ლეგენდარულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა განახლებული „სუპერქარის“, Lamborghini Countach-ის წარდგენა დააანონსა. კომპანია ლაკონიური განცხადებით შემოიფარგლა: „მომავალი ჩვენი მემკვიდრეობაა. ახალი Lamborghini Countach მალე აქ იქნება. მოემზადეთ…“ განცხადებას თან ერთვის რამდენიმეწამიანი ვიდეო, შემდეგი ტექსტით: „რას ხედავ? ახალ პოსტერს, რომელსაც კედელზე გააკრავ თუ ოცნებას, რომელიც ხელახლა დაიბადა? ახალი Lamborghini Countach მალე აქ იქნება“.
ლეგენდარული მოდელის განახლებული ვერსიის წარდგენამ მსოფლიოს გარშემო ვნებათაღელვა გამოიწვია. ავტორიტეტული გამოცემები იუწყებიან, რომ ისტორიული „სუპერქარის“ ეს მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მას ჰიბრიდული ძრავი ექნება. ამ ფაქტს ადასტურებს „ინსტაგრამზე“ გავრცელებული სურათებიც, რომელთა თანახმად, მანქანის მოდელის სრული სახელწოდება Countach LPI 800-4 იქნება, რაც, სავარაუდოდ, 789 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ჰიბრიდული ძრავის მანიშნებელია.
2021 წელი Lamborghini-ს ამ მოდელისთვის ისტორიული თარიღია – Countach-ი პირველად ორმოცდაათი წლის წინ, 1971 წლის ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდა. ამ მოდელზე იტალიურმა მოდის სახლმა Bertone-მ იმუშავა, რომელმაც ე.წ. „იტალიური სოლი“ შექმნა. Lamborghini-ს ამ მოდელის გაყიდვები 1990 წელს შეწყდა. ავტორიტეტული ავტოგამოცემის, Car and Driver-ის ინფორმაციით, განახლებული Lamborghini Countach-ის საწყისი გასაყიდი ფასი, სულ მცირე ერთი მილიონი დოლარი იქნება.
დატოვე კომენტარი