2024 წლის იანვარში დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე აქტიურად განიხილებოდა მომავლის პროფესიებისა და დასაქმების თემა. ფორუმის 2023 წლის ანგარიშის, Future of Jobs Report-ის თანახმად, ახალი ტექნოლოგიებისა და ეკონომიკების მწვანე სტანდარტებზე გადასვლით მსოფლიოში 69 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; ამავდროულად დღეს არსებული 83 მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დგას ეკონომიკური სირთულეებისა და ავტომატიზაციის გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, ერთი მხრივ, არსებული სამუშაო ძალის გადამზადება და, მეორე მხრივ, განათლების სექტორის – პროფესიულისა და უმაღლესის – ადაპტირება მოსალოდნელ საჭიროებებთან. რა უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომ თავიანთ სფეროში შრომის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანი, დააკმაყოფილონ დამქირავებლებისათვის სასურველი სტანდარტები და მოთხოვნები და ხელი შეუწყონ ინოვაციას? სტანდარტული სია არ არსებობს, მაგრამ ასეთ ცოდნას შორისაა ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა და მონაცემთა ანალიზი, მწვანე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებული ცოდნა სხვადასხვა დარგში. ამგვარ უნარებს შორის კი – კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარები, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულობა და სხვა.
დღეს, როდესაც ლიდერები და ექსპერტები გლობალურ დონეზე მომავლის საჭიროებებზე მსჯელობენ, ჩვენ საქართველოს რეალობაზე საუბარს დავუბრუნდეთ. კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი მაღალკვალიფიციური კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოში დღეს უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის შეუსაბამობის ფენომენთან გვაქვს საქმე და პრობლემა საკმაოდ მძაფრია. კომპანიები და მეწარმეები მათი საქმიანობისთვის საჭირო უნარების დაბალ დონეს (skills gap), კვალიფიციური კადრების ნაკლებობას (skills shortage), ცოდნისა და უნარების „მოძველებულობას“ (skills obsolescence) ასახელებენ მათი უფრო სწრაფი და ეფექტიანი განვითარების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად. ამას, რა თქმა უნდა, განათლების სექტორთან მივყავართ. თუ ქვეყნის უმაღლესი და პროფესიული განათლების სექტორი ვერ ამზადებს იმგვარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე პროფესიულ კადრებს, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, იქმნება შრომითი ბაზრის მოთხოვნასა და განათლების სექტორის მიწოდებას შორის შეუსაბამობა. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ კონკრეტულ დარგებსა თუ ზოგადად ეკონომიკაში ინოვაციების დანერგვა ნელი ტემპით ხდება. მეცნიერებაც ჩამორჩება მსოფლიო მიღწევებს და ქვეყნის შიგნით ვერ ახდენს იმ საჭირო ცოდნის, ანალიზისა და აღმოჩენების გენერირებას, რაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება.
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია, სადაც ეკონომიკა – ძლიერი, მოსახლეობის კეთილდღეობის დონე კი მაღალია. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა, ხალხის კეთილდღეობა და განათლება მჭიდრო ურთიერთკავშირშია. უნივერსიტეტები ამ ქვეყნებში უმნიშვნელოვანეს მისიას ასრულებენ: ამზადებენ სწორედ ისეთ პროფესიულ კადრებს, როგორიც შრომის ბაზარსა და მეცნიერებას სჭირდება და აკმაყოფილებს. სწორედ ის უნივერსიტეტები არიან მაღალრეიტინგული, რომლებიც ყველაზე კონკურენტუნარიან კადრებს ამზადებენ შრომის ბაზრისთვის და ასევე, ყველაზე ცნობილ მეცნიერებს აყალიბებენ, რომელთა სახელი შემდგომ ახალ მიღწევებთან და ინოვაციებთან ასოცირდება კონკრეტულ დარგებში თუ ზოგადსაკაცობრიო დონეზე. ისტორია გვთავაზობს მარტივ ფორმულას, რომ უმაღლესი განათლების სექტორის და მისი ინსტიტუციების სიძლიერე ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და ხალხის კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია.
ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში განათლების სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და გადაუდებელია იმის სრული გააზრება, რომ საქართველო ადამიანური კაპიტალის ფორმირებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპას და რეგიონის სხვა ქვეყნებს. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში დაბადებული ადამიანების სიცოცხლის განმავლობაში საშუალო პროდუქტიულობა მხოლოდ 57% არის იმისა, რაც მათ შეიძლებოდა ჰქონოდათ მაღალგანვითარებული განათლებისა და ჯანდაცვის სექტორისაგან სრული სარგებლის მიღების შემთხვევაში. საერთაშორისო სტანდარტიზებული ტესტების შედეგების მიხედვით, საქართველოს 12-წლიანი სკოლის დამთავრება საშუალოდ საერთაშორისო განათლების მხოლოდ 8.3 წელს უტოლდება და, სამწუხაროდ, ევროპის სამეზობლოს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. გამოდის, რომ ადამიანური კაპიტალი სასკოლო წლებში ვერ აღწევს პოტენციალის მაქსიმუმს. საშუალო განათლების შემდეგ კი ვერც პროფესიული და ვერც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სთავაზობენ მათ იმ ხარისხის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს კერძო სექტორის საჭიროებებს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, გლობალური კონკურენტულობის 2019 წლის ინდექსში საქართველო 141 ქვეყნიდან 125-ე აღმოჩნდა სამუშაო ძალის უნარების შეფასებით და 120-ე – საჭირო უნარების მქონე კადრების მოძიების სიმარტივით. ანუ, ერთ მხარეს გვყავს უამრავი ადამიანი, რომლებიც უმუშევრები არიან, კიდევ უფრო მეტი ადამიანი კი დაბალანაზღაურებად სამსახურებშია დასაქმებული სხვა პროფესიით, ვიდრე მათი დიპლომირებული განათლებაა; მეორე მხარეს გვყავს დამსაქმებლები, რომლებიც ვერ ქირაობენ მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მქონე პერსონალს.
ასევე მსოფლიო ბანკის თანახმად, უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ევროპის, ისე ცენტრალური აზიის რეგიონის ბევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. უმაღლესი განათლების სექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, რომ მსოფლიო სტანდარტთან მოვიდეს შესაბამისობაში და შრომის ბაზარს საჭირო ცოდნითა და შემეცნებითი, ანალიტიკური და ციფრული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრები მიაწოდოს. არასაკმარისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანები არ არიან კონკურენტუნარიანნი, ვერ შოულობენ სამსახურს, ან შოულობენ მეტად დაბალანაზღაურებად სამუშაოს, შესაბამისად, ვერ ახერხებენ დაბალპროდუქტიული სექტორებიდან მაღალპროდუქტიულ სექტორში გადანაცვლებას, რის გამოც არ იზრდება მათი და მათი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობა. ამით ზიანდება კერძო სექტორიც, რადგან ვერ პოულობს საქმიანობის განსახორციელებლად, გასაუმჯობესებლად ან გასაფართოებლად საჭირო კადრებს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს მის პერსპექტივაზე, მეტად განვითარდეს, დანერგოს ინოვაციები, შექმნას სამუშაო ადგილები და მეტი წვლილი შეიტანოს ეკონომიკაში. ასე იქმნება ჩაკეტილი წრე, რომელსაც ვერც დამსაქმებელი აღწევს თავს, ვერც – დასაქმებული.
პროფესიული განათლების სექტორის განვითარებისათვის ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში ბოლო ათწლეულში, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგები ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან სკოლადამთავრებულთა მხოლოდ 6% ირჩევს პროფესიულ განათლებას. შედეგად ვიღებთ იმას, რომ მეტად საჭირო ხელობისა თუ პროფესიის ადამიანთა ნაკლებობაა ბაზარზე, მაშინ როცა უმაღლესი განათლების დიპლომირებულთა შემთხვევაში მიწოდება მოთხოვნაზე მაღალია (ჩვენში გავრცელებული ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლების სარკასტული ამბავიც ხომ ამის მაგალითია).
ეკონომიკის წინსვლაზე მიანიშნებს არა მარტო სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდა და მოსახლეობის დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, არამედ ბაზარზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაც. მაგრამ, თუ განათლების სექტორმა ვერ მიაწოდა შრომის ბაზარს საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრები ან ვერ მოახერხა არსებული კადრების გადამზადება, ვერ განვითარდება წარმოება და ბიზნესი, ვერ შეიქმნება ასე საჭირო და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. მსოფლიო ბანკის 2023 წლის განახლებული საქართველოს დიაგნოსტიკური ანგარიშის (Georgia: Systematic Country Diagnostic Update, 2023) მიერ გამოკვეთილ ათ პრიორიტეტს შორის საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის ზრდისათვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება და საჭირო უნარებით აღჭურვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელდა.
მოკლედ თუ შევაჯამებთ, განათლებასა და ბაზრის მოთხოვნას შორის შეუსაბამობის გამოსასწორებლად სამ ძირითად პრიორიტეტს გამოვყოფდი:
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი, რომ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს უკეთესი ცოდნა და უნარები ჰქონდეთ – ისეთი, როგორიც შრომის ბაზარზეა საჭირო. ჩვენი უნივერსიტეტების, პროფესიული განათლების კოლეჯებისა და ცალკეული აკადემიური პროგრამების ხარისხი უნდა დავუახლოოთ ევროპის საშუალო ხარისხს. ეს ფუნდამენტური ამოცანაა რეფორმების საჭიროებით, მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია.
მეორე – უნდა მოხდეს იმ კულტურული ფენომენის ცვლილება და საზოგადოების ინფორმირება იმგვარად, რომ ნაკლებმა ახალგაზრდამ ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, მეტმა კი – პროფესიულ სასწავლებლებში.
მესამე – იმისთვის, რომ განათლების სექტორმა მომავლის საჭიროებებს აუწყოს ფეხი და კიდევ უფრო არ გაიზარდოს უნარების არსებული შეუსაბამობა, წინასწარ უნდა განისაღვროს მომავალი მოთხოვნა კონკრეტულ პროფესიებსა და უნარებზე. იცვლება ბაზარი, სამუშაო ადგილის კონცეფცია, სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, გლობალიზაცია ჩვეულებრივი მოცემულობაა და ამ ყველაფერს მოაქვს ახალი პროფესიების, ცოდნისა და უნარების საჭიროება. ქვეყნები და კომპანიები ცდილობენ, დღეს განსაზღვრონ, თუ რა ტიპის ცოდნა, პროფესიები და უნარები იქნება საჭირო, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მომავალში.
დატოვე კომენტარი