განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ აფრიკის განვითარების ბანკთან (AfDB) თანამშრომლობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ენერგეტიკული ტრანზიციის ირგვლივ აგებულმა ინტეგრირებულმა პოლიტიკის ჩარჩომ შეიძლება მოიტანოს ახალი მდგრადი ენერგიის ინვესტიციების ტალღა აფრიკაში, რაც კონტინენტის ეკონომიკას 2050 წლისთვის 6.4%-ით გაზრდის.
აფრიკისა და მისი ცალკეული რეგიონების კვლევამ აჩვენა, რომ კონტინენტი მნიშვნელოვნად განვითარდება განახლებადი ენერგიების მიერ მოტანილი სარგებლით. ამასთან განახლებადი ენერგიები გააუმჯობესებს ენერგიის ხელმისაწვდომობას და მთელი კონტინენტის კეთილდღეობას განაპირობებს.
ამჟამად ნახშირი, ბუნებრივი აირი და ნავთობი ერთად შეადგენს აფრიკის მთლიანი გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. თუმცა ინვესტორებს ტრადიციულ ენერგეტიკულ რესურსებში ინვესტიციები ნაკლებად იზიდავთ, შესაბამისად, ენერგეტიკის გარდამავალი დაფინანსება უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. კოორდინირებული ძალისხმევით განახლებად ენერგიაში ინვესტიციები ექსპონენციალურად გაიზრდება – აღნიშნულია კვლევაში.
,,აფრიკის მთავრობები ძირითად პრიორიტეტს წიაღისეულ საწვავს ანიჭებენ, მაშინ როდესაც განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის გადაწყვეტილებები სთავაზობენ ეკონომიკურად მიმზიდველ და სოციალურად სასარგებლო ალტერნატივებს“, – განაცხადა ფრანჩესკო ლა კამერამ, IRENA-ს გენერალურმა დირექტორმა. „ტრანზიცია უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს აფრიკას, დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები. მორგებული პოლიტიკის პაკეტების საშუალებით, აფრიკის ქვეყნებს შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი ძლიერი მხარეები და რესურსები დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრუქტურული დამოკიდებულებების დასაძლევად“.
საინტერესოა, რომ მიუხედავად კონტინენტის განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალისა და საჭიროებისა, მიაწოდოს თანამედროვე ენერგია მილიარდობით მოქალაქეს, 2000-დან 2020 წლამდე გლობალურად განახლებად ენერგიაში ინვესტირებული $2.8 ტრილიონიდან, მხოლოდ 2% წავიდა აფრიკის კონტინენტზე. ამასთან, გასული ათწლეულის განმავლობაში სუბსაჰარულ აფრიკაში ენერგიის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 33%-დან 46%-მდე გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, 570 მილიონ ადამიანს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ელექტროენერგიაზე წვდომა 2019 წელს.
ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებით მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2019 წელს კონტინენტზე ელექტროენერგიის მთლიანი წარმოების 17.4% ჰიდროენერგეტიკაზე მოდიოდა. 2020 წლის ბოლოსთვის თითქმის 34 გიგავატი სიმძლავრით, ჰიდროენერგეტიკა არის განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის.
დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შეფასებით, კონტინენტის გამოუყენებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 1,753 გიგავატია, ჰიდროპოტენციალის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, მადაგასკარში, მოზამბიკსა და ზამბიაში. ეთიოპია ახორციელებს კიდევ ერთ მეგაპროექტს, აშენებს 6-გიგავატიან კაშხალს, Grand Ethiopian Renaissance Dam-ს, რომელიც სიმძლავრის თვალსაზრისით უდიდესი იქნება აფრიკაში. ის ექსპლუატაციაში 2022 წელს უნდა შევიდეს.
ცნობისთვის, აფრიკის განვითარების ბანკის ჯგუფი სამ სუბიექტს მოიცავს: AfDB-ს, აფრიკის განვითარების ფონდს (ADF) და ნიგერიის ნდობის ფონდს (NTF). ბანკი ხელს უწყობს მისი 54 რეგიონული წევრი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ პროგრესს.
IRENA კი სამთავრობათაშორისო სააგენტოა გლობალური ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნების სწრაფვას მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ.
დატოვე კომენტარი