საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილ STEM-ის ონლაინ სკოლაში სწავლის მსურველი 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა.
ახალგაზრდებში მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღრმავებისთვის, STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისთვის შექმნილი STEM სკოლა თავდაპირველად 150 მოსწავლის მიღებას გეგმავდა.
პროექტის მიმართ გამოვლენილი მაღალი ინტერესისა და შესარჩევ ეტაპზე მაღალი ქულების მქონე მოსწავლეების დიდი რაოდენობის გამო, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, ადგილების რაოდენობა გაიზარდა. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, უკვე 211 მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, კომაროვის სკოლის პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად დაეუფლონ თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს.
საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და მათი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ STEM-ის ონლაინ სკოლის მიმართ დიდი ინტერესი დაფიქსირდა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებში.
საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, რეგიონში მცხოვრებ 63 ახალგაზრდას, რომლებმაც მისაღებ გამოცდაზე უმაღლესი ქულები დააგროვეს, სწავლა სრულად დაუფინანსდებათ.
„საქართველოს ბანკში კარგად გვესმის, რომ ქვეყნის უკეთეს მომავალს განათლება განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოს მასშტაბით მცხოვრები მოსწავლეებისთვის შეგვექმნა განვითარების შესაძლებლობა – მიგვეცა წვდომა STEM-ის მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე, დაგვეინტერესებინა ისინი მომავლის პროფესიებით და გაგვეჩინა მათში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის სურვილი. საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მიმართ გამოვლენილმა ინტერესმა დაგვანახა, რომ ჩვენი ინიციატივა საკმაოდ სწორი და დროული იყო. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტი განვითარებისა და განათლების შესაძლებლობა შევთავაზოთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ და გამორჩეულ ახალგაზრდებს“, – აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი. S
STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
დატოვე კომენტარი