როდესაც ბილ და მელინდა გეიტსები განქორწინების შესახებ ალაპარაკდნენ, ყურადღება უმეტესწილად მათ საბანკო ანგარიშებზე კონცენტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრისთვის საინტერესო აღმოჩნდა, როგორ გადაწყვეტს წყვილი უზარმაზარი ქონების გაყოფას.
ცნობისთვის, Forbes-ის ინფორმაციით, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი $124-მილიარდიანი ქონებით მეოთხეა უმდიდრეს ადამიანთა ჩამონათვალში, რაც სავარაუდოს ხდის, რომ ჯეფ ბეზოსის მსგავსად მისი განქორწინებაც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გახდება.
გეიტსები ერთად 27 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ფლობენ $60 მილიონად შეფასებულ 20-ოთახიან სახლს მედინაში, ვაშინგტონში. უცნობია, როგორ გადაინაწილებენ სიმდიდრეს, მაგრამ მედიაში უკვე ვრცელდება ხმები, რომ მელინდა გეიტსი შესაძლოა უმდიდრეს ქალთა სიას შეუერთდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ იგი განქორწინების დაანონსებიდან ერთ დღეში მილიარდერი გახდა – 3 მაისს ბილმა Cascade Investment-ის $1.8 მილიარდის ეკვივალენტის ფასიანი ქაღალდები მელინდას გადასცა.
რაც შეეხება Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, იგი მაკენზი სკოტს 2019 წელს დაშორდა, რაც ამ დრომდე ყველაზე ძვირად ღირებულ განქორწინებადაა შეფასებული. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ყოფილი ცოლი, 50 წლის სკოტი ამჟამად $53 მილიარდს ფლობს, რითაც მესამეა ყველაზე მდიდარი ქალების ჩამონათვალში.
მილიარდერთა სიის მეორე წარმომადგენელი, ილონ მასკი პირველ ცოლს, ჯასტინს უილსონს 2008 წელს დაშორდა. წყვილს ხუთი შვილი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, მასკი ყოველთვიურად $20 000-ს უგზავნის ჯასტინს.
ძვირადღირებულად ფასდება ილონ მასკისა და მსახიობ ტალულა რაილის განქორწინებაც. ისინი ჯერ 2012 წელს დასცილდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც რაილი $4.2 მილიონის მფლობელი გახდა. მოგვიანებით ისინი კვლავ დაქორწინდნენ, თუმცა 2015 წელს საბოლოოდ გაწყვიტეს ურთიერთობა, რა დროსაც რაილიმ $16 მილიონი მიიღო.
დატოვე კომენტარი