook-ის Messenger-ში, Microsoft-ის Skype-სა და Google-ის Allo-ში. ექტონი, ფაქტობრივად, ახლიდან ქმნის WhatsApp-ს სუფთა, იდეალიზებული სახით, როგორითაც ის დაიწყო კიდეც. ვგულისხმობთ უფასო მესიჯებსა და ზარებს, სრული შიფრირებით და ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე სარეკლამო პლატფორმების მიმართ.
როგორც ექტონი ამბობს, Signal-ს დაუზუსტებელი “მილიონობით” მომხმარებელი ჰყავს და მიზნად ისახავს, “პირადი კომუნიკაცია ხელმისაწვდომი და ყველგან მყოფი გახადოს”. მართალია, მისი $50 მილიონი აპლიკაციას შორ გზაზე წაიყვანს (ექტონის გამოჩენამდე, Signal-ი მხოლოდ ორ სრულ განაკვეთზე მომუშავე ინჟინრის ქირაობას ახერხებდა), ფონდს სამუდამო ბიზნესმოდელის შემუშავება სურს და ეს, შესაძლოა, Wikipedia-ს მსგავსად, კორპორაციულ სუბსიდიებს ნიშნავდეს ან კი უფრო მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობას, რაც Firefox-მა გააკეთა Google-თან.
ამ სივრცეში სხვებიც გამოჩნდნენ. რედვუდ-სიტიში (კალიფორნია) დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია AnchorFree ქმნის ვირტუალურ პირად ქსელს, რომელიც თქვენს ონლაინაქტივობას მალავს და რომელიც უკვე 650 მილიონჯერ იქნა ჩამოწერილი. კომპანიას $358 მილიონი აქვს მოზიდული და, გავრცელებული ცნობებით, მოგებიანია. კონფიდენციალური საძიებო სისტემა DuckDuckGo წელიწადში $25 მილიონს აკეთებს – რეკლამებს ათავსებს, მაგრამ, Google-ისგან განსხვავებით, თქვენს საძიებო ისტორიას საიდუმლო პროფილის შესაქმნელად არ იყენებს. საგულისხმოა, რომ მრავალ ქვეყანაში რეგულატორები უარყოფითად არიან განწყობილნი, როცა რეკლამადამკვეთების მხრიდან მომხმარებელთა მონაცემების გამოყენებაზე მიდგება საქმე. სოლ კლეინი, ლონდონის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურ-კაპიტალისტი, პროგნოზს აკეთებს, რომ Facebook-ი, რაღაც მომენტში, იძულებული გახდება, რეკლამებისგან თავისუფალი გამოწერის ალტერნატივა შესთავაზოს მომხმარებელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლოს, შესაძლოა ექტონის დოზირებული მოხმარების მოდელმა გაიცინოს.
ექტონი, თავის მხრივ, ცდილობს, წინ იყუროს. Signal-ის გარდა, Facebook-ის მონაგარიდან $1 მილიარდი თავის ფილანთროპიულ ინიციატივებში დააბანდა, რათა დაეხმაროს ჯანდაცვის მდგომარეობას აშშ-ის ღარიბ რეგიონებში და მცირეწლოვანი ბავშვების განვითარებას. ამბობს, ასევე, რომ განზრახული აქვს, თავისი შვილები ნორმალურად გაზარდოს, საჯარო სკოლებითა და იმ Honda-ს მინივენით დაწყებული, (შედარებით) მოკრძალებული სახლით დამთავრებული. თუმცა ამატებს, რომ ამ სახლს ერთი მილი აშორებს ცუკერბერგის უშველებელი სახლისაგან. როგორც ჩანს, უკიდურეს სიმდიდრეს “არც ისეთი თავისუფლება მოაქვს, როგორიც წარმოგიდგენია”.
დატოვე კომენტარი